გიორგი შაიშმელაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალები სერიოზული პრობლემების წინაშეა, ბოლო დიდი შეიარაღების შესყიდვა 2018 წელს იყო, როდესაც „ჯაველინები“ შევისყიდეთ - ქვეყანაში მშვიდობა ჩამოკიდებულია გამართლებაზე და ღვთის ნებაზე, არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰყავდეს ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინებელი ორგანო და ძლიერი საგარეო დაზვერვის სისტემა, თუმცა დღეს აღნიშნული ინსტიტუტები სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

შაიშმელაშვილის განცხადებით, პრობლემად მიიჩნევა საგარეო დაზვერვის სამსახურის დამოუკიდებლობის დაკარგვაც. მისი თქმით, სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთეს, რაც, მისი შეფასებით, იმით იყო განპირობებული, რომ იქ მუშაობდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს სრულად არ იზიარებდნენ.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სფეროშიც მნიშვნელოვანი გამოწვევებია. შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო დიდი სამხედრო შესყიდვა 2018 წელს განხორციელდა.

„ქვეყანას უნდა ჰყავდეს ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინებელი ორგანო. ჩვენს შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააუქმა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც დაკავებული იქნება საგარეო საფრთხეების შეფასებით და ანალიზით. საგარეო დაზვერვის სამსახური შეურთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმის გამო, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურში იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც ბოლომდე არ იზიარებდნენ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ხელისუფლებას აქვს.

მეორე მხრივ, ქვეყანაში ბოლო დიდი შეიარაღების შესყიდვა იყო 2018 წელს, როდესაც ჩვენ შევისყიდეთ აშშ-ს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“, ისიც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შევიძინეთ. თავდაცვის ძალები არის სერიოზული პრობლემების წინაშე. და ბოლოს, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, არის ის, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემის მედეგობა დამოკიდებული იყო ჩვენს პარტნიორებზე. პარტნიორებთან, როგორც მრავალ მხრივ, ისე ორ მხრივ ფორმატებში საუბრები გაუქმებულია.

კობახიძე ფიქრობდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციები მთავრობას შეეთავსებინა. მარტივად რომ იყოს გასაგები, ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის საბჭო, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკას გეგმავს და მის აღსრულებას კოორდინაციას უწევს. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ უსაფრთხოება, როგორც ცალკე ბლოკი, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მართვის საქმეში, რომელსაც სჭირდება სპეციფიკური პროფესიონალები“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

შაიშმელაშვილის თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოში მინიმალური გაგებით მშვიდობა შენარჩუნებულია, თუმცა მისი შეფასებით, ეს უფრო გარემოებების დამთხვევის შედეგია, ვიდრე ხელისუფლების პოლიტიკის.

მისი განმარტებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა დიდწილად საერთაშორისო პარტნიორებზე იყო დამოკიდებული, თუმცა პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში მინიმალისტური გაგებით მშვიდობა არის, ოღონდ ეს მშვიდობა ჩამოკიდებულია გამართლებაზე - მართლა ღვთის ნებაზე და არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. ხელისუფლებას იმიტომ ირჩევ, რომ თვითონ შექმნას კონდიციები მშვიდობისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა მშვიდობისთვის? - ყველა მიმართულებით ამ ქვეყნის მიმართ აგრესიული მიზნების მქონე საგარეო ძალები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციას, მათ მიმართ ლოიალური პოლიტიკა აწარმოა. რუსეთის მიმართ ვიტყოდი, რომ „მიტმასნების საგარეო პოლიტიკა“ აწარმოა, თან კონფლიქტში შევიდა დასავლეთთან. ამ ყველაფერს გვასაღებენ, როგორც პრაგმატიზმს“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

გარდა უსაფრთხოების რისკებისა, მან გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციური ძალების თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შედეგია.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკვე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო სხვებს მსგავსი საფრთხე ემუქრებათ, რის ფონზეც საზოგადოება ოპოზიციისგან კოორდინირებულ მოქმედებებს ითხოვდა.

„სკეპტიციზმისთვის არსებობს საფუძველი, რადგან არის ასეთი გამოცდილება. ჯობია დააკვირდნენ პროცესებს და ამის შემდეგ შეაფასონ ალიანსის ეფექტურობა. ერთობის კონტექსტი გვიბიძგა ამ ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა ვითარებამ. ამაზე ვლაპარაკობდით, თუმცა ამ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს ქმედებებში სათანადოდ არ ვავლენდით და ისე ვიქცეოდით, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ამ დროს პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკვე ციხეში იჯდა, ზოგიერთს კი წინ ელის მსგავსი საფრთხე. ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით. ასეთ პირობებში საზოგადოება ითხოვდა ოპოზიციური ძალების ერთმანეთთან დასინქრონებას და სწორედ ამის პასუხად პარტიებმა გადადგეს ეს ნაბიჯი და შექმნეს ოპოზიციური ალიანსი. უფრო თანასწორობაზე დაფუძნებული პარტიები გავხდით, უფრო მეტი კონტაქტი გვაქვს მოქალაქეებთან. ეს ყველაფერი გვიბიძგებს იმაზე, რომ ნაკლები იყოს იმ ტიპის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რომელიც დისონანსს შემოიტანს ერთობაში“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება