საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამადასტურებელი სიგელები გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს - გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანსა და თამაზ ბაციკაძეს გადასცა. აღნიშნული საპატიო ჯილდო ასევე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს - გიორგი ცაავას მიენიჭა.
როგორც დავით გურგენიძემ აკადემიურ საბჭოზე განაცხადა, პროფესორებს - გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანს, თამაზ ბაციკაძესა და გიორგი ცაავას ათეულობით წელია განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში, ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ახალი თაობის სწავლების პროცესში, რის საფუძველზეც აკადემიურმა საბჭომ მათი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდოა, რომელიც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის, პროფესიული თავდადებისა და უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის გაიცემა. ეს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან არა მხოლოდ მეცნიერების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.
ამჯერად, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო გადავეცით გამორჩეულ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაში. მათი საქმიანობა, სამეცნიერო მიღწევები და სტუდენტებთან მუშაობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს მეცნიერი ინჟინერიის განვითარებას, ცოდნის გავრცელებასა და საზოგადოებრივ პროგრესს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს მეცნიერებისა და განათლების სამსახურში,“ - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.