გია ვოლსკი - ყველაფერს, რაც უკავშირდება აშშ-ში ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი მოაქვს, უნდა შევხედოთ როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს

ყველაფერს, რაც უკავშირდება თუნდაც ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი მოაქვს, უნდა შევხედოთ როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბროსას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ამ პროცესის სჯერა და ხედავს მის მნიშვნელობას, რაც მათში „ისტერიკას იწვევს“.

„ოპოზიციამ იცის, რომ ეს საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი, მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში და საკანონმდებლო ორგანოში, არათუ ნიშნავს რამეს, არამედ არის სწორედ ის ქმედება, რომელიც ურთიერთობების განვითარებისათვის ქმნის წინაპირობას. [ოპოზიციას] ეს სჯერა, ამას ხედავენ და ეს იწვევს ისტერიკას.

შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია ის, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, ახალგაზრდა იქნება თუ ხნიერი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერანაირად ვერ უნდა ამოისუნთქოს და ვერ უნდა გაიხაროს მისმა ხალხმა იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიენეს და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები გააჩნიათ. ის პრობლემები რეალურია, მე ცოტა ირონიით ვამბობ, შეიძლება, და რაღაც სარკაზმით ვიხსენიებ, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ: ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ - იმათ თავისი ინტერესი აქვთ. იმათ აქვთ ინტერესი, რომ როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, დივერსიფიცირებული იქნეს. ჩვენი ინტერესია, რომ ეს არ დავუშვათ და ამ ინტერესების ჯახი იწვევს ამ ისტერიკას, ვინაიდან ამ ინტერესების დაპირისპირებაში იმარჯვებს საღი პოლიტიკური ძალა.

ყველაფერს, რაც უკავშირდება თუნდაც ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი მოაქვს, უნდა შევხედოთ როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის ნარატივი, თითქოს საქართველოში „რუსული პოლიტიკა ბობოქრობს“, მხოლოდ ტყუილია და საზოგადოებისთვის აღარ არის საკმარისი.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს ეროვნული იდეა, რომელიც ქვეყნის „სამშვიდობოზე გასაყვანად“ იქნება ორიენტირებული.

„თქვეს, რომ ძირს გამოუთხრიან ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება ჩამოიშლება იმ ორმოში, რომელსაც ჩერგოლეიშვილი ამოთხრის. ამ მთხრელ-თხუნელების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების ჩამოშლა გარკვეულ ლოზუნგად გადაიქცა, რომლითაც უნდათ რომ ადამიანები ქუჩაში გამოიყვანონ. ამის უკან რაიმე პროექტი, იდეა, რას აპირებენ თუკი ხელისუფლებაში მოვლენ, რას ფიქრობენ საერთაშორისო ურთიერთობებზე [არ აქვთ].. ის ტყუილები, რომ თითქოს და აქ რუსული პოლიტიკა ბობოქრობს და ბოგინებს, აღარ არის საკმარისი. რა უნდათ? რას ფიქრობენ? რა აზრი აქვთ? იქნებ გამოეყენებინათ ის რესურსი, რომელიც პარლამენტში გააჩნდათ? რადგან არ გამოიყენეს და რევოლუციურ გზას დაადგნენ, ვფიქრობ, რომ დამნაშავეები არიან ქვეყნის წინაშე - არა „ქართული ოცნების“ წინაშე, თავისი მხარდამჭერების წინაშეც დამნაშავეები არიან. იდეა არა აქვთ, რომელიც იქნება ეროვნული და რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად იქნება ორიენტირებული. აი ეს არის სერიოზული პრობლემა, თორემ ვინ გაერთიანდება სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მაგას ამჯერად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან მათი სახელი „ნაცმოძრაობაა“. „ლელო“ და გახარია ცდილობენ გვერდზე დადგნენ, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსები, არსებობს ერთად ყოფნის, ერთი საქმის კეთების არაერთი მაგალითი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება