ლევან სამუშია - ხელისუფლებამ სამართლებრივი მარაზმის თაიგული შემოგვთავაზა

კანონს სამართლებრივს ვერ დავარქმევ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დევნა, რადგან მათ არ შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობა, რიგ შემთხვევაში ზოგიერთს პოლიტიკური პარტიის წევრობასაც უკრძალავენ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარლამენტის მიერ გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაზე განაცხადა.

სამუშიას შეფასებით, “ქართულ ოცნებას” დისკომფორტი რომ არ ჰქონდეს, ამ კანონის მიღება არ დასჭირდებოდა.

“ამ სამართლებრივი მარაზმის თაიგული რომ შევაფასოთ, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, როგორ გგონიათ, მათი კარგი ცხოვრებიდან გამომდინარეა? აქ ძალიან ბევრი კომპონენტია. სადაც ჩახედავ, ყველგან არის ანტიდემოკრატიული ქმედებები.

ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს სანქციებს უწესებს, მაგალითად, ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანას რომ ვეღარ ჩამოიყვან. ანუ ყველა კუთხით საქართველოს მოქალაქეებზე მიმდინარეობს ზეწოლა და რეპრესიები. გლეხს ეუბნებიან, საწარმოო მიზნით ვერ გააშენებ ვენახსო, თუ კონკრეტული სამსახურიდან ნებართვა არ გქონდაო. რა არის ეს, თუ არა რეპრესიები და ზეწოლა საქართველოს მოქალაქეებზე.

განათლების რეფორმა ავიღოთ. განათლების რეფორმა კი არა განათლების ფეხქვეშ გათელვაა. უკვე დასაცინი გავხდით - თურმე კოსმოსის არქეოლოგია უნდა შეასწავლონ ხალხს და უცხოპლანეტელებთან სამეტყველო ენა, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი, ხომ ხედავთ? ამ დროს საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, გადიან, რომ სარჩო-საბადებელი ნახონ, რადგან შემოსავლის წყარო არ აქვთ.

ფასების გაიაფებასაც უნდა შევეხო - საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვკითხო, რა გაიაფდა და გაუძვირდათ თუ არა ცხოვრება. მაგალითისთვის სახელმწიფო სერვისები ავიღოთ - რატომ გააძვირეს მომსახურება პასპორტის აღებაზე? როგორც ვიცით, 50%-ით არის გაძვირებული… პირადობის მოწმობის აღება გაძვირდა, ქორწინების რეგისტრაცია გაძვირდა. საერთოდ, თანხა არ უნდა იყოს ამაზე გადასახდელი, როცა ვიცით, თუ როგორი სიტუაციაა შობადობასა და სიკვდილიანობის თანაფარდობა როგორია. ბიზნესის რეგისტრაცია გაძვირდა… აქ რასთან დაკავშირებით მოხდა ამათი გაძვირება, აქაც დისტრიბუციაა საჭირო და რამის შემოტანა გვჭირდება?”, - აღნიშნა სამუშიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიების მიერ შექმნილ ალიანსზეც ისაუბრა, მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელო” მუშაობას დამოუკიდებლად აგრძელებს.

“ლელო” არის დამოუკიდებელი, ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც დამოუკიდებლად ძლიერდება. ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება, რომელიც შეიქმნა, ეს ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს, გარკვეულწილად, ორგანულიც არის მათი მსოფლმხედველობრივი წარმომავლობიდან გამომდინარე და წარმატებებს ვუსურვებ, ხოლო კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას საქართველოს მოქალაქეებთან. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბრძოლა ამ ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. მთავარი არის, რომ ამომრჩეველს არჩევანის უფლება და მრავალფეროვნება არ წავართვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მიგვაჩნია სწორად.

პოლიტსაბჭოზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა და არც კი ყოფილა განსხვავებული აზრი ამაზე”, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება