საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე ირანში აშშ-სა და ისრაელის ომის პერსპექტივებზე ირანში, „ინტერპრესნიუსი“ ამერიკანისტ გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობდა.
2026 წელი სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წელია. ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა სომხეთი პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, ტრამპის ინიციატივით დაწყებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შერიგებისა და ზანგეზურის კორიდორში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პერსპექტივას და ევროკავშირისკენ სწრაფვის კურსს.
ფაშინიანმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია მეზობელ საქართველოს ჰქონდეს ევროპული კურსი. ახლა ბევრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს რომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს თბილისში ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პრაქტიკულად, არც არაფერი უთქვამს.
რა თქვა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში და სავარაუდოდ, როგორი იყო ამ განცხადებებზე ოფიციალური თბილისის პასუხი?
- ფაშინიანის ძირითადი აქცენტები საქართველოს ევროპულ კურსს და ასევე ჩვენს მონაწილეობას ეხებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების პროცესში.
შესაძლოა, TRIPP-ს კარგი პერსპექტივა ჰქონდეს და უახლოეს წლებში ვიხილოთ კიდეც ახალი დერეფანი სომხეთის გავლით, თუმცა დღეს ჩვენს მეზობლებს შორის სავაჭრო ურთიერთობები დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ, ფაშინიანმა კობახიძეს მიანიშნა, რომ კარგია, როცა საქართველო ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას უწყობს ხელს, მაშინ, როცა ზოგიერთ შემთხვევებში ეს პირიქითაც ხდება.
ფაშინიანმა კობახიძეს მიანიშნა, რომ კარგია, როცა საქართველო ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას უწყობს ხელს, მაშინ, როცა ზოგიერთ შემთხვევებში ეს პირიქითაც ხდება
- 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ვაშინგტონმა და ისრაელმა ომის დაწყების მიზნად ირანში შიიტური მმართველობის დამარცხება დაასახელა.
ახლა ვხედავთ, რომ ომი ირანში ახალ ფაზაშია გადასული. აშშ და ისრაელი ცდილობენ გაანადგურონ ირანის სამხედრო შესაძლებლობები ხმელეთზე, ცაში და ზღვაზე.
ფაქტია, რომ ირანში 1981 წლის შემდეგ, როცა ირანსა და ერაყს შორის ომი მიმდინარეობდა, ირანს იმ მასშტაბის კრიზისი არ ჰქონია, როგორიც ახლა აქვს. მაგრამ, მიუხედავად სირთულეებისა ძნელია იმის თქმა, რომ ირანში ისლამური მმართველობა მალე დასრულდება.
აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ირანის ისლამური ხელისუფლება ხელისუფლების კონსოლიდაციას კი ცდილობს, მაგრამ, ისიც ცხადად ჩანს, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები ირანში, „ირანი ისეთი ვეღარ იქნება, როგორც 28 თებერვლამდე იყო“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებებს? და მთავარი - ირანში მოვლენათა განვითარების ყველაზე რეალისტური სცენარი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
- ირანში მიმდინარე მოვლენები ნამდვილად გარდამტეხი იქნება გლობალური წონასწორობისთვის. თუ დავაკვირდებით, ეს დაპირისპირება ე.წ. „მეორე ცივი ომის“ ნაწილია, რომელსაც პოლიტოლოგები უკვე უფრო და უფრო ხშირად იყენებენ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს ორი ძირითადი ენერგიის საყრდენი, ვენესუელა და ირანი გამოაცალა. ირანი დიდი ხნის განმავლობაში უქმნიდა პრობლემებს აშშ-ს, თუმცა, სამხედრო ოპერაციის დაწყება სწორედ მაშინ გადაწყდა, როდესაც ჩინეთის გავლენებმა პიკს მიაღწია.
ვფიქრობ, თუ აშშ ამ ფორმით არ შეეცდება ევრაზიაში გარდატეხის შეტანას, ის ნელ-ნელა სრულად დაკარგავს გავლენებს. საქმე იმაშია, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი, აშშ-ს გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ ყოველდღიურად ირღვევა.
ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომს, გვახსოვს 90-იანების დასაწყისი და 2008 წელი, როცა ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევა ჩვენს თავზე გამოვცადეთ.
თუ აშშ ამ ფორმით არ შეეცდება ევრაზიაში გარდატეხის შეტანას, ის ნელ-ნელა სრულად დაკარგავს გავლენებს. საქმე იმაშია, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი, აშშ-ს გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ ყოველდღიურად ირღვევა
შესაბამისად, როდესაც წესებზე შეთანხმებულთაგან ნაწილმა უარი თქვა მათ შესრულებაზე, აშშ-საც ძალის პოლიტიკაზე გადასვლით მოუწია პასუხი. ამერიკის გადმოსახედიდან, ეს ოპერაცია მარტივი „გასაყიდი“ არ არის, პირველ რიგში ამერიკელი ამომრჩევლისთვის, რაზეც შემდეგ კითხვაში მეტს ვისაუბრებ, თუმცა, რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა.
რაც შეეხება სცენარს, ცხადია, აშშ უკვე სრულად დაინტერესებულია რეჟიმის შეცვლით და ისეთი ტიპის მმართველობით, რომელიც ლოიალური იქნება აშშ-სთან და არა პირიქით. ჩვენ გვახსოვს ირანის თანამშრომლობა ჩინეთთან და 400 მილიარდიანი ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც გასულ წლებში დაიდო.
აშშ უკვე სრულად დაინტერესებულია რეჟიმის შეცვლით და ისეთი ტიპის მმართველობით, რომელიც ლოიალური იქნება აშშ-სთან და არა პირიქით. ჩვენ გვახსოვს ირანის თანამშრომლობა ჩინეთთან და 400 მილიარდიანი ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც გასულ წლებში დაიდო
შესაბამისად, ამერიკისთვის ისეთი მთავრობა, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს კვებავს ან ეთანამშრომლება, სამომავლოდ მიუღებელი იქნება.
- ვითარებაში, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინი ვერ აიძულა უკრაინაში ცეცხლი შეეწყვიტა, ისრაელთან ერთად დაიწყო ოპერაცია, რომლის წარმატებით დასრულებაში ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ბევრს ეჭვი ეპარება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ირანის შიიტური მმართველობა მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს წინააღმეგობას, მაგრამ, ქუჩაში ირანული რეჟიმის დამხობის მსურველი ირანელი ხალხი, ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს.
დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ კამპანიის შედეგად აშშ და ისრაელი მაქსიმალურად მხოლოდ შეძლებენ ირანის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებას. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპის ირანული კამპანია წარმატებული აღმოჩნდეს?
- თუ ტრამპის ბოლოდროინდელ საუბარს დავაკვირდებით, კამპანიის წარმატებაში გადათარგმნა აშშ-სთვის ნიშნავს მათდამი ლოიალური მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც პარალელურად ნაკლებად ეთანამშრომლება რუსეთსა და ჩინეთს.
რადგანაც აშშ-მ ასეთი მასშტაბის კამპანია წამოიწყო, სხვაგვარი შედეგი აშკარა წარუმატებლობად ჩაითვლება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის კითხვაში ნახსენებ ირანელ ხალხზე, რომელიც, სავარაუდოდ, გარკვეულ დროს ან მითითებებს ელოდება მოქმედებაზე გადასასვლელად.
ირანში არსებული რელიგიური ექსტრემიზმის გამო, ირანში ხელისუფლების ცვლილება უფრო რთულად მისაღწევი იქნება, ვიდრე ვენესუელაში
სხვა შემთხვევაში, აშშ-ს ზემოთ ნახსენები შედეგის მიღწევა გაუჭირდება რადგანაც, ტრამპი ირანში ქვეით ჯარებს ვერ შეიყვანს. ამის სანაცვლოდ, ის ვენესუელას მოდელის გამეორებას ეცდება, როდესაც ქვეყანას მართავს ჯგუფი, რომელსაც ვითარების კონტროლი შეუძლია და თანაც ლოიალურად არის განწყობილი აშშ-ს მიმართ.
ირანში არსებული რელიგიური ექსტრემიზმის გამო, ირანში ხელისუფლების ცვლილება უფრო რთულად მისაღწევი იქნება, ვიდრე ვენესუელაში.
- მინიმუმ ორმა ირანულმა დრონმა მიიტანა იერიში ნახჭევანის აეროპორტზე. მანამდე ირანმა თურქეთის სამხედრო ბაზას დაარტყა, რის გამოც ანაკარაში ირანის ელჩი იქნა დაბარებული.
არ გაქვს ეს ირანის ხელისუფლების სპონტანურ და აგონიაში მყოფ ქმედებებს. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს თეირანის ამგვარ მოქმედებას?
- ნამდვილად. ნახჭევანის აეროპორტის დაბომბვის შემთხვევა ან შიდა ინფლიტრაციით შეიძლება აიხსნას, ან სამხედროებში არსებული აგონიით. ირანის ჯერ კიდევ მმართველი წრეებისთვის მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არახელსაყრელია.
მკითხველს გავახსენებ, რომ აშშ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საფუძველს, ირანის ტერორისტულ რეჟიმად გამოსაცხადებლად, რაც მასზე იერიშის ლეგიტიმაციის წყარო უნდა გამხდარიყო. აშშ-ს ევროპელმა მოკავშირეებმა რევოლუციური გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სულ ცოტა ხნის წინ, იანვარში გამოაცხადეს.
მეტიც, გვემახსოვრება აზერბაიჯანის მოსაზრება ირანზე თავდასხმის შესახებ და ასევე საუდის არაბეთის არამყარი პოზიციები. ამდენად, აშშ-სთვის კომფორტული.
ნახჭევანის აეროპორტის დაბომბვის შემთხვევა ან შიდა ინფლიტრაციით შეიძლება აიხსნას, ან სამხედროებში არსებული აგონიით. ირანის ჯერ კიდევ მმართველი წრეებისთვის მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არახელსაყრელია
მდგომარეობა საერთაშორისო სამართლის კონტექსტში 28 თებერვალი არ ყოფილა. თუმცა, ასეთი თავდასხმების გამო, ირანის მიმართ საერთაშორისო წნეხმა მოიმატა და კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მისი მეზობლები დარწმუნდნენ ირანიდან მომავალ რეალურ საშიშროებაში, რომელიც აქამდე ყველაფერს შედარებით შეფარვით და რბილად აკეთებდა.
- აშშ-საქართველოს ურთიერთობები. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტოს დელეგაცია აშშ-ში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს უშიშროების საბჭის მდივნის მოადგილე ენდრიუ ბეიკერთან. სამხარაძის თქმით, ეს შეხვედარა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, - „მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“.
თუ გავრცელებული ინფორმაციებით ვიმსჯელებთ, ნიკოლოზ სამხარაძეს აშშ-ს უშიშროების საბჭოში არ ახლდნენ მისივე დელეგაციების შემედგენლობაში მყოფი დეპუტატი ქალბალტონები, რომლებიც ბატონ სამხარაძესთან ერთად სხვა ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
ფაქტია, რომ აშშ-ს ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებასთან მინიმალურ დონეზე აქვს ურთიერთობები. მაგრამ, ეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დიდ სურათში ბევრს არაფერს ცვლის.
ხშირად გვესმის მტკიცება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ აქვს ჩამოყალიბებული. თუმცა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა ერევანსა და ბაქოში აჩვენა, რომ ვაშინგტონს საქართველო ბევრი თვალსაზრსით არ აიტერესებს. ამის მიზეზად ბევრი იმას მიიჩნევს, რომ ტრამპს „დიდი პროექტები“ აიტერესებს, საქართველოსთან მიმართებაში კი ასეთი პროეტები არ ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით დღევანდელი მდგომარეობით არსებულ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?
- ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ტრამპის დიდი პროექტების ხაზით განვითარდეს. უშუალოდ პრეზიდენტის გარდა, არაერთი ოფიციალური პირის პრეროგატივაა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებაში მიიღოს მონაწილეობა და პირველ რიგში ეს სახელმწიფო დეპარტამენტს ეხება.
ცხადია, „ოცნებას“ სურს აშშ-სთან დაახლოება, რადგან ისინი კარგად ხვდებიან რა ვითარებაა რეგიონში და ისიც ჩვენზე კარგად ესმით, რომ არათუ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ, არამედ უმეტესობა გლობალური აქტორებისგან უბრალოდ უგულებელყოფილნი არიან. შესაბამისად, მათთვის აშშ-გან აღიარების ქოლგა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ოცნებას“ სურს აშშ-სთან დაახლოება, რადგან ისინი კარგად ხვდებიან რა ვითარებაა რეგიონში და ისიც ჩვენზე კარგად ესმით, რომ არათუ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ, არამედ უმეტესობა გლობალური აქტორებისგან უბრალოდ უგულებელყოფილნი არიან. შესაბამისად, მათთვის აშშ-გან აღიარების ქოლგა ძალიან მნიშვნელოვანია
მეორე მხრივ, როცა საქმე საქართველოს ეხება, აშშ-ს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ერთის მხრივ, მათ კარგად ესმით, რომ „ოცნება“ ყველა თავისი მოკავშირით და პროპაგანდისტული განშტოებებით მკვეთრად ანტიამერიკულია, თუმცა, ვერც მის ალტერნატივას, რეალურ დასაყრდენს ხედავენ ქვეყანაში.
ისევ ვენესუელას მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, საჭიროა ისეთი ჯგუფი, რომელთაც რეალური გავლენა და ნდობა აქვთ საზოგადოებაში. მოგვეხსენება, ოპოზიციურ ფლანგზე ამ მხრივ რაოდენ დიდი კრიზისია. ამის მიუხედავად, როგორი პრობლემაც უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ქართულ ოპოზიციასთან, „ქართულ ოცნებას“ არავინ შეურიგდება გაუგებარი მიზეზებით წლობით ციხეში მყოფი სტუდენტების და ჟურნალისტების, ასევე კიდევ უფრო გაუარესებული საკანონმდებლო რეგულაციების ფონზე.
როგორი პრობლემაც უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ქართულ ოპოზიციასთან, „ქართულ ოცნებას“ არავინ შეურიგდება გაუგებარი მიზეზებით წლობით ციხეში მყოფი სტუდენტების და ჟურნალისტების, ასევე კიდევ უფრო გაუარესებული საკანონმდებლო რეგულაციების ფონზე
ბელარუსსა და ვენესუელაშიც კი, აშშ-მ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნილების გამოშვება მოსთხოვა. შესაბამისად, თუ ამისთვის საქართველოში მზად არ არიან, ამერიკასთან გადატვირთვას არ უნდა ელოდონ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი