28 ნოემბერს განაცხადეს, რომ ევროინტეგრაცია შეჩერებულია და იმის შემდეგ ქვებს ესვრიან ევროკავშირს, სამწუხაროდ ქართული საზოგადოება დააყენეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მუშაობასთან საგარეო პარტნიორებთან.
„ეს არ არის ჩვენი მუშაობის შედეგი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. პირიქით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხოს. ჩვენს საგარეო კომუნიკაციაში ასეთი რამ არასდროს თქმულა, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს და საქართველოს მოქალაქეებს ეს უნდა შეეხოს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მუშაობასთან საგარეო პარტნიორებთან იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მავნებლური ნაბიჯებისა, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ.
„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პერსონალურად მათთვის და ქვეყნისთვისაც[მათ ქმედებებს]. ევროკავშირმა 9 პუნქტი განუსაზღვრა და მისცა შანსი ამ რეჟიმს, ელემენტარული საბაზისო პირობები უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ რაც გააფუჭეს, ის დაბრუნებულიყო, რაღაც განსაკუთრებულ მიღწევებს კი არ ითხოვდნენ. რეპრესიული კანონებისა და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებას გვთხოვდნენ. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? მან ბევრი რამ გააკეთა გასაუარესებლად, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მათ ეკისრებათ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.