თეონა აქუბარდია - სუს-ის ისტორიაში არასდროს მომხდარა ანალიტიკოსი მოსაზრების გამო დაებარებინათ სისხლის სამართლის მუხლით - ვფიქრობდი, საჯარო ლექციების შეთავაზებას მდინარაძისთვის, რომ ვასწავლოთ, რაღაც პოლიტიკა აწარმოონ საფრთხეების შემცირებისთვის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიზებულია და მისი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი, ყოფილი სამხედრო პირი და ექსპერტი.

პოლიტიკოსის განცხადებით, სუს-ის არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ანალიტიკოსის მოსაზრების ან საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული კვლევის გამო საქართველოს მოქალაქეებს სისხლის სამართლის მუხლით იბარებენ.

„დღევანდელი სუს-ი და ადრინდელი სუს-ი სხვადასხვაა. მაშინ, როდესაც იყო გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა ვითარება იყო, დღეს მამუკა მდინარაძე გვყავს და სხვა ვითარებაა. სუს-ი 2015 წლიდან არსებობს და მისი არსებობის ისტორიის მანძილზე არასდროს მომხდარა ანალიტიკოსის მოსაზრების გამო, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავებული კვლევის გამო, დაებარებინათ საქართველოს მოქალაქე, მით უფრო ის სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც გვითხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის კანონის მიხედვით რუსეთია მტერი და ოკუპანტი, სუს-ის განცხადებებსა და ანგარიშებში, უფრო და უფრო, იკვეთება ის, რომ დღეს დასავლეთია ქვეყნის მტერი და არა რუსეთი. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, თინა ხიდაშელი იყო თავდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი. გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მრჩევლობას აბრალებენ, იყო გენშტაბის უფროსი“, - აცხადებს აქუბარდია.

აქუბარდიას თქმით, სუს-ის მხრიდან საქართველოში პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თვალთვალი მიმდინარეობს, რისი მტკიცებულებებიც თავადვე გამოაქვეყნეს.

„როდესაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, რომ უნდა მომხდარიყო სუს-ის კრებსების გამოძიება, იქ, მათ შორის, აქცენტი იყო დიპლომატების უკანონო თვალთვალზე და მიყურადებაზე. დიდი ბრიტანეთის საელჩოდანაც გამოსულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გარეთ ხვდებოდნენ პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თვალთვალი რომ მიმდინარეობს, ამის არაერთი ვიდეო მტკიცებულება თავად გამოაქვეყნეს“,- განაცხადა აქუბარდიამ და დასძინა, რომ „თუკი ვსაუბრობთ ელჩების უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე, ეს არის „ვენის კონვენციის“ დარღვევა“.

რაც შეეხება სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ექსპერტების დაბარებას, აქუბარდიას შეფასებით, ამ შემთხვევაში პროცესი პოლიტიკურია.

„რაც შეეხება დაბარებების ფაქტს, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური, მით უფრო კახი კალაძის მოწოდების შემდეგ. ჯერ ერთი, კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და რა კავშირშია უსაფრთხოების საკითხებთან არ ვიცი. უსაფრთხოების თემების გაგება, რომ სცოდნოდა დუბაიში სასეირნოდ არ უნდა წასულიყო მაშინ, როდესაც ამერიკა სამხედრო ოპერაციას იწყებდა და არ იყო უსაფრთხო დუბაიში დაბადების დღის აღნიშვნა. ანუ არ იცის ეს საკითხი და არც არავინ ჰყავს, ვინც ეტყოდა, იქ არ წასულიყო. კალაძის მოწოდებაზე, რომ სუს-ი მაშინვე იწყებს გამოძიებას, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. შესაბამისად, ხდება სპეცსამსახურების პოლიტიზება, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, სპეცსამსახურების პოლიტიზება ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

პოლიტიკოსის შეფასებით, როდესაც უსაფრთხოების უწყება რესურსებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ხარჯავს, რეალური საფრთხეების მართვა ნაკლებად ეფექტიანი ხდება.

„სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ იმას, რომ სუს-ი არასერიოზულად ჩანს განცხადებებითა და დამოკიდებულებებით, მათ შორის, რეაგირებებით, გარდა ამისა, ის არის პოლიტიკური იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ. ეს ვითარება საფრთხის შემცველია მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან მაშინ, როდესაც მთელი რესურსი და დრო მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების და დიპლომატების მიყურადებაზე. სასაცილო დაბარებებში დროს რომ ხარჯავენ, ეს აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ არაკომპეტენტურობა და პოლიტიზება.

დღეს ვფიქრობდი საჯარო შეთავაზება გამეკეთებინა მამუკა მდინარაძისთვის, რომ ყველა ადამიანი, ვისაც გვქონდა გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, განათლებაც, სუს-ისთვის შეგვეთავაზებინა საჯარო ლექციები, რომ ვასწავლოთ როგორ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია, როგორ დაამუშაონ, რა მეთოდოლოგია გამოიყენონ და როგორ შექმნან ისეთი ანალიტიკა, რაც აიძულებთ მათ რაღაც პოლიტიკა აწარმოონ საფრთხეების შემცირებისთვის“,- განაცხადა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა