ნამდვილად ღიმილისმომგვრელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე საუბარი. მათ არ გააჩნიათ საღი და რაციონალური აზრი - ჩვენ მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, 9 ოპოზიციური პარტიის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
ფარულავას შეფასებით, ალიანსში გაერთიანებული პარტიები 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის შემოქმედი არიან.
„იქ [ოპოზიციურ ალიანსთან] იქნება ხალხი? ნამდვილად ღიმილისმომგვრელია ამ პარტიების გაერთიანებაზე საუბარი. ეს პარტიები არაერთხელ გაერთიანდნენ, დაიშალნენ. დღეს ისევ ერთიანდებიან. რატომ არ ვართ ჩვენ ამ კონკრეტულ პარტიებთან? ამის მარტივი მაგალითია, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ნამდვილად არ ვაპირებდით ამ პარტიებთან გაერთიანებას. არაფერი საერთო არც მანამდე გვქონდა, არც დღეს გვაქვს და არც მომავალში გვექნება. ეს პარტიები 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის შემოქმედები არიან, იმ პროვოკაციული რევოლუციური სცენარის. ეს პარტიები არიან შემოქმედები იმ ბოიკოტის რეჟიმის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე გამოაცხადეს. ამით დააზიანეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რითაც კიდევ ერთხელ, გააძლიერეს „ქართული ოცნების“ ვერტიკალი მუნიციპალურ დონეზე. დღეს, „ოცნება“ გაცილებით უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი მუნიციპალურ დონეზე და მათ შორის, სრულად საქართველოში, ვიდრე 2024 საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იყო.
სწორედ ამ კონკრეტული პარტიების პასუხისმგებლობაა ის პოლიტიკური პროცესები, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციების შემდგომ მოხდა. პირველი - ბოიკოტის სახით, შემდგომ რევოლუციური სცენარები. საბოლოოდ, დააზიანეს მშვიდობიანი პროტესტი. დღეს, მშვიდობიანი პროტესტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ამაზე არიან ეს პარტიები პასუხისმგებლები.
დღეს, როდესაც რაციონალურ აზრზე, საღ აზრზე საუბრობენ, ეს საღი აზრი და რაციონალური აზრი მაშინ სად ჰქონდათ? მაშინ რატომ არ ფიქრობდნენ რაციონალურად, როდესაც თავიანთი ქმედებებით აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის ინტერესებს? ეს არის მოცემულობა. შესაბამისად, ამ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი, პარტიული ინტერესებით მოქმედებენ, ნამდვილად არ გააჩნიათ საღი და რაციონალური აზრი. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არანაირი საერთო. ნამდვილად არ გვწყდება გული. არც ვგეგმავდით, არც ვფიქრობდით მათთან გაერთიანებაზე. დანარჩენი, თავიანთი დღის წესრიგი თვითონ იციან, შეუძლიათ გაერთიანდნენ. თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას თვითონ მიხედონ.
ჩვენს პარტიას არც „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი აქვს და არც არანაირი კომპლექსი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ ვაკრიტიკებთ, ობიექტურ რეალობას ვამბობთ. დღეს, საქართველო რა მდგომარეობაშიც არის, ამომრჩეველი პოლარიზებული რომაა და არჩევანის გაკეთების ნაკლებობა რომ აქვს, რა პოლიტიკურ ველზეც ვიმყოფებით, ეს არის როგორც „ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება. ეს ორი პარტია ერთმანეთს ასაზრდოებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით. რეალურად, რაც გვჭირს პოლიტიკურ ველზე, არის როგორც „ოცნების, ასევე „ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ესენი ერთი და იმავე იდეოლოგიით არიან. ჩვენ ჩვენი წარსულით ვამაყობთ, მაშინ საკუთარ ქვეყანას ვემსახურებოდით“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.
გარდა ამისა, დეპუტატმა შეაფასა „გრანტების შესახებ კანონში“ გუშინ განხორციელებულ ცვლილებები და აღნიშნა, რომ ეს არის „მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც „ოცნებას“ ბოლო წლებში ახასიათებს“.
„რაც შეეხება „გრანტების შესახებ კანონს“, როდესაც ეს თავიდან დაინიცირდა, ჩვენთვის პრინციპების დონეზე მიუღებელი იყო, ვინაიდან ეს კონკრეტული ცვლილებები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას. განხორციელებული ცვლილება არ მიემართება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან პოლიტურად აქტიურებს. ახლა ეს უკვე მიემართება რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად, არასამთავრობო აქტივობით დაკავებულები და ასევე მათკენ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, საკუთარი ოჯახის წევრისგან შეიძლება იღებდეს კონკრეტულ ფინანსებს. დღევანდელ რეალობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ემიგრანტი, ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. ნაწილს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და იქიდან ეხმარება ოჯახის წევრებს. ეს კონკრეტული თანხები თუ ჩვენმა რიგითმა მოქალაქემ საკუთარი შეხედულებით პოლიტიკური ან საზოგადოებრივი აქტივობისთვის გამოიყენა და ეს „ოცნების“ ინტერესში არ იქნება, საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებით, მთავრობას, „ოცნების“ ხელისუფლებას, შეუძლია მას არ დართოს ნება კონკრეტული აქტივობისთვის, ან ამის შემდეგ, თუ არ დაეთანხმება, პასუხისგებაში მისცეს.
ვისაც 2011-12 წლების ბოლო პერიოდი ახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად რეპრესიულ გზებს მიმართავდა. „ოცნებამ“ არა მხოლოდ ეს კონკრეტული, ზოგადად ბევრი რამ გადაიბარა „ნაცებისგან“. დღეს უკვე ამ რეპრესიული კანონმდებლობით, ისინი ცდილობენ თავიანთი შიშების გამყარებას, რომ არ დაკარგონ ძალაუფლება. ამ ცვლილებების ერთადერთი მიზეზი არის შიში და ასევე, ლეგიტიმაციის კომპლექსი, რომელიც დღეს „ოცნებას“ აწუხებს“,- განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ფარულავამ შეაფასა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ფასების შემცირების პროცესს „ქართული ოცნების“ მიდგომა უშლის ხელს“.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ნამდვილად არ გვაქვს დადებითი მოლოდინი, რომ ეს პროცესები ჩვენს მოქალაქეებზე დადებითად აისახება. ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ამ პროცესს ხელს „ოცნების“ მიდგომა უშლის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მათი მთავარი მიზანი არის კულისებს მიღმა წილების გადანაწილება ბიზნესებს შორის და არა ის რეალური პრობლემები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტებისა და სხვადასხვა მომსახურების მიღების სიძვირიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ფარულავამ.