ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026

გია ხუხაშვილი - შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!

სუს-ის გამოძიება - როგორ აფასებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში

რა ღირს ომი?! - ლიანა ჯერვალიძე

რისთვის ჩამოდის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია - თბილისში ვიზიტის მიზნები

თორნიკე შარაშენიძე - “არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს”

* * *

გია ხუხაშვილი - შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!

“რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს. თუ ყველაფერი შედარებით მოკლე ან საშუალო პერიოდში დასრულდა, ვფიქრობ, მსოფლიო დალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება, მაგრამ ცივილიზებული სამყარო დაიბრუნებს დომინაციას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებით. შესაბამისად, ახალი გლობალური წესრიგი უფრო უკეთესი იქნება. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ირანსა და მის ავტორიტარული რეჟიმის მქონე პარტნიორებს, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეები. იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად პოზიტიური ამ დრამატულ ისტორიულ მომენტში არის ის, რომ რუსეთი ამ დიდ გლობალურ პროცესებში საკუთარ პოლიტიკურ იმპოტენციას აჩვენებს. მას მოუწია თავისი პარტნიორი ვენესუელა ისე დაეთმო, რომ ვერაფერი გააკეთა. ახლაც პრაქტიკულად პარალიზებულია ირანთან დაკავშირებულ პროცესებში. შესაძლოა კულუარებში რაღაცას ცდილობს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ირანს, თუმცა რეალურად მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამით მსოფლიო კარგად ხედავს, რომ რუსეთის პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე და მისი იმპერიული ამბიციები რეალურ საფუძველს მოკლებულია... ომში ირანი ერთგვარ ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს. მათ, ფაქტობრივად, 12 ქვეყანა გახადეს ამ ომის მონაწილე. თითქოს ომის მხარეები ცნობილია, მაგრამ ირანი ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მასშტაბი და მძევლად აიყვანოს მთელი რეგიონი. ამას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით ამართლებენ, თუმცა ეს კლასიკური ტერორისტული ქცევაა - როდესაც მძევლებს აიყვან იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ. მართალია, ირანთან პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ არსებობს ლოჯისტიკური ხაზები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“თქვენ ახსენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი ისრაელსაც მიეწოდება და სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ირანის სამიზნედ იქცეს. აზერბაიჯანის განცხადებით, ეს მათ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ საქართველოშიც. ეს რისკები ნამდვილად არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ირანის რეჟიმისგან - და არა ირანელი ხალხისგან _- მომდინარე პოტენციური საფრთხეები სათანადოდ არც გაანალიზებულა და არც გაუთვალისწინებიათ, მით უფრო, რომ ირანი რუსეთის პარტნიორიც არის და თავადაც რეგიონული იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო იმას ვხედავთ, როგორ არის უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალით, დევნითა და შიდაპოლიტიკური პროცესებით დაკავებული. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში ქვემო ქართლში, სადაც ირანული გავლენა ძალზე გაიზარდა. როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მუსლიმანი მოქალაქე მიჰყავდათ ირანში და ამზადებდნენ თითქოს სასულიერო მოღვაწეებად. რეალურად რა ხდებოდა იქ, ზუსტად არ ვიცით და ეჭვი მაქვს, ეს არც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ სრულად შესწავლილი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში ფუნქციონირებდა სანქცირებული და ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ირანული უნივერსიტეტის ფილიალები. ამ დაწესებულებებში რა ხდებოდა, არ ვიცით. იგივე ითქმის ირანელების დაფინანსებულ მეჩეთებზე, მედრესეებსა და საკვირაო სკოლებზე - თუ ეს ყველაფერი არ კონტროლდებოდა, ბუნებრივია, ეს რისკებს უფრო ზრდის და შესაძლოა საქართველოში გაჩნდნენ ფანატიკური ჯგუფები, რომლებიც ერთ დღეს გააქტიურდებიან. შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარები? - ჩვენ ეს კითხვები უნდა დავუსვათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან იმოქმედონ და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს, რამდენად დაცულია ქვეყანა ირანის იდეოლოგიური გავლენებისგან, რაც მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი, აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენ მარტივად გავუხსენით საზღვრები ირანს. ისინი შეშფოთებული იყვნენ, რომ საქართველოში შეიძლებოდა ირანული გავლენის პლაცდარმი შექმნილიყო და გვთხოვდნენ, ეს პროცესი უფრო მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული. აზერბაიჯანი მაშინვე ხედავდა იმ საფრთხეებს, რომელთა რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ”, - განმარტავს ექსპერტი.

“დღევანდელი მდგომარეობით არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უკან დაიხევს და შეცვლის არჩეულ პარადოქსულ პოლიტიკას. ერთი მხრივ, აცხადებენ, თითქოს მზად არიან ევროპასთან ინტეგრაციისთვის და ცდილობენ ამერიკელებთან მოლაპარაკების გზების გამონახვას, თუმცა რეალურად სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ. ფაქტობრივად, ისინი დასავლეთს ეუბნებიან: ვაღიარებთ, რომ პრობლემური პარტნიორები ვართ და ამ გზის გაგრძელებასაც ვაპირებთ, მაგრამ მიგვიღეთ ისეთი, როგორი მამაძაღლებიც ვართო. იმასაც კი არ ეუბნებიან, თქვენი მამაძაღლები ვიქნებითო, რადგან აქ რუსეთის ფაქტორი ძალიან ძლიერია. მოკლედ, ეს პოზიცია სრული აბსურდია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დრამატულ ვითარებას ქმნის. აშკარაა, რომ ხელისუფლების ორიენტაციაა ააშენოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიის სისტემა და მათი ყველა ნაბიჯიც სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. მეტსაც გეტყვით - ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების აღიარება-არაღიარებას ეხება, რუსეთშიც კი არ მიუღიათ. იქაც კი არ მოქმედებს ამგვარი აბსურდული კანონი. ხელისუფლება აგრძელებს იმ კურსს, რომ მართლაც მთელ ქვეყანას გაუუქმდება უვიზო მიმოსვლის უფლება. ყოველდღიურად ევროკავშირს ლანძღავენ, ელჩებს პირდაპირ ესხმიან თავს და რატომ უნდა უნდოდეს ევროკავშირს საკუთარ სივრცეში ქვეყანა, რომელიც იმ ღირებულებებს უარყოფს, რაზეც ევროპა დგას?” - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ შეუძლებელია რამე შეცვალოს. მოლაპარაკებები კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიმართება, იმიტომ რომ საქართველოს მმართველობის მოდელი და ურთიერთობების სტანდარტი ამერიკულთან შეუთავსებელია. აგიხსნით, რას ვგულისხმობ - ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მარკო რუბიო ირანზე საუბრისას ამბობდა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა რთულია, რადგან მას მართავს არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი, ხოლო ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან საუბარს აზრი არა აქვს, რადგან ის გადაწყვეტილებებს არ იღებსო. როგორც იტყვიან, “მულო, შენ გითხარი და, რძალო, შენ გაიგონეო”. დიქტატორებსაც კი ელაპარაკებიან, მაგალითად, პუტინს, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და სწორედ ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც... აქ კი ვის უნდა დაელაპარაკონ? - ივანიშვილი თავად არ ჯდება მოლაპარაკებებზე, თუმცა რომც დაჯდეს, ოფიციალური შეხვედრების გამართვა მასთან შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ჩიხში ვართ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სიტუაციიდან გამოსავალი არის ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია - ის უნდა გამოვიდეს “ბუჩქებიდან” და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება მოლაპარაკებების დაწყების შანსი. ეს მხოლოდ პროცესის დაწყების საფუძველი იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შანსებიც, მათ შორის მისი პირადი უსაფრთხოების, რომელიც დღეს უკვე სერიოზული რისკების ქვეშ დგას. მეეჭვება, ივანიშვილს კიდევ ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის იმპერიას შეაფარებს თავს. რუსეთმა საკუთარი პარტნიორების მიმართ სრული იმპოტენცია აჩვენა. ივანიშვილმა უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე - თუნდაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის, და თუ გულის სიღრმეში სადღაც ქვეყანაზეც ფიქრობს, მაშინ ქვეყნისთვისაც. ვიმეორებ: იმისათვის, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი შესაძლებელი გახდეს, საჭიროა მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის რანგში. უნდა მოხდეს მისი როლის ფორმალიზება. მას შეუძლია მთელი ეს მდგომარეობა კობახიძეს გადააბრალოს, “ჩარეცხოს” და გარკვეული შემობრუნება დაიწყოს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციური პარტიების ალიანსში გაერთიანებაზე უარი თქვა ორმა ოპოზიციურმა ძალამ: “ლელო” - ძლიერი საქართველო~ და “გახარია - საქართველოსთვის” - პასუხობს:

“ის გაერთიანება, რაც შეიქმნა, და მის მიღმა დარჩენილი “ლელო” და გახარიას პარტია ერთად, დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარი ის კი არ არის, ეს ძალები გამსხვილდებიან თუ არა, არამედ ის, რომ ძალა პარტიებში კი არა, ხალხშია, მასთან კომუნიკაცია კი ფაქტობრივად არ არის. ქვეყანაში მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს სრულფასოვან ალტერნატივას - ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალური შესაძლებლობაც და რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა უკეთესი იქნება. ნდობის დასაბრუნებლად აუცილებელია ხალხთან მუშაობა. არ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ ეს აშკარად არ კმარა. დღეს მხოლოდ ხალხია ის ძალა, რომლისაც ხელისუფლებას რეალურად ეშინია. თუ ახალი ალიანსი შეძლებს საზოგადოებრივი პროტესტის მობილიზებას, მაშინ ის შეიძლება იქცეს სერიოზულ ძალად, რომელიც მომავალში რეალურად მოახერხებს ცვლილებებს. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ისევ იმ მოცემულობას მივიღებთ, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”.

სუს-ის გამოძიება - როგორ აფასებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კვირას საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წევრი გიორგი კანდელაკი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი. საქმე აღძრულია სსკ-ის 319-ე მუხლით - უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წინა დღით დაიკითხა ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე და დაბარებულია გამოკითხვაზე ოპოზიციონერი გივი თარგამაძე, თუმცა ის ქვეყნიდან 7 მარტს გავიდა და საქართველოში არ იმყოფება. გამოძიებას შეკითხვები აქვს მათ განცხადებებთან დაკავშირებით, ქვეყანაში “ირანის მზარდი გავლენის შესახებ”. სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ტერორისტების გადამზადება და რეკრუტირება, ეს “ქვეყნის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ბრალდებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სუს-ის გამოძიება - რას აცხადებენ გამოკითხვიდან გამოსულები და როგორ აფასებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში.

“როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ერთი მხრივ რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. “უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად ჰრაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს - და ამ დროს, მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ. ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას”,- წერს “ფერედალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია. კანდელაკი 8 მარტს საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ორი საათი იკითხებოდა, როგორც დაკითხვიდან გამოსულმა განაცხადა, სუს-ის გამომძიებლებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ “ჰადსონის ინსტიტუტის” იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც 3 მარტს გასაჯაროვდა “საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ” და რომლის ერთ ერთი ავტორიც თავად გიორგი კანდელაკია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კითხვაზე, კვლევა რატომ გასაჯაროვდა მაინცდამაინც ახლა ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს, კანდელაკი აღნიშნავს, “ეს უბრალოდ დამთხვევაა” და მასში აღწერილი ფაქტები “საჯაროდ არის ცნობილი”. მისი თქმით, “აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენაა საქართველოში და რეაგირებას ეს საჭიროებს. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ტერორიზმის გამოა დასანქცირებული, საჯაროდ არის ცნობილი და არაერთი მოსმენა გამართულა ამერიკის კონგრესში ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ეს დიდი ქსელია საქართველოში. სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით და ყვირიან, რომ ჩვენ მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო...” - დასძენს კანდელაკი. მანამდე თავდაცვის ექს მინისტრი თინა ხიდაშელი იყო საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე, მისი თქმით, გამოძიებას კითხვები “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა, როცა თქვა, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ უნივერსიტეტი, რომელიც “ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალია, არც უნივერსიტეტია. საბედნიეროდ, აკრედიტაცია მიღებული არ აქვს, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ... გიდასტურებთ, რომ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ 3 ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს”, - განაცხადა ხიდაშელმა. ამავე გამოძიების ფარგლებში 7 მარტს საღამოს გამოიკითხა ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა. “შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს”, - თქვა სანიკიძემ. გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც დაიბარეს, თუმცა, ის ქვეყანაში არ იმყოფება”, - დასძენს გამოცემა.

“თარგამაზე დოკუმენტს აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორია თბილისის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე დატოვოს. “ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი “საქოცეთი”, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით”,- წერს თარგამაძე. მანამდე სუს-მა განაცხადა, რომ “მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით”. მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა, “როუმინგი” და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც, როგორც კი ტელეფონს ჩართავს, შეატყობინებენ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებულ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა ღირს ომი?! - ლიანა ჯერვალიძე

“ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში უპრეცედენტო კრიზისი შეიქმნა, რასაც ანალიტიკოსები გლობალური ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ სრუტე იურიდიულად არ დახურულა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუქარამ და კომერციულ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა მისი დე ფაქტო ბლოკადა გამოიწვია. გადამზიდავმა კომპანიებმა და სადაზღვევო სააგენტოებმა უარი თქვეს გარისკვაზე, რის გამოც სპარსეთისა და ომანის ყურეებში ასობით ტანკერი მოლოდინის რეჟიმშია გაჩერებული. ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობით ვაჭრობის 20%-მდე გადის, რაც დღეში 20 მილიონი ბარელია. ბაზრიდან ამ მოცულობის გაქრობამ ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა უკვე გადააჭარბა 90 აშშ დოლარს ბარელზე და ანალიტიკოსების ვარაუდით, ბლოკადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ადვილად გადასცდება 100-დოლარიან ნიშნულსაც. საფრთხე ემუქრება ევროპის ენერგოუსაფრთხოებასაც, რადგან სრუტეზე გადის თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიო ვაჭრობის ასევე 20%, რომელიც ძირითადად კატარიდან მოედინება. შედეგად, ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი მყისიერად გაორმაგდა და მეგავატ-საათზე 30 ევროდან 60 ევრომდე ახტა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა ღირს ომი?!

“კრიზისი შეეხო გლობალურ სასოფლო-სამეურნეო მიწოდებასაც, ვინაიდან სრუტეზე გადის ყველაზე მოთხოვნადი სასუქის გლობალური ვაჭრობის მესამედი. ისტორიულ მაქსიმუმზეა სადაზღვევო პრემიებისა და ტანკერების ქირაობის ფასები. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კი, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა აღმოჩნდნენ, რადგან სრუტეში გამავალი ნავთობის 80%-ზე მეტი სწორედ მათკენ მიემართებოდა. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის, ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დასავლელი ეკონომისტები შიშობენ, რომ ეს ინფლაციის ახალ ტალღას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, შეაფერხებს ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესს და გლობალური სტაგფლაციის საფრთხეს მნიშვნელოვნად გაზრდის. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი, რა გავლენა ექნება რიგით ადამიანებზე და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, ან რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ეს ომი გაგრძელდა, მსოფლიო ნავთობისა და გაზის ფასების კატასტროფულ ზრდას უნდა ელოდოს. ეს გამოიწვევს გლობალურ ინფლაციურ ტალღას და დეინდუსტრიალიზაციას, რაც პირველ რიგში ევროპაზე აისახება. ევროპული ეკონომიკა დიდწილად ამ რეგიონიდან, ასევე ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მიღებულ რესურსებსა და პროდუქციაზეა დამოკიდებული, უბრალოდ, “ჩაწვება”. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რამდენად ღრმა იქნება ის ეკონომიკური ორმო, რომელშიც მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების ჩახსნის გამო აღმოჩნდება. ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მეყსეული შედეგია. ენერგომატარებლების გაძვირება კი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რადგან მათ ფასზე, ფაქტობრივად, გლობალური ეკონომიკის ყველა სექტორია დამოკიდებული. ენერგორესურსების ღირებულების ცვლილება პირდაპირ აისახება წარმოების ხარჯებზე, ტრანსპორტირებასა და სამომხმარებლო პროდუქტების საბოლოო ფასზე, რაც ინფლაციურ პროცესებს უფრო აჩქარებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლიანა ჯერვალიძე.

“დღეს ენერგეტიკული ალტერნატივა კვლავ რუსეთია. არსებული ინფორმაციით, ტრამპმა ინდოეთს ნება მისცა სანქციების გვერდის ავლით შეისყიდოს რუსული ნავთობი, რადგან გლობალურ ბაზარზე სხვა ალტერნატიული რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს. შედეგად, ინდოეთმა განაახლა რუსული ნედლეულის შესყიდვა იმავე მასშტაბით, როგორც ამას აკრძალვამდე აკეთებდა. ენერგობაზარზე შექმნილმა კრიტიკულმა დეფიციტმა ვაშინგტონი აიძულა, სანქციების პოლიტიკაში გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, რათა თავიდან აეცილებინა ფასების უფრო მეტი ზრდა. ევროპა იძულებული გახდება რუსეთისგან ენერგორესურსები ძალიან ძვირად შეიძინოს. იმ მოცულობას, რასაც სპარსეთის ყურიდან და ჰორმუზის სრუტიდან იღებდნენ, სხვა წყაროებით ვერ ჩაანაცვლებენ. მართალია, ვენესუელა ამერიკის კონტროლის ქვეშ გადავიდა, მაგრამ ხანგრძლივი სანქციების გამო მისი საწარმოო ბაზა და მილსადენები სრულ განახლებასა და დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. ერთადერთი გამოსავალი მოხმარების შემცირებაა, რაც პირდაპირ ნიშნავს ენერგიის მიწოდების შეზღუდვას ან ინდუსტრიისთვის, ან მოსახლეობისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ზაფხულში ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, აპრილიდან კი გაზსაცავების შევსება უნდა დაიწყოს, რათა ევროპა ზამთარს მომზადებული შეხვდეს. ამ კრიზისისგან გარანტირებულად დაზღვეული მხოლოდ ამერიკაა, რომელიც გაზს საკუთარი წარმოებით უზრუნველყოფს, მსუბუქ ნავთობს კი მექსიკიდან და კანადიდან იღებს. მართალია, არსებობს მილსადენი, რომელიც წითელ ზღვაზე გადის, თუმცა ის სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობას. საუბარი არ არის მხოლოდ ნედლ ნავთობზე; სრუტის მეშვეობით ხდებოდა დიზელის, ბენზინისა და საავიაციო საწვავის ტრანსპორტირებაც, რასაც საუდის არაბეთის უმსხვილესი გადამმუშავებელი ქარხნები აწარმოებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მილსადენებით ძირითადად ნედლი ნავთობი გადაიქაჩება, მზა პროდუქცია კი ბაზრებზე ტანკერებით გადის, რისთვისაც ჰორმუზის სრუტე კვლავაც შეუცვლელია. სრუტის გახსნა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე მძაფრი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ირანი იარაღს დაყრის და კაპიტულაციას გამოაცხადებს. თუმცა, რამდენად დათანხმდება ირანი ამ პირობებს, ძნელი სათქმელია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ირანის დესტაბილიზაცია მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ნიშნავს. ასეთ პირობებში 90-მილიონიანი მოსახლეობის შეკავება შეუძლებელი გახდება - ხალხი მთელ რეგიონში გაიფანტება, რაც მასობრივ მიგრაციასთან ერთად, ტერორისტული ჯგუფების გააქტიურებასა და საერთო ქაოსს გამოიწვევს. ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასაც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროპა იძულებული გახდა, გადასულიყო გაცილებით ძვირ რესურსზე და ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ რუსული ნედლეული იყო, რომელიც მრავალი შუალედური რგოლის გავლით მიეწოდებოდათ, რაც პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებდა. დღეს კი მოწმენი ვართ მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიწოდების ჯაჭვის ჩახსნისა. თუ უკრაინის კრიზისი ევროკავშირზე დარტყმა იყო, ირანის კონფლიქტი პირდაპირ აზიურ ბაზრებზე - ინდოეთსა და ჩინეთზე ახდენს გავლენას. მაგალითად, იაპონიაში ენერგორესურსების 90% სწორედ ამ რეგიონიდან შედის. მიწოდების ჯაჭვების აღდგენის გარეშე იაპონია, სამხრეთი კორეა და ჩინეთი იძულებული გახდებიან ენერგომატარებლების მისაღებად ისევ რუსეთს მიმართონ”, - დაასკვნის ლიანა ჯერვალიძე და შეკითხვაზე - “როგორ შეიძლება ბაქო-ჯეიჰანის მილსადენების გამოყენება?.." - პასუხობს:

“ბაქო-სუფსის მილსადენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, ფაქტობრივად გაჩერებულია. 5-დან 7 მილიონ ტონამდე გამტარუნარიანობის მილსადენში ერთი წვეთი ნავთობიც აღარ გადის. ოფიციალურ მიზეზად შავ ზღვაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სახელდება, თუმცა პარალელურად ვხედავთ, რომ თურქეთი ჩვეულებრივ იღებს რუსულ ნავთობს, გადაამუშავებს და ევროპაში შეაქვს. მილსადენის გაჩერებით საქართველო დიდ ფინანსურ შემოსავლებს კარგავს, ევროპული ბაზარი კი მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს. საქართველოში გვყავს ენერგეტიკის სფეროს პროფესიონალების ძალიან კარგი ჯგუფი, რომელიც წლებია ამ საკითხებზე მუშაობს და ბაქო-სუფსის მილსადენის გააქტიურების თემა ადრეც არაერთხელ დააყენეს...”

“თავის დროზე, ამ პროექტით უცხოელი ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მაშინ მისი ამუშავება ვერ მოხერხდა. იმედია, არსებულ ვითარებაში მილსადენის ამოქმედება მაინც მოხერხდება, რადგან წლიურად 5-დან 7 მილიონ ტონამდე ნავთობის გატარება სოლიდური მაჩვენებელია და მნიშვნელოვანი წვლილი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისთვის. წლიურად რამდენიმე მილიონი ტონის გატარება უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. ამ მილსადენის ამუშავება ახლა ყველაზე უპრიანია და აუცილებელია, ქართულმა მხარემ ამაზე ხმა აიმაღლოს, რადგან ეს ინფრასტრუქტურა ჩვენიცაა და არა მხოლოდ რომელიმე კონსორციუმის. დღეს არსებული ვითარება გამჭვირვალეა - მიმდინარეობს ომი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაცხრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიქცევა. ეს კრიზისი დაარტყამს ყველას: მომხმარებელს, მწარმოებელსა და ექსპორტიორს. ყურის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე არიან დამოკიდებული, ყოველდღიურად კარგავენ შემოსავლებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ამ ქვეყნების მმართველები ზღაპრულად მდიდრები არიან, სახელმწიფოებრივ დონეზე ქაოსი და გაღატაკება მათაც ისევე დაემუქრებათ, როგორც სხვა დანარჩენებს”, - დასძენს ჯერვალიძე.

რისთვის ჩამოდის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია - თბილისში ვიზიტის მიზნები

“საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , - ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ჩამოდის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია - თბილისში ვიზიტის მიზნები.

“პრესრელიზის თანახმად, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალონ”, - ნათქვამია პრესრელიზში. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ვიზიტის შემდეგ გამოხატავენ შეშფოთებას და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეთი ვიზიტი პირველი ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, მრავალი წელია მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა მცდარი შეშფოთება გამოთქვან, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ბოლო დროს მიღებული კანონები დემოკრატიას არ შეესაბამება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ოფიციალური თბილისის ოფიციალური პასუხი იქნება ის, რაც აქამდე მოგვისმენია, რომ სუვერენიტეტის გამტკიცება არ ნიშნავს დემოკრატიისგან გადახვევას და გაცილებით მკვეთრი რეზოლუციები თუ კანონები, სხვა ქვეყნებში არსებობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ისინი ბოლომდე დაიცავენ მშვიდობიანი განვითარების გზას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

თორნიკე შარაშენიძე - “არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს”

“როცა ამერიკა ბომბავს ირანს, იქ რუსეთმა რა უნდა გააკეთოს? ვერანაირად ვერ ჩაერევა. შეუძლია მხოლოდ იარაღი მიაწოდოს, მაგრამ უკრაინაში ომის გამო ზედმეტი შეიარაღება არა აქვს. მიწოდებასაც ლოჯისტიკა სჭირდება. უკრაინაში ადვილია - აწვდიან პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ა.შ. ირანის გამო ამერიკასთან ომში, ცხადია, არ ჩაებმებოდა, ეს სისულელეა. ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთთან ომს ერიდებიან... ჩინეთს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს, რადგან ირანი მისი დიდი ნავთობმიმწოდებელია, რუსეთს კი ნავთობი არ სჭირდება, პირიქით, ამ სიტუაციაში ჩინეთი მისგან უფრო მეტს ყიდულობს... ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებზე სერიოზული შეტევები აღარ ყოფილა. გაანადგურეს ბუნკერების დიდი ნაწილი, სადაც რაკეტები და დრონები ინახებოდა”, - აცხადებს ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს”.

“საკითხავია, მერე რა იქნება? შეიძლება მივიღოთ სირიის მსგავსი ქაოსი და ამის საშიშროება ძალიან დიდია. ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც დასრულებულია, თუ რაღაც სიურპრიზი არა აქვთ შემონახული. ევროპის თავშეკავებული განცხადებები გასაგებია - რეგიონში სიტუაციის არევის შემთხვევაში ქაოსი მას მისწვდება, ამერიკა კი შორს არის. ევროპა ასევე დამოკიდებულია ამ რეგიონის ნავთობზე. ჰორმუზის სრუტე ერთი კვირაა დაკეტილია და ევროპა ზარალს ნახავს. მართალია, გაზსაცავებში ჯერ კიდევ აქვთ მარაგი, მაგრამ ნავთობის მხრივ რა იქნება და როდის გაიხსნება სრუტე, უცნობია. გასაგებია ესპანეთის განცხადებებიც, ის არ უჭერს მხარს ამერიკას, დიდად არ ადარდებს მისი მუქარა, რომ აღარ დაიცავს - მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. ამიტომაცაა ორიენტირებული საკუთარ ეკონომიკურ ზრდაზე და არა მილიტარისტულ ბიუჯეტზე. გარდა ამისა, მათ ტერიტორიაზე ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და არ სურთ მათი განაწყენება. ბრიტანეთშიც მსგავსი ვითარებაა. იქაც მიიჩნევდნენ, რომ ეს ომი საჭირო არ იყო და ამერიკას სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედა. ბრიტანეთსაც ბევრი მუსლიმანი მოქალაქე ჰყავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ომის პირველივე დღეს, თანაც რამადანის დროს, შიიტების სულიერი ლიდერი მოკლეს, შიიტები კი გაცი­ლებით ფანატი­კოსები არიან. ამიტომ­ ტრამპის ეს ნაბიჯი ბევრმა ვერ გაიგო, მგონი, ვერც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამერიკამ ეს ომი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე დაიწყო. ნატოს წევრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ - ასეთი რამ მხოლოდ ჰიპოთეზური იყო და ისიც ისრაელისთვის, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. ნატოს წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის დახმარებაზე არიან ფოკუსირებული, თუმცა დახმარება ძალიან უჭირთ, რადგან ამერიკა უკრაინას შეიარაღებას აღარ აწვდის. ვფიქრობ, ირანში დახარჯული რესურსის გამო უკრაინა კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს დახმარებას... როგორც ჩანს, ამერიკამ და ისრაელმა ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ სხვებს არაფერი ჰკითხეს. ახლა უმთავრესია, რა შედეგს მივიღებთ. თუ ირანში “სირიის ვარიანტი” განმეორდა, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა არ იქნება, იქაც მშვიდობიანი ადამიანები იხოცებიან, ხოლო თუ საკითხს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ, ამას ნავთობის ფასების სერიოზული ზრდა მოჰყვება. ირანში არეულობა ტერორისტული ჯგუფების გაჩენას ნიშნავს, რაც საფრთხეს შეუქმნის მეზობელ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებს”, - განაგრძობს ჯიპა-ს პროფესორი.

“ირანული ნავთობის ექსპორტი შეიძლება საერთოდ შეწყდეს. ევროპას ეს სიტუაცია არ აწყობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაზის ფასი ისედაც გაორმაგდა, ახლა კი ნავთობიც ძვირდება, რაც სამომხმარებლო ბენზინზე უკვე აისახა... სწორედ ამიტომ იბრძვის ორბანი “დრუჟბას” ნავთობსადენის განახლებისთვის - მას რუსეთიდან იაფი ნავთობის მიღება სურს. ჩინეთიც და ინდოეთიც რუსულ ნავთობს შედარებით იაფად ყიდულობენ. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა ახლა შეიძლება დროებითია, მაგრამ თუ ირანში ქაოსი გახანგრძლივდა, ფასები მაღალ ნიშნულზე დიდი ხნით დარჩება. ვფიქრობ, ისრაელს ირანში “სირიის ვარიანტის” შექმნა აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებმა საბოლოოდ მასზე დადებითად იმოქმედა. სირია, როგორც საფრთხე, ისრაელისთვის განეიტრალდა. ამიტომ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ირანშიც ჯობს ქაოსი იყოს, ვიდრე მუდმივად დაბომბვის მოლოდინში იყვნენ. რამდენად რეალური იყო ირანის მიერ ისრაელის დაბომბვის საფრთხე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, ისრაელი ირანს ყოველთვის პირველი ბომბავდა. არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს, რადგან ამერიკის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერავინ გადაუდგება. თავად ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს და ირანში იმ ჯანსაღ ძალებს დაელაპარაკოს, რომლებიც კომპრომისზე წავლენ”, - დასძენს თოენიკე შარაშენიძე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება