ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს უკიდურესად მრუდე ლოგიკა იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც საუბრობს, რომ ქვეყანა საფრთხეშია იმათ იბარებენ [სუს-ში გამოკითხვაზე] და ვინც საფრთხეს უქმნის ის ხალხი ჩვეულებრივად ქუჩაში დადის და მანიფესტაციას ატარებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ისაუბრა სუს-ში 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებაზე, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის მისი მამა, გუბაზ სანიკიძე.
„ქართული ოცნება“ განსაკუთრებით უფრთხის ირანის ისლამური რესპუბლიკის ხსენებას იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა, მათ შორის ირანში, როდესაც ათობით ათასი ადამიანი არის ქუჩაში დახვრეტილი .„ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილობს, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით ურთიერთკავშირის დადგენა მათი რეჟიმსა და აიათოლას რეჟიმს შორის. ის ადამიანები, რომლებიც არიან კომპეტენტურები ამ საკითხში და ირანის თემას მაქსიმალური სიღრმით ფლობენ, შეიძლება მიკერძოებული ვარ, შვილი ვარ, მაგრამ მამაჩემი ნამდვილად არის ამ ქვეყანაში ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი მცოდნე, რასაც ისლამის და ზოგადად, რელიგიური უსაფრთხოების საკითხების ცოდნა ჰქვია, შესაბამისად, სუს-ს და ივანიშვილის რეჟიმს ძალიან აწუხებთ იმ ადამიანებს არათუ ქმედება, არამედ საუბარი, რომლებიც მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას შეიძლება შეექმნას. მე ასე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის არათუ უსაფრთხოების გარანტი, არამედ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე და ამას ხომ მოხერხება სჭირდება, როგორ შეიძლება ქვეყანამ, ქართულმა სახელმწიფომ ლამის უკვე მტრად მოიკიდოს ისრაელი. ისრაელის საელჩოს განცხადება არის ძალიან მძიმე განცხადება და ისრაელი, საბედნიეროდ, არასდროს გახდება ამ ქვეყნის მტერი, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე არის. ივანიშვილის რეჟიმს, განსაკუთრებით ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობის დროს აქვს არსებითი გამოწვევა, რომ არ მოხვდეს მათი დაკავშირება რაიმე ფორმით ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. უკვე არიან დაკავშირებულები და ნაცვლად იმისა, რომ ეს ქმედებები აქარწყლებდეს საფუძვლიან ეჭვს, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს, პირიქით, ადასტურებს.
ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს უკიდურესად მრუდე ლოგიკა იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც საუბრობს, რომ ქვეყანა საფრთხეშია იმათ იბარებენ [სუს-ში გამოკითხვაზე] და ვინც საფრთხეს უქმნის ის ხალხი ჩვეულებრივად ქუჩაში დადის და მანიფესტაციას ატარებს. ბოდიში, მაგრამ ამ ქვეყანაში, იმ ვითარებამდე თუ ვართ მისული, რომ აიათოლა ხამენეის მომხრეთა აქციები უნდა ჩატარდეს და ამ დროს, მე როდესაც ვითხოვ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და რუსთაველის გამზირზე უნდა დამაკავონ იმის გამო, რომ ტროტუარზე ვდგავარ, აი, რა ლოგიკაა ეს, ვინმემ ამიხსნას. ქვეყანაში ჩვეულებრივად ტარდება აშშ-ს მთავარი მტრის სამგლოვიარო აქციები“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „ფაქტია, რომ დასავლურ ცივილიზაციასთან დაპირისპირების ხარჯზე ამ ქვეყანას მიათრევენ რუსეთ-ირანის ამ გაუგონარ ღერძზე“.
ლევან სანიკიძემ ასევე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „ოპოზიციური ალიანსის“ შეხვედრაზე. მისი თქმით, ცალკე შეხვედრები გაიმართება პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან. სანიკიძის შეფასებით „ოპოზიციურ ალიანსს“ მიაჩნია, რომ მათი მოკავშირეობით, თანადგომით და პირიქით, ასევე ალიანსის მხრიდან გამოჩენილი მაქსიმალური მხარდაჭერით, შესაძლებელი არის პროტესტის გაძლიერება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების ჩატარება.
„კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. აგრეთვე, პროტესტში მონაწილე ადამიანების აღრიცხვასთან დაკავშირებით, რომ უფრო ორგანიზებულები ვიყოთ, იმიტომ, რომ თუკი რამე აკლია ჩვენს პროტესტს, სულისკვეთება, თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი ნამდვილად არ აკლია, მაგრამ შეიძლება ორგანიზებულობა აკლდეს. ამიტომ, ჩვენ როლს მივიჩნევთ, მათ შორის იმაში, რომ პროტესტი ბევრად უფრო მეტად ორგანიზებული იყოს, უფრო მეტად იცნობდნენ ერთმანეთს ის ადამიანები, ვინც თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არიან ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ოპოზიციური ალიანსისთვის“ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები დგას: საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების არაღიარებას, საპროტესტო მოძრაობის გაძლიერება, საერთაშორისო მასშტაბით უფრო გააქტიურება და პარტიათა ქცევის კოდექსი, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ურთიერთთავდაუსხმელობას, რა თქმა უნდა, პერსონალურ დონეზე, რომ უნდა დამთავრდეს ეს მუდმივი „კაკაფონია“ ოპოზიციურ პარტიებს შორის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.