ვახტანგ კაპანაძე - ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს - საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე

ვუშვებ შესაძლებლობას [რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს] საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის , - ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს?

„პალიტრანისუსი“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ირანის დარტყმის ობიექტი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთია.

„ხოლო თუკი ავიღებთ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, ყველაზე მოკლე მონაკვეთი გადის საქართველოში, ყველაზე გრძელ;ი თურქეთში. მილსადენზე დარტყმა არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორც უშუალოდ გამანაწილებელზე დარტყმა, ვინაიდან მისი შეკეთება ძალიან მალე ხდება. ასევე, მილის ზომიდან გამომდინარე მასზე ზემოქმედება არც ისე ადვილია, მაგრამ ისეთი სამიზნე, როგორიც არის საელჩო, რა თქმა უნდა, ის მიზანია ირანისთვის. მაგრამ თუკი მილსადენი არის მიზანში ამოღებული, ირანის ხელისუფლების ადგილზე, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი, ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე დამერტყა. ყველაზე დაუცველი მონაკვეთი, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით, არის, რა თქმა უნდა, საქართველო თავისი სამხედრო შესაძლებლობებით. ამიტომ, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რაც შეეხება აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, ირანის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ცალკეულ დანაყოფებს ვერ აკონტროლებს

„ირანის ოფიციალურ განცხადებასა და დაბომბვას შორის, რომელიც აზერბაიჯანში მოხდა, არის დიდი განსხვავება. არის მხოლოდ ორი შესაძლო ვარიანტი: ერთი, რომ ირანის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს თავისის შეიარაღებული ძალების ცალკეულ დანაყოფებს, რომლებიც ყველა მიმართულებით ისვრიან. მეორე, ეს დარტყმა მიმართული იყო სხვა ქვეყანაზე, ეს შეიძლება ყოფილიყო თურქეთი, და უბრალოდ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდნა. მე მაინც ვთვლი, რომ არ არის კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქნება საფრთხე ისევე, როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც დაიწყო დაპირისპირება როგორც არაბულ სახელმწიფოებთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან.

„ფაქტობრივად გლობალური სახე მიიღო ამ დაპირისპირებამ. ის, რომ ყველა ქვეყანა არ არის ჩართული უშუალოდ საცეცხლე დაპირისპირებაში, არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები არ მონაწილეობენ. ჩემი აზრით, ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც დაიწყო დაპირისპირება როგორც არაბულ სახელმწიფოებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის ირანის სტრატეგიის გარკვეული ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თუკი ის მოახდენს ზეწოლას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ისინი თავის მხრივ ზეწოლას მოახდენენ აშშ-ზე, რათა შეწყდეს ეს დაპირისპირება. შედეგი აბსოლუტურად სხვაა, ფაქტობრივად ყალიბდება სუნიტური კოალიცია ირანის საწინააღმდეგოდ.

ამასთან ერთად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი ეს კიდევ ერთი ფეხში სროლაა ირანის მხრიდან, ვინაიდან აზერბაიჯანი ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია თურქეთთან და ეს ფაქტობრივად თურქეთისთვის მიყენებულ ზიანს ნიშნავს. ირანი ნამდვილად ვერ მიაღწევს თავის მიზანს, სამაგიეროდ გაჩენს უამრავ მტერს და ეს იწვევს იმას,რომ ირანი ფაქტობრივად რჩება ეული ამ დაპირისპირებაში“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება