კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში, მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა.
სააგენტოს ცნობით, კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ასევე, ღონისძიების მნიშვნელობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერების ადგილობრივ და საერთაშორისო
ინსტრუმენტებზე ისაუბრეს ღონისძიების განმახორციელებელი მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
როგორც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2026-2027 წლებში საქართველო მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს - ICPEN-ს უხელმძღვანელებს, რაც ინსტიტუციური განვითარების, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმ პროგრესის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ მომხმარებელთა დაცვის სფეროში განახორციელა.
„ამავე კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სააგენტომ, 2025 წელს, ICPEN-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული - მომხმარებელთა განათლების ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ინფორმირება და განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.
მანვე, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
“მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამართლებრივი ჩარჩო, არამედ მკაფიო და პრაქტიკული სახელმძღვანელოების შექმნა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტოს მიერ, 2025 წელს შემუშავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის: ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო, სააგენტოს მიერ 2022-2025 წლებში დადგენილი სტანდარტების გზამკვლევი და გარემოსდაცვითი ხასიათის განაცხადების შესახებ პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა,”- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
GCCA-ის თავმჯდომარემ ყურადღება დაუთმო სააგენტოს პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბებულ იმ მნიშვნელოვანი სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებლის ინტერესების დაცვასა და სამართლიანი კომერციული პრაქტიკის დამკვიდრებას ემსახურება.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიზნით დანერგილ სტანდარტებს მიმოიხილავენ. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ელექტრონული კომერციის და მწვანე სარჩელების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტების პრეზენტაციას წარადგენს.
კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები დაგეგმილია გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში. შეხვედრებზე კვირეულის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ისაუბრებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და აღსრულების მექანიზმებზე, მიმოიხილავენ გასულ წლებში მიღწეულ შედეგებს, წარადგენენ შემუშავებულ გზამკვლევ დოკუმენტებს და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხებენ.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.