დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი დონდოლაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.
გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა.
აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.