ლევან ჯანგველაძემ მითხრა, ამ ძმებმა [მიქაძეებმა] ეს ქალაქი თავზე დაიმხვეს არასწორის კეთებითო. როცა აეროპორტში ვაცილებდი, მითხრა „ბრონირებული“ მანქანა მინდა ჩამოვიყვანოო, ასევე მანქანის მინების დაბურვა დამაბარა და მითხრა, ოპერატიული კაბურით დამხვდიო, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ბერძენიშვილმა ისაუბრა ჯანგველაძის, ფარცხალაძისა და ძმებ მიქაძეების ურთიერთობაზე და მათ შეხვედრებზე.
„როცა ლევან ჯანგველაძე აქ ჩამოდიოდა, სასტუმროში „თბილისი მარიოტში" რჩებოდა. გია ჩადუნელს [ჯანგველაძის მძღოლი] რა თქმა უნდა, ვიცნობდი. ის თავიდან ბენდუქიძის დაცვაში მუშაობდა, რა თქმა უნდა, იარაღით იყო, 2008-2009 წლებიდან ჩვენთან იყო, დაცვის და მძღოლის როლს ასრულებდა. ლევანის ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, პატივს სცემდა.
კახაბერ ძანძავასაც ვიცნობ, ის ლევანისთვის ჯამბაზი, გამრთობი პირი იყო, ლევანი მას 3-4 წელია, რაც იცნობს. გია ჩადუნელს ლევან კაჭარავამ [ტილიკა] გაუწია რეკომენდაცია და აიყვანა ის.
ლევან ჯანგველაძე როცა საქართველოში ჩამოდიოდა, მუდმივად მასთან ერთად ვიყავი, ასევე გია ჩადუნელი.
ძალზე მოკრძალებული პიროვნება იყო, იცოდა ვისთან, რა ეთქვა, მეც არ ვეკითხებოდი ზედმეტს, თვითონ რასაც მეტყოდა, ეს იყო მხოლოდ",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის კითხვაზე, ლევან ჯანგველაძეს თუ ჰყავდა მტრები, მოწმემ ასე უპასუხა: „მტრები ერთადერთი, წლების უკან, იქ რომ მოკლეს „დედ ჰასანი“, მაშინ გაჟღერდა ტელევიზიაშიც, მეც მესმოდა, რომ რატომღაც ბრალდებოდა ძმებ ჯანგველაძეებს, ონიანის კლანს - ამაზე საუბარი იმ პერიოდში ხშირად მიდიოდა“.
ერთადერთხელ დავუსვი კითხვა, რა ხდება-მეთქი, არაფერი ვიცი, არც მაინტერესებს და არც ვკითხულობო, მითხრა",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის კითხვაზე, ოთარ ფარცხალაძეს თუ იცნობს, რომელსაც ახლა კიდევ ერთი გვარი - რომანოვი აქვს, უპასხუა: „პიროვნულად არ ვიცნობ, ორჯერ მაქვს ხელი ჩამორთმეული“.
„2024 წელი იყო, ლევანის სტუმრები ჰყავდა, ორ სტუმართან, გია ჩადუნელთან და ჯანგველაძესთან ერთად, ორი მანქანით ფინანსურ პოლიციაში მივედით, იქ ფარცხალაძეც მოვიდა, ორი თუ სამი პიროვნება ახლდა. ეზოში მანქანით შევედით.... გამოსვლისას გია ჩადუნელი გადაკოცნა ოთარ ფარცხალაძემ, "შენ ჩემი გია არ ხარო? როგორ ხარ, სად ხარო" - უთხრა. როგორც გავიგე, ერთად მუშაობდნენ ადრე, მგონი ფინანსურში ჰქონდათ კვეთა. ლევანი გაბრაზებული იყო, შევატყვე, სტუმრებს ეუბნებოდა, ბოდიში, ამ სიტუაციას დავალაგებო. შემდეგ "ამბასადორში" წავედით.
17 წელია ვიცნობ გია ჩადუნელს და არასდროს უთქვამს, ფარცხალაძეს რომ იცნობდა, ძალზედ გაოგნებული დავრჩი",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მან კიდევ ერთხელ, „ამბასადორში" ნახა.
„კოსტავას ქუჩიდან ავედით, მე, ლევან ჯანგველაძე და გია ჩადუნელი. ეტყობა დარეკილი ჰქონდა ლევანის წინასწარ და აიყვანეს ლევანი. ტელეფონში ელაპარაკა - ოთარ, სად ხარო და უთხრა ოფისი.
ჯანგველაძემ ფარცხალაძე მოსკოვში გაიცნო, რა ვითარებაში, არ ვიცი. როგორც ვიცი, ფარცხალაძე მოსკოვში რომ ჩავიდა, უსოიანის შვილი და შვილიშვილი დაეხმარა გავლენების მოსაპოვებლად, დახმარება მათ გაუწიეს",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ის ძმებ მიქაძეებს 10-15 წელია, იცნობს.
„როგორც მახსოვს, 10-15 წლის წინ იყო პირველი შეხვედრა და გავიგე ძმები მიქაძეების გვარი. საერთო მეგობარმა გვთხოვა ბიზნესის ამბავში სასაუბროდ გაყოლოდა. ძმებ მიქაძეებს იქ არ ელოდებოდნენ, მახსოვს, ლევანი ცოტა აღელვებული მოვიდა, მეორე მხრიდან ერთ-ერთი მიქაძე, თუ არ ვცდები, უმცროსი ძმა დახვედრია, სიტყვიერი კონფლიქტი მომხდარა, მაგრამ იქვე დამთავრებულა... ლევანი რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ შემთხვევით შეხვდა მიქაძეებს, დაპატიჟეს იქით მაგიდასთან, მაგრამ ლევანი არ დაჯდა...
კიდევ ერთი შეხვედრა „ამბასადორში“ იყო, გიორგი მიქაძე მოვიდა, რაღაც ბიზნესზე დაიწყეს საუბარი... სულ სიგარეტის თემა იყო, ხან დალაგებული, ხან გაბრაზებული, რამდენიმე მანქანაზე იყო საუბარი....
ლევანს ფარცხალაძესთან იმ პერიოდში ნორმალური, დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა, ერთადერთხელ იყო მაშინ გაბრაზებული, რომ ფარცხალაძემ რაღაც ვერ გააკეთა, ვერ შეასრულა, რაღაც უნდა დაელაგებინა საქართველოში სიგარეტთან დაკავშირებით...
ლევანი მოსკოვში დაცვით დადიოდა, 5-6 ადამიანი მეორე მანქანით სულ გადაადგილებოდა, ეს მოსკოვში გასაკვირი არაა, როცა ბიზნესი გაქვს, დაცვით გადაადგილდები. საქართველოში ამბობდა, არ მინდა დაცვაო.
ბოლო პერიოდში, თებერვლიდან ფრთხილობდა. აეროპორტში როცა ვაცილებდით მე და გია ჩადუნელი, მითხრა, ბრონირებული მანქანა მინდა ჩამოვიყვანოო, ასევე მანქანის მინების დაბურვა დამაბარა და მითხრა, ოპერატიული კაბურით დამხვდიო.
ბოლოს ტელეფონში საუბრისას, ბიზნესის კონტექსტში ძმები მიქაძეები ახსენა. რა ხდება-მეთქი, ვკითხე. ამ ძმებმა ეს ქალაქი თავზე დაიმხეს არასწორის კეთებითო. რა მოხდა, რა უთხრეს, არ ვიცი, ამის შემდეგ არის, რომ აეროპორტში ის რაღაცები დამიბარა... ერთხელაც დატრიალდა და მკითხა, პატარა იარაღი მაქვს და თუ მატყობო, შარვალზე, ფართო რეზინაზე დასაკიდებელით იარაღი ედო. არაფერი გეტყობა, მაგრამ რა ხდება, თუ საშიშროებაა, წელში ჩაიდე-მეთქი. თუ რაღაც მოხდება, 2-3 წამი როგორ არ მექნება, ამოღება ვერ მოვასწროო... თბილისში დაცვას არ ვიყოლიებო, მიქაძეები მიხსენა, იმხელა გავლენა აქვთ, შეიძლება ისეთი ხალხი შემომაპარონ, მირჩევნია შენ იყო, არავის ვენდობიო",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, დაკრძალვაზე იყო საუბარი, ბერძნებზე, მაგრამ მისივე განმარტებით, მალევე ფარცხალაძე, ძმებ მიქაძეებზე და ჯოხაძეზე გაისმა ვერსიები. ბერძენიშვილის თქმით, ძალზე გავლენიანმა ადამიანებმა ჯანგველაძეს ურჩიეს, ფარცხალაძესთან არ ემეგობრა.
„სამტრედიაში, სახლში ვიყავი, ლევანის ესროლესო, დამირეკეს... ვიცოდი, რომ გია ჩადუნელი უნდა ყოფილიყო მასთან, მთელი გზა ვურეკავდი, გამორთული ჰქონდა. უცხო ნომერმა დამირეკა, ირაკლი ვარ ჩადუნელი, მამამ ბევრი სისხლი დაკარგა, საავადმყოფოშია და ვერ დაგელაპარაკებაო. თბილისში რომ შემოვდიოდი, გავიგე რომ ლევანი გარდაცვლილი იყო",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ჩადუნელთან განხორციელებული ზარიდან მალევე, ჩადუნელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მივიდა, რაც მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან მოწმის ჩვენების მიხედვით, „ერთი საათით ადრე მას ტელეფონზე დაურეკა და ვერ დაელაპარაკა". ბერძენიშვილის თქმით, ჩადუნელმა მას უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, სამძიმარზე ასულ ჯანგველაძეს მანქანაში ელოდებოდა, მანამდე კი სადარბაზო დაათვალიერა. ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, მას ჩადუნელთან კითხვები აქვს.
„ვუთხარი, სადარბაზოში ლიფტით რატომ ახვედი, კიბით რატომ არ ახვედი, შენ ხომ მასწავლე, რომ ეს ყველაფერი პირიქით უნდა გაგეკეთებინა-მეთქი. ტირის, ბოდავს რაღაცებს, შენთან შეკითხვები იქნება და ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევს-მეთქი. ლევანი რომ მოდიოდა, ვერ დავინახეო, მერე ვიდეოს რომ ვუყურე, კაციშვილი არ დადიოდა. სროლა ატყდა და რომ ავდექი, ტყვია მომხვდაო",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
დაცვის მხარის კითხვაზე, მოწმე გია ჩადუნელზე გაბრაზებული ჩანს და რატომ, მოწმემ კითხვითვე უპასუხა. „ასახსნელია რატომ ვარ გაბრაზებული? ღმერთმა ნუ გამყოფოთ ამ დღეში, ჩადუნელმა ვერაფერი გააკეთა, რაც თავისი მოვალეობა იყო! 34 ტყვია ჰქონდა და ერთი ტყვია ვერ ისროლა ჰაერში მაინც? 17 წელი მეუბნებოდა, პროფესიონალი ვარ, ოჯახის წევრივით იყო და ერთადერთხელ დასჭირდა ადამიანს",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, ჩადუნელმა მხოლოდ თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა თუ მისი ეჭვები შორს მიდიოდა, მოწმემ ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს. მისი უმოქმედობა უკვე ეჭვს ბადებს“.
„კახა ძანძავა არასერიოზული პიროვნებაა. კახა ძანძავა რომ გაიქცა სროლის დროს, ახლაც გარბის მგონი, უსინდისო კაცი. ლევანის რომ ესროლეს, კიდევ იქით ძანძავას უჯიკა, გაიწიეო, კახა ძანძავამაც უმოქმედობა ჩაიდინა. კახას ის რაღაც პატარა რამის შეცვლა შეეძლო, ნაწყენი ვარ, არავაჟკაცი პიროვნებაა, შეეძლო მკვლელი შეებოჭა უკნიდან, ან რამე... ჩადუნელი იარაღით დაყვებოდა, სპეცრაზმელი ვარო და შეეძლო ესროლა",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
დაცვის მხარის კითხვაზე, დღევანდელ ჩვენებაში გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით სხვა დეტალებზე საუბრობს, მათ შორის, უსოიანებზე და რატომ არ უთხრა ეს ინფორმაცია უწყებას, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ, მაშინ ცუდად იყო, რადგან ლევანი ახალი მოკლული იყო.
„რა შეკითხვებიც დამისვეს, ვუპასუხე, ახალი მომხდარი იყო მკვლელობა. მეორე დაკითხვა აგვისტოში იყო, ფარცხალაძე, უსიოიანი, მიქაძეები აღვიდგინე, დღეს რაც ვთქვი, აეროპორტის ნაწილიც, მერე აღვიდგინე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.