დღეს გამოქვეყნდება უნივერსიტეტების დაზუსტებული კვოტირების ნაწილი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამა და კვოტირების ნაწილი გარკვეული ტიპის ცვლილებებს დაექვემდებარა. მათ შორის, რამდენიმე პროგრამა დამატებულია, რომელიც უნივერსიტეტის მოთხოვნით გახდა უნიკალური,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით არ იგეგმება.
„საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა. ამ ეტაპზე, უნივერსიტეტების კვოტირების საკითხები ფაქტობრივად დადასტურებულია. დღეს გამოქვეყნდება ბოლო დაზუსტებული კვოტირების ნაწილი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ვფიქრობ, რომ სურათი ძალიან საინტერესოა. ამ მიმართულებით, ცვლილებები აღარ იგეგმება.
რაც შეეხება მისაღები გამოცდების მოსამზადებელ სტადიას, ამ მიმართულებითაც სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და ყველა ვადა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, სრულად იქნება დაცული.
როგორც მახსოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე პროგრამა და კვოტირების ნაწილი გარკვეული ტიპის ცვლილებებს დაექვემდებარა. მათ შორის, რამდენიმე პროგრამა დამატებულია, რომელიც უნივერსიტეტის მოთხოვნით გახდა უნიკალური. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებები არის, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით არ იგეგმება.
რაც შეეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ის სრულად ახალ სიცოცხლეს მიიღებს, ვგულისხმობ აგრარული მიმართულების გაძლიერებას. თუ დავამატებთ იმასაც, რომ მათ დარჩებათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - აფხაზეთის კვლევების მიმართულებით გარკვეული ტიპის პროგრამები, ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ კვლევითი მიმართულება. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და მხარდაჭერის ნაწილი კიდევ უფრო გაძლიერდება.
რაც შეეხება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წინსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან აქტიურად მუშაობს ტურიზმის პროგრამაზე იმ რეფორმის ფარგლებში, რაშიც გვინდა, რომ ტურიზმის მიმართულება იყოს განვითარებული. გარწმუნებთ, რომ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მიმართულებით უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე, ისაუბრა უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ კვოტებზეც. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მათთვის გათვალისწინებულია 5%-იანი კვოტა, ხოლო კერძო უნივერსიტეტებისთვის არსებული კვოტის გაზრდა იგეგმება.
„ამ კუთხით ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაციაა. მთავრობის დადგენილებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ საერთო კვოტირების 5% სახელმწიფო უნივერსიტეტებს მთლიანად უნარჩუნდებათ უცხოენოვანი სტუდენტების მხრივ. თავდაპირველ კვოტაში გათვალისწინებული არ იყო. საერთაშორისო სტანდარტების შედეგად 5%-იანი კვოტა გვაქვს განსაზღვრული. კერძო უნივერსიტეტებში პირიქით, არა მარტო იზღუდება, არამედ იგეგმება კვოტირების გაზრდაც. მეტი მოლოდინები გვაქვს, რომ კერძო უნივერსიტეტებში გადანაცვლების შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლები გაჩნდება ქვეყანაში“,- აღნიშნა გაბისონიამ.
მისი მოლოდინით, იმ წელს, როდესაც მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ერთად დაამთავრებენ სკოლას, გაზრდილი აბიტურიენტების რაოდენობის გამო, შესაძლებელია იყოს გარკვეული ტიპის შეღავათები.
„იმ წელს, როდესაც მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის ბავშვები ერთად დაამთავრებენ, ეს იქნება ერთჯერადი. გვაქვს, დაახლოებით, 2-წლიანი მოსამზადებელი პერიოდი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ყველა ის სპეციფიკა, რაც ამ შემთხვევაში, 60 ათას აბიტურიენტთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს, სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება. ყოველწლიურად უნდა მოხდეს ბაზრის კვლევების გადამოწმება, შესაბამისად მოხდება კვოტირების გადანაწილებაც.
იმ ერთ წელს, შესაძლოა იყოს გარკვეული ტიპის შეღავათები“,- აღნიშნა გაბისონიამ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების შემოღების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ფორმების დიზაინი უკვე დადასტურებულია.
„სახელმწიფო და სამინისტრო ძალიან ინტენსიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო ფორმების დიზაინია უკვე დადასტურებული, ასევე, შეკვეთის ფორმატიც მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ვადები ძალიან შემჭიდროებული გვაქვს და საუბარი არის საკმაოდ დიდი რაოდენობის ფორმებზე. შესაბამისად სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ.
ამაში, მათ შორის ადგილობრივი კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, ნებისმიერი მათგანი, რომელიც კანონმდებლობით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო წარუდგენს. გვინდა, რომ ინტენსიურად იყოს ჩართული პროფესიული სასწავლებლები ამ ნაწილში. ვგეგმავთ, რომ ბევრი საინტერესო შეთავაზება იყოს სახელმწიფოს მხრიდან.
სოციალური მიმართულებით სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ფორმების ნაწილს. რაც შეეხება კონკრეტულ ფასს, ამ შემთხვევაში, გამიჭირდება ზუსტი ფასის დადგენა, მაგრამ გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება იმასთან, რაც სტანდარტულად მშობლებს უჯდებათ სასწავლო წლის დაწყებისას“,- აღნიშნა გაბისონიამ.