ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძის დაცვის წევრის, დავით ჩუბინიძის ჩვენებით, მას ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დავით მიქაძესთან ერთად სუფრაზე არაერთხელ უნახავს.
ჩუბინიძე, რომელიც თავადაც ბრალდებულია დავით მიქაძესთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებასა და გასაღებაში, აცხადებს, რომ მას სუფრასთან, დავით მიქაძესთან და სხვა პირებთან ერთად, მთავრობის მოქმედი წევრებიც უნახავს.
პროკურორისა და მოსამართლის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ მთავრობის წევრები, მოწმემ უპასუხა, რომ „დაცვებით მოდიოდნენ, სახელები და გვარები არ იცის“.
„ეტყობა მეგონა თანამდებობის პირები“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
პროკურორის კითხვაზე, რომელი პასუხი მიეღო, რომ მთავრობის მოქმედი წევრებიც უნახავს იქ, თუ ეგონა, რომ თანამდებობის წევრები იყვნენ, მოწმემ უპასუხა, რომ „არ იყვნენ თანამდებობის პირები და ალბათ, რაღაც აერია“.
მიუხედავად იმისა, რომ დავით ჩუბინიძეს საგამოძიებო უწყება დავით მიქაძის დაცვის წევრს უწოდებს, ამას თავად ჩუბინიძე უარყოფს და აცხადებს, რომ ის მიქაძესთან ოფიციალურად დასაქმებული არ იყო და „ისე, დახმარების მიზნით“, მას მიქაძე ხან 1000, ხან 2000-3000-4000 ლარს ურიცხავდა.
ჩუბინიძის თქმითვე, ის დავით მიქაძის დაცვის წევრებს ინსტრუქტაჟს უტარებდა.
„დავითს უნდოდა დამხმარებოდა და მეც ვცდილობდი ჩემი მხრივ, ჩემი ცოდნა გამეზიარებინა... სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ვმუშაობდი, 1994 წლიდან 1997-მდე, მერე 2008-დან 2012-წლამდე, მერე კერძო დაცვის სამსახურში ვმუშაობდი.
დავით მიქაძეს 2014 წლიდან ვიცნობ და ვმეგობრობ.
ფინანსურად მიჭირდა და მეხმარებოდა, ნდობით აღჭურვილი ვიყავი თუ არა, მან უნდა თქვას, მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს დღემდე. სამკურნალოდ წასვლას აპირებდა და მაშინ ვნახე, ალბათ, ერთი წლის წინ.
დასაქმებული მასთან არ ვიყავი, ჩემი ნება-სურვილით მივდიოდი, ვნახულობდი, ფინანსურად, მორალურად მეხმარებოდა.
მიქაძეს ორი მაქანა ჰყავდა, ერთი ჯიპი იყო „პრადო“, მეორე „ტრისტა“.
გიორგი ჯოხაძე დავით მიქაძესთან ერთად მინახავს",- განაცხადა ჩუბიძინემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა ის მსჯავრდებულ გელა უძილაურს, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა.
„ვიცი ვინც იყო, მეც სპეცრაზმელი ვიყავი და ეგეც. ჯოხაძესთან ერთად მყავს ნანახი, დაცვა იყო მისი, რამდენიმე წლის წინ. ჯოხაძე მინახავს „საშხაპეში“, საუზმობის დროს დავით მიქაძესთან ერთად",- განაცხადა ჩუბინიძემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა ის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ის დავით მიქაძესთან ერთად სუფრაზე არაერთხელ უნახავს.
„ოთარ ფარცხალაძეს მთელი საქართველო იცნობს. მინახავს ის, დაბადების დღეზე, სუფრაზე, რამდენიმეჯერ იყო ეს შემთხვევა. გიორგი მიქაძე ბევრჯერ რომ მენახა, დამამახსოვრდებოდა",- განაცხადა ჩუბინიძემ.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის კითხვაზე, თუკი, ის დავით მიქაძის დაცვის წევრი არ ყოფილა, რა უნდოდა სუფრასთან, იქაც ინსტრუქტაჟს უტარებდა თუ არა, მოწმე ასე უპასუხა: „წავედი, ცოტა ხანი გავჩერდი, წამოვედი“.
ცნობისთვის, დავით ჩუბინიძეს გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით წარედგინა.
მას ედავებიან, რომ დავით მიქაძესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლა ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.