ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი - მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ „დედ ჰასანის“ შვილიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის კომუნიკაცია არსებობს

მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კომუნიკაცია „დედ ჰასანის“ შვილიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის არსებობს, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, დღეს დაკითხული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება არა მარტო სხვა მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სხვა ნივთიერი, წერილობითი და ვიდეომტკიცებულებებით.

„პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც დაიკითხა, დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე აქვს მიღებული. მას დაესვა შეკითხვა, იცნობდა თუ არა მიქაძეებს, წარსულში რაიმე სამსახურებრივი გადაკვეთა ან სხვა პირადი ინტერესი ხომ არ ჰქონდა, მოწმემ განმარტა, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება არა მარტო მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სხვა ნივთიერი, წერილობითი და ვიდეომტკიცებულებებით. შესაბამისად მოწმის ჩვენება არის სანდო.

ამ მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კომუნიკაცია „დედ ჰასანის“ შვილიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის არსებობს. ამავდროულად დადასტურდა და არაერთმა მოწმემ აღნიშნა, რომ „დედ ჰასანს“ ნათლიმირონობა აკავშირებს მიქაძეებთან. ამ ფაქტობრივ გარემოებებსაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება