ამ ფონზე ჩვენ დოყლაპიებივით, პირდაფჩენილები მარტო უნდა ვიყოთ, „არიქა, ცალფეხზე არსად არ შევალ და ჩვენი სუვერენიტეტი უზენაესია“ ეს სასაცილო კი არა, ანტისახელმწიფოებრივია.
ირანმა ყურადღება რეგიონში გადაიტანა, ალბათ მათი ფიქრი ასეთია: „თუ ჩვენ ვკვდებით, მოდი ჩავიყოლოთ ვიღაცები“, ეს კი ძვირი დაუჯდებათ,- ამის შესახებ ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-ს ალიანსი სასიცოცხლოდ სჭირდება.
„მსოფლიოში თუ რაიმე ხდება, ჩვენ გარშემოა. ეს კი ჩვენთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის და სად იმყოფება. ასე მარტო როგორც ამბობენ „ორ ფეხზე დგომითა“ და სუვერენიტეტით შორს ვერ წავლენ. საერთაშორისო სამართალი მორყეულია, ამ ფონზე კი საჭიროა ალიანების ძებნა, ჩვენ გვერდით არის ნატო-ს ალიანსი, თურქეთის სახით, ეს ალიანსი ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება. ამ ალიანსში ჩვენ შეგვიძლია კავკასიონის ქედითა და შავი ზღვით ვიყოთ, ამ ორი უნიკალური გეო-სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტით. ასევე გამოიკვეთა აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსი, რის გამოც, აზერბაიჯანი რუსეთსა და ირანს თამამად ელაპარაკება. აზერბაიჯანის მხრიდან ჩვენ მკაცრი განცხადებები მოვისმინეთ ირანთან მიმართებით, მან უტყუარად იცის, რომ დრონები ირანის ტერიტორიიდან გამოფრინდა, რომელიც ნახიჩევანის რეგიონისკენ იყო მიმართული, დრონი შემთხვევით აეროპორტში არ ვარდება. როგორც ჩანს, ვიღაცამ, ამ ლოკაციაზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი კი აჩვენებს, რომ მდგრადია და ისეთი მოწყვლადიც არ არის, როგორც სხვები ფიქრობდნენ. ირანში პოლიტიკური და რელიგიური თავები აღარ არიან, ამ ფონზე კი მთელი ენერგია ქვემოთ გადავიდა - სხვადასხვა ადგილას მიიღება გადაწყვეტილებები. ბრძანების გამცემი აღარ არის და გადანაწილებული აქვთ როლები, რომ ადგილებზე მიიღონ გადაწყვეტილებები. ნახეჩევანზე იერიში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ლიდერმა მიიღო, ჩათვალეს, რომ „ისრაელს ვერ ვანადგურებთ, შორს არიან და ძლიერი რკინის თაღი აქვთ, ამიტომ მოდი გავანადგუროთ ის ტერიტორიები, რომელიც ასე მკაცრად არ არის დაცული, სადაც აშშ-ის საელჩოები და ინფრასტრუქტურაა“. ირანმა ყურადღება რეგიონში გადაიტანა, ალბათ მათი ფიქრი ასეთია, „თუ ჩვენ ვკვდებით, მოდი ჩავიყოლოთ ვიღაცები“. ეს კი ძვირი დაუჯდებათ. თურქეთსაც დაარტყეს, თუმცა ეს დადასტურებული ჯერ არ არის, მაგრამ ირანმა ბოდიში მოიხადა. მაგრამ ეს აზერბაიჯანთან არ გაუკეთებია, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა იცის, რომ დრონები ირანიდან იქნა გაშვებული. ამ ფონზე ჩვენ დოყლაპიებივით, პირდაფჩენილები მარტო უნდა ვიყოთ, „არიქა ცალფეხზე არსად არ შევალ და ჩვენი სუვერენიტეტი უზენაესია“ ეს სასაცილო კი არა, ანტისახელმწიფოებრივია.
რაც შეეხება ქართული მხარის მიერ განცხადების გავრცელებას, ჩვენ დამოკიდებულები ვართ აზერბაიჯანზე, ამიტომ იძულებულები იყვნენ. იმდენად პარალიზებული და აორთქლებულია ქართული პოლიტიკა, რომ ასეთი სიცოცხლისუნარიანობის გამოჩენა უკვე სასაცილოა და არაფერს არ ნიშნავს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, ირანმა აზერბაიჯანს პასუხი უნდა დაუბრუნოს, ანუ ბოდიში მოუხადოს, ნახიჩევანში დრონების ჩამოვარდნის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, შესაძლოა, რომ აზერბაიჯანმა ირანის ტერიტორიები დაბომბოს, ამ ნაბიჯით კი ისრაელ-აშშ-ს ალიანსში გაწევრიანდეს.
„აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი პასუხისთვის, თუ ირანიდან რაიმე პასუხი არ იქნება, ანუ ბოდიში, შესაძლოა ამით დაკმაყოფილდეს. მაგრამ აზერბაიჯანმა რომ შეინარჩუნოს რეგიონში დომინანტის როლი, რაიმე უნდა დაბომბოს და შეუერთდეს ისრაელ-აშშ-ს ალიანსს, რომელშიც მათ გარდა ოფიციალურად არც ერთი სახელმწიფო არ გაწევრიანებულა. თუ ვინმე ჩაერთო, დაზარალებული ქვეყნების დასაცავად. მაგრამ აზერბაიჯანს არ აწყობს, ირანის დაბომბვა, რადგან ირანში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ირანმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს, ბოდიშის სახით“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა და აშშ-მა რაზმები ირანში შეიყვანოს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა შტაბი გაანადგუროს იმის საჩვენებლად, რომ ისინი ამის გამკეთებლებიც არიან.
„ისრაელს არ ჰყავს იმხელა არმია, რომ ირანში შევიდეს, ასეთი მხოლოდ აშშ-ია. გამორიცხული არ არის, რომ აშშ-სა და ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა შტაბი პირწმინდად ააფეთქონ და სხვებს შეატყობინონ, რომ „ამის გამკეთებლებიც ვართ“. გამოჩნდა, რომ ირანში პირველი პირების განადგურებამ შედეგი ვერ მოიტანა, რადგან ირანი ვენესუელა არ არის. ისრაელისა და აშშ-ს მეორე ფაზა იქნება, რომ იპოვონ თუ სად არის ირანში რაკეტების გამშვები წერტილები და გაანადგურონ, რადგან მთავარია გამშვები მოწყობილობები და რაკეტები, ეს ჯართი გქონდეს რამდენიც გინდა. ასევე, ნახონ სად არის ბირთვული მასალა შენახული და რამდენად შესაძლებელია მისი გატანა.
სამასამდე აიათოლაა მსოფლიოში, მათმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს ირანის უზენაესი ლიდერი, აქედან კი უმეტესობა წინააღმდეგია იმ მმართველობის ფორმის როგორიც ირანშია და მათთვის მიუღებელია, რომ რელიგია სახელმწიფოს მართავდეს. თუ ვინმე აიათოლას იპოვიან უნდა წავიდეს რეფორმებზე, გააუქმოს ექსპერტთა საბჭო და პარლამენტსა და პრეზიდენტს მისცენ სიტუაციის მართვის საშუალება. ათი წლის თავზე შესაძლოა სანიმუშო დემოკრატიული ისლამური სახელმწიფო მივიღოთ“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგის აზრით, ისრაელის მიერ ლიბანში სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზანი, ირანის ისლამური რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის გაფანტული „მეტასტაზების“ განადგურებაა.
„ირანის ერთ-ერთი მეტასტაზი იყო ლიბანში და გუშინ ლიბანის მთავრობამ ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფნა აკრძალა, ლიბანის ტერიტორიაზე. ისრაელი აკვირდება იმას, რომ თავად არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ირანს და ცდილობს, მისი მეტასტაზები გაანადგუროს. ისრაელი კომფორტულ ზონას ვერ ქმნის, ის არაბული სამყაროს მიერ ეჭვის ქვეშ რჩება. ისრაელს 3 მილიარდი უჯდება ყოველდღიურად ეს ბომბები, რაც მათთვის გამოწვევაა, პარალელურად კი ეს ომი აშშ-ში პოპულარული არ არის, თან ტრამპს არჩევნები აქვს. აშშ-ში ახალი თაობა მოდის, ვისთვისაც ისრაელი პოპულარული არ არის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი შესაძლოა 15 წელიწადში ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობა მივიღოთ. შიიზმში, ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი არის არიუს ალსისტარი, რომელიც არის ერაყში, ნაჯაფში. მას სახელმწიფო არ ადარდებს, მან შესაძლოა თქვას, რომ ეს ადამიანი დანიშნეთ ირანში და ის დაინიშნება, ამას ტრამპი ვერ იტყვის. არიუს ალსისტარმა უნდა თქვას, რომ ეს ადამიანი იქნება ნორმალური აიათოლა ირანში და შესაძლოა, რომ ამ აიათოლა-გორბაჩოვმა გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ირანს სჭირდება“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.