ილჰამ ალიევი - ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ - მკაცრად ვგმობთ ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი

აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება“, - აღნიშნა ალიევმა.

„დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, - აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების ინტერესი არ აქვს.

„ჩვენ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების არც ინტერესი გვაქვს და არც ჩვენი პოლიტიკა იძლევა ამის საშუალებას“, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ.

„ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს“, - განაცხადა ალიევმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება