ევროკავშირის დაფინანსებითა და BTU-ს მონაწილეობით აგრარულ სფეროში მომუშავე მეწარმე ქალთა მხარდასაჭერად სამწლიანი პროექტი Enhancing Women Entrepreneurship in AGRIculture in Georgia through targeted Vocational Education and Training (AgriVET) დაიწყო.
პროექტის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა მეწარმეობის გაძლიერება პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის განვითარებით. AgriVET პასუხობს აგროსექტორში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, დაბალ შრომის პროდუქტიულობას, ტექნოლოგიებზე შეზღუდულ წვდომასა და გენდერულ უთანასწორობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერას, რომლებიც ხშირად აწყდებიან პროფესიული განვითარების, კარიერული კონსულტირებისა და ბიზნეს შესაძლებლობების ნაკლებობას.
პროექტი ითვალისწინებს ქართულ-ევროპული პროფესიული განათლების ეკოსისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სამეწარმეო, მწვანე და ციფრული უნარების განვითარებას სოფლის მეურნეობის, აგროპროდუქტის და აგროტურიზმის მიმართულებით. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო სექტორისა და აგროტურიზმის სფეროებში მეწარმეობის დაწყებით ან განვითარებით. AgriVET-ის ფარგლებში გაძლიერდება თანამშრომლობა პროფესიული განათლების პროვაიდერებს, ბიზნესსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, გაიზრდება კერძო სექტორის ჩართულობა სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პროფესიული ტრენინგების, კარიერული კონსულტირებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელება. პარალელურად, გაძლიერდება პროფესიული განათლების ინსტიტუციური შესაძლებლობები ახალი სასწავლო ინსტრუმენტებისა და პროგრამების დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს განათლების შედეგებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას აგრობიზნესის სფეროში.
თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების, ციფრული ინსტრუმენტებისა და მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებით, AgriVET ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, სოფლის რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას, ევროკავშირის განათლებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში.
(R)