საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როცა სუს-იდან დაუკავშირდნენ, ეს ინფორმაცია თავად არ გააჟღერა, რადგან სურდა, რომ „წყნარად მისულიყო და გაესაუბრა“, თუმცა „ინფორმაციამ უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა“, რაც ხუხაშვილის შეფასებით, არასწორია.
„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ვფიქრობ, რომ საქმე პირიქით არის - ჯობია, რომ ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემაში ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.
რითაც გამოწვეული იყო ჩემი გარკვეული გაღიზიანება იყო ის, რომ მე როცა დამიკავშირდნენ სუს-იდან, ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია, რადგან მინდოდა, წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მისი საჯარო განცხადებები იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც საუბარია.
„[ბრალდებები] ეფუძნება იმას, რომ თუ არალეგალური რეექსპორტის სქემები მუშაობს საქართველოში, ხელისუფლების მფარველობის გარეშე შეუძლებელია.
საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც ამ ომის ფონზეა მოსალოდნელი. შესაბამისად, იდეალური არაფერი არ არის. ორ ბოროტებას შორის ნაკლები უნდა აირჩიო. ჩემი საჯარო განცხადებები ზუსტად იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც მეც ვსაუბრობ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მისი საჯარო განცხადებები უკვე გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა და მას რომ ექსკლუზივი ჰქონოდა, სუს-ს თვითონვე ეტყოდა.
„ჩემი განცხადებები მხოლოდ იმის შესახებ იყო, რაც უკვე გავრცელებული იყო. მე სუს-ს ახალს ვერაფერს ვეტყოდი. მე რომ რაიმე ექსკლუზიური ინფორმაცია მქონოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურს ვეტყოდი. ვსაუბრობდი იმ საჯარო დისკუსიიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობდა“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, სუს-მა ამ თემის ირგვლივ საზოგადოებასთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია უნდა ააწყოს.
„შენ როდესაც გამოკითხვაზე იბარებ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ საჯარო განცხადებებს, იმ კითხვებზე პასუხებიც უნდა გქონდეს, იგივე ალ მუსტაფას უნივერსიტეტთან დაკავშირებით - არსებობს თუ არა ეს უნივერსიტეტი. როდესაც რეაგირებას დაიწყებს იმ ძირითად საფრთხეზე, ამით ის გასცემს პასუხებს, რაც მათ ინტერესებშია. რაღაც ტიპის კომუნიკაცია საზოგადოებასთან უნდა ააწყონ.საზოგადოებაში არ უნდა დარჩეს განცდა, რომ გამოძიება მიდის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაიფარცხოს ეს ყველაფერი. გამოძიების ძირითადი ნაწილი შეეხება ირანიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს. ირანი მთელ სამყაროს ემუქრებათ რომ თქვენს სახლებში მოვალთო, ასეთი სახლი არიოს ჩემი სამშობლო, საქართველოც“, - განმარტა ხუხაშვილმა.