ანიტა ჰიპერი - მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, ის ასევე ძალიან ფართო კონტროლს აწესებს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„მისი ბუნდოვანი დებულებები ასევე ქმნის ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას და ასევე არბიტრაჟისა და შერჩევითი აღსრულების დიდ რისკს და ეს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვასაც უკავშირდება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მოითხოვს მზია ამაღლობელის და საქართველოში „ყველა უსამართლოდ დაკავებულის“ გათავისუფლებას.

„მკაცრად დავგმეთ მისი პატიმრობა. მისი განაჩენი ასევე აჩვენებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ რეპრესიებს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება დევნის ან ზედმეტი შეზღუდვის შიშის გარეშე. ამიტომ, ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და გაჩუმებას, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება