„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორობით გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების გამო.
„ეს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევაა, რომელიც მომზადებულია ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად. ანგარიში ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ შემოწმებულ ინფორმაციას, როგორც ეს კვლევის შენიშვნებშია მითითებული და ჰადსონის ინსტიტუტი თავისი დასკვნების უკან დგას“, - აცხადებს უოლტერსი.
მისი თქმით, „ეს კვლევა გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის ძალას წარმოადგენს“.
„ხელისუფლება კვლევის ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნაცვლად, დასკვნებით უნდა იყოს შეშფოთებული, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეფუძნება და ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს ცნობები. კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის მკაფიო და სისტემურ სურათს აღწერს. მსგავსი განვითარება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს ინტერესებს და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“, - აღნიშნავს „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი.