სუს-ში რისკების შეფასება ნაკლებად აინტერესებდათ , - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების მიზანია, დათრგუნონ საზოგადოება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბარი „მოკლან“.
ხუხაშვილის თქმით, მისი ეჭვების საფუძველია ისიც, რომ სუს-ი თავად ეწევა გამოკითხვებზე დაბარების თემის პოპულარიზაციას.
„ არ მგონია, ისინი ფიქრობდნენ, რომ პირადად მე შემაშინებენ, მაგრამ თვითონ პრეცედენტები, როცა ვიღაცებს დაკითხვაზე იბარებ და თან თვითონ აპიარებ, ( მე მინდოდა ამ ყველაფერს კონფიდენციალურად ჩაევლო), ე.ი. საზოგადოებაზე ზემოქმედება გინდა. გინდა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ დაკითხვაზე მიმიყვანეს და რაღაც ხდება. ვარაუდია და მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ეჭვი ჩნდება.
ორი მხარე ვიყავით, მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დამიბარეს, წავედი ისე, რომ ჩემგან ინფორმაცია არ გასულა, ე.ი. სუს-იდან გავიდა. მიზანი რა ჰქონდათ? გარდა იმისა, რომ დაეთრგუნათ საზოგადოება და ეს თემა ნელ-ნელა მოკლან, ვიღაცებმა, ვისაც შეეშინდებათ, თქვან, რომ შევეშვები ამ თემას თორემ შეიძლება ხვალ მეც დამიბარონ. ასეთ ეჭვს საფუძველი უჩნდება. ბუნებრივია,ისინი არ ადასტურებენ, რომ მიზანი ეს არის.
თვითონ ის ადამიანები, ვისაც ვესაუბრე, აბსოლუტურად კონსტრუქციული იყვნენ. რასაც აკეთებენ, მათ შეიძლება ამის სწამთ კიდევაც, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თავის მიწაში ჩარგვის სტრატეგია, ვითომ არაფერი არ ხდება და ა.შ. ქვეყნისთვის დამღუპველად მეჩვენება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
სუს-ში ხუხაშვილის დაბარება უკავშირდებოდა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.