ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები, [ეუთოს] მისია არ ჩამოსულა აქ იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე რეკომენდაცია გაეცა, ან რაიმე შეფასებები გააკეთოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, დელეგაციის წევრებმა ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები საკმაოდ მაღალ დონეზე. გუშინ დაიწყო ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით, შემდეგ შეხვდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახალხო დამცველს შეხვდნენ, პრეზიდენტს და დღეს ეს ყველაფერი დასრულდა პრემიერთან შეხვედრით.
ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები, ეს მისია არ ჩამოსულა აქ იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე რეკომენდაცია გაეცა, ან რაიმე შეფასებები გააკეთოს. ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი შესაფასებელი არ არის, საქართველოში პატიმრები არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, თუ სხვა ნიშნით დაკავებული.
ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. სხვათა შორის ამ შეხვედრების განმავლობაში ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით, ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება იყოს კრიტიკა, შეიძლება იყოს შექებაც, ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეუთო-ს დელეგაციას აუხსნეს, თუ რა არის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ნაკლებობის მიზეზი.
„დიალოგის ნაკლებობა რომ არის საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას ეუთო-ს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება, ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველანი კარგად ვხედავთ, თუმცა ამ დიალოგის ნაკლებობას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არ შემოდიან პარლამენტში და შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მათთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი. ეს ყველაფერი ჩვენ დელეგაციას ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ჩვენი ახსნის გარეშეც ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებული ამ ყველაფრის თაობაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.