პროცესზე წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები დასტურდება ქონებით, ხელფასით, სესხითა და უძრავი ქონების რეალიზაციით.
„სასამართლო პროცესზე მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძესთან მძღოლის პოზიციაზე გადავიდა, თავდაცვის სამინისტროს მძღოლები პარალელურად დაცვის ფუნქციებსაც ითავსებდნენ და მას შესაბამისი წოდება და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, შესაბამისად გაფორმებული იყო იმ სამსახურში - სამხედრო პოლიციაში, რომელიც ახორციელებდა თავდაცვის მინისტრის დაცვას. ასევე, მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე წავიდა თანამდებობიდან ის აგრძელებდა მუშაობას, უბრალოდ მინისტრის მძღოლი აღარ იყო, სხვა ფუნქციებს ასრულებდა.
რაც შეეხება ხარჯებს, ყველა ხარჯი ასახული არის დეკლარაციაში. 10 წლის პერიოდზეა საუბარი, სადაც ძალიან ბევრი გადარიცხვა არის, თუმცა ესენი მნიშვნელოვანი ხარჯები არ იყო.
ჩვენ, პროცესზე წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს, რასაც ბრალდების მხარე გვედავება. ეს დოკუმენტი კი ეყრდნობა იმ მასალებს, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოში და ამის გამოკვლევის შემდეგ დადასტურდება, რომ მისი შემოსავლები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მის მიერ გაწეული ხარჯები. ეს კი დასტურდება ქონებით, ხელფასით, სესხითა და უძრავი ქონების რეალიზაციით",- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.