ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მარიამ ლაშხის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან სრულიად არის შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მათი ინვესტიციები და დაფინანსება წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით მიემართება ქვეყნის ეკონომიკასა და ვაჭრობას.
„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის როგორც ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში და ჩვენ საუბარი გვქონდა, როგორც შუა დერეფნის, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება, ასევე ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში და ცვლილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები, შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები, რესურსები მიემართება ეკონომიკას, ვაჭრობას და იმ რეალურ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს თვისობრივად გადაახალისებს“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.
გარდა ამისა, ლაშხის განცხადებით, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით, გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო როგორც მონაწილე და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
„მოგეხსენებათ, ეს ალიანსი, პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე და არამხოლოდ - ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აჟღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება”, - აღნიშნა ლაშხმა.
მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლს შუა დერეფანში და ქვეყანამ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა მეგობრები.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით, არათუ მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ის კონსერვატები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ჩვენ ამ შეხვედრით
ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.