საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ - სტარი 2026“ ნახევარფინალი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში, პოპულარული სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი 2026“ ნახევარფინალი - „რეტრო ტური“ გაიმართა, რომელშიც ამ ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში გამარჯვებული შვიდი საუკეთესო სტუდენტი-ვოკალისტი მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით იმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის - გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის - გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება.

„სტუ სტარი“, რომელმაც მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტთა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, ხოლო ორგანიზატორი, ავტორთან ერთად - სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. „სტუ სტარი 2026“-ის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი ქეთევან ოძელაშვილი, მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 5-წევრიანი ჟიური, რომლის მეხუთე წევრი თითოეული ტურის მუსიკალური ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება.

კონკურსის ნახევარფინალური „რეტრო ტურის“ მონაწილე სტუდენტებმა - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან ნინი იმნაძემ, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან ნინი ჯაფარიძემ და თემუკა ცინცაძემ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან რუსა მელიქიძემ და მარიამ ნარიმანიძემ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ნურანა შიუკაშვილმა და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან იკაკო ალექსიძემ, ცოცხალი ბენდის თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვოკალურ-საშემსრულებლო მემკვიდრეობა გააცოცხლეს და მაყურებლის წინაშე გასული საუკუნის 50-70-იანი წლების იმ ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგნენ, რომლებსაც წარმატებით ასრულებდნენ იმ დროის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები - ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერლები.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარის“ ფინალურ ტურში მონაწილეობას შვიდიდან მხოლოდ ხუთი საუკეთესო შემსრულებელი მიიღებს.

„წლევანდელი „სტუ სტარი“ გამორჩეულად საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რადგან კონკურსში მონაწილე სტუდენტები მართლაც რომ გამოირჩევიან თავიანთი ვოკალური მონაცემებით, ნიჭიერებითა და საშემსრულებლო მანერით. მონაწილეებს მთელი უნივერსიტეტი გულშემატკივრობს - ამ მიზნით ქომაგთა ორგანიზებული ჯგუფებია შექმნილი. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერი კონკურსი შეჯიბრობითობის პრინციპს ემყარება, მიუხედავად ამისა, ძალიან გვწყდება გული, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ნახევარფინალური ტურის შემდეგ კონკურსს ორი შემსრულებელი გამოეთიშა. ასე რომ, მოუთმენლად ველით ფინალურ ტურს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები: თემუკა ცინცაძე, რუსა მელიქიძე, მარიამ ნარიმანიძე, ნინი იმნაძე და იკაკო ალექსიძე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს“, - ამბობს ლევან ფიფია.

საუნივერსიტეტო ახალგაზრდული პროექტის ავტორის - ნათია ივანაშვილის თქმით, „სტუ სტარი“ კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენისა და მათი მხარდაჭერა-პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.

„შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ სტარი“ ერთ-ერთ პოპულარულ სტუდენტურ პროექტად იქცა. კონკურსი ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის თავიანთი ნიჭი ფართო აუდიტორიას გააცნონ, სცენაზე გამოსვლის გამოცდილება მიიღონ და საშემსრულებლო უნარების გასავითარებლად პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგან. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნიჭიერი სტუდენტი ერთვება, ხოლო საუნივერსიტეტო კონკურსი ნამდვილი შემოქმედებითი პლატფორმა ხდება, სადაც მუსიკა, ემოცია და ახალგაზრდული ენერგია ერთიანდება. დარწმუნებული ვართ, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, „სტუ სტარი“ მომავალშიც დარჩება იმ სივრცედ, რომელიც ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის“, - აღნიშნავს ნათია ივანაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს, „სტუ სტარის“ ფინალურ ღონისძიებაზე ჟიური კონკურსის გამარჯვებულ ორ სტუდენტს - 2026 წლის „სტუ სტარს“ და II საპრიზო ადგილზე გასულ შემსრულებელს გამოავლენს. რაც შეეხება „სტუ სტარის“ გალა კონცერტს, მასში მონაწილეობას ყველა კონკურსანტი მიიღებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება