არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 7 მარტს, საპროტესტო მარშს - „ძალა ერთობაშია“, გამართავს

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 7 მარტს, 19:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტამდე მარშს მოაწყობენ, სახელწოდებით - „ძალა ერთობაშია“. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პარლამენტის წინ განაცხადეს.

როგორც ისინი განმარტავენ, შაბათს დაგეგმილი მარში „ეძღვნება ერთიანობის იდეას და ასევე, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, რათა ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“.

„საქართველოში უკვე წელიწად ნახევარია გრძელდება უწყვეტი სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის ღირსეული ცხოვრება და დაცულობა.

დღეს, ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობითი მოდელის მქონე, მცირე ჯგუფის მიერ იმართება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ქართველი ხალხის დაყოფისა და ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის გამოყენებით ახერხებს.

ქართველი ხალხის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ივანიშვილის მიერ ინიცირებული შუა გაკრეფის გზა და ხალხის ხელოვნურად ერთმანეთთან დაპირისპირება დასასრულებელია. ქართველებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენი ხალხი ცხოვრობს საერთო პრობლემებითა და საერთო მომავლის რწმენით.

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია ერთიანი სტრატეგით არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის გაძლიერება, სწორედ უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მივესალმებით პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ალიანსის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოიცვას სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფებიც. დადგა დრო, ყველამ ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებაზე - გავაძლიეროთ ყველაფერი, რაზეც ვთანხმდებით, და შევასუსტოთ ის, რაც გვყოფს. ეს ჩვენს ხელშია. მხოლოდ საერთო თანხმობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას და საქართველოს დაბრუნებას ევროპული კეთილდღეობის გზაზე.

ამიტომ, ამ შაბათის მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, რათა ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ფართო საზოგადოებას აკისრია.

გაზაფხული ყოველთვის ნიშნავს განახლებას, სიცოცხლეს და ახალი ეტაპის დაწყებას. სიმბოლურია, რომ გაზაფხულის დაწყებასთან ერთად გადაიდგა პირველი არსებითი ნაბიჯები ამ ერთიანობის საჩვენებლად, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი.

ამიტომ, შაბათის მარშის სახელი, ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური დევიზი - „ძალა ერთობაშია“ - იქნება. გელოდებით შაბათს ფილარმონიასთან, 19:00 საათზე, ერთად რეჟიმის წინააღმდეგ! ძალა ერთობაშია!“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება