ახლა, როდესაც რუსეთი ვიწროვდება არქტიკაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-კავკასიაში, ზუსტად ის მომენტია, თავისუფალ სამყაროს მივცეთ გარანტია, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მარცხს საქართველოში , - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, “ტვ იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირება რუსეთის შევიწროების ნაწილია.
“იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის რუსეთის შევიწროების ტალღის ნაწილი, რასაც ჩვენ დღეს მსოფლიოში ვხედავთ. რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია პროპაგანდა და როდესაც “ქართული ოცნების” რეჟიმი აღქმულია რუსეთის პროქსი რეჟიმად, მისი პროპაგანდის იარაღის შევიწროება აღქმულია რუსეთის შევიწროებად. ეს ყველაფერი ამ დიდი ტალღის ნაწილად უნდა განვიხილოთ.
ახლა, როდესაც რუსეთი ვიწროვდება არქტიკაში, რუსეთი ვიწროვდება ლათინურ ამერიკაში, რუსეთი ვიწროვდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი ვიწროვდება სამხრეთ-კავკასიაში, არის ზუსტად ის მომენტი, რომ ჩვენ - ქართულმა ოპოზიციამ, პოლიტიკურმა სპექტრმა გამოვნახოთ ჩვენს თავში ძალა, გადავიტვირთოთ დემოკრატიულად და მივცეთ იმის გარანტია, მათ შორის, თავისუფალ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მარცხს საქართველოში და ამას მერე უკვე მთელი თავისუფალი სამყარო იზეიმებს ჩვენთან ერთად.
როცა ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ჩვენი შინაარსი არის დემოკრატიული, რომ ჩვენ ფოკუსირებულები ვართ არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის აზრებზე, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებზე. შეიძლება ჩვენს შორის უამრავი განსხვავება არსებობდეს, მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს თავზე დიდი მიზნები გვაქვს”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მასა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს შორის მომხდარზე.
“პეტრე ცისკარიშვილი თავს დაესხა “თავისუფლების მოედანს”, ჩვენი შეთანხმება კი არ გულისხმობს წარსულზე ერთი აზრის ქონას.
“ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს აიღო 54%. იმისთვის, რომ ჩვენ “ქართული ოცნება” ჩამოვშალოთ, ამ ხალხის მინიმუმ ნახევარი მაინც უნდა გადმოვიდეს წინააღმდეგობაში. 2012 წელს ვინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, ე.ი. “ნაციონალურ მოძრაობას” პრობლემატურ ძალად მიიჩნევდა, ეს ხალხი ხომ არსებობს, ამ ხალხს თავისი აზრის გამომხატველი პროტესტში ხომ სჭირდება იმისთვის, რომ ჩაერთოს, იმისთვის, რომ თავისი სუბიექტი ამოარჩიოს? ჩვენ ხომ ბიძინას დამარცხება გვინდა, ჩვენ ხომ იმაზე არ ვზრუნავთ, რომ რომელიმე ლიდერს რამე არ ეწყინოს. ამ ბიძინას დამარცხებას სჭირდება იმ ხალხის ჩართულობა, რომელმაც 2012 წელს მას ხმა მისცა.
როგორც არ უნდა მწყინდეს, რომ ჩემს ქმარს ამას აძახებენ, თუ მე ამას არ გადავაბიჯე, მომავალზე არ ვფოკუსირდი და წარსულში განსხვავებების შეერთება მოვითხოვე, მაშინ უბრალოდ კიდევ ერთხელ წავაგებ ბიძინასთან, სწორედ ამიტომ, ჩვენს შეთანხმებაში ეს გათვალისწინებულია. ეს ალიანსი არ ნიშნავს ერთი პოლიტიკური პარტიის გარშემო გაერთიანებას ან ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო გაერთიანებას ან სრულ იდეოლოგიურ თანხვედრას ყველაფერში. დღეს თუ ვთანხმდები იმაზე, რომ ბიძინა წასასვლელია, რატომ უნდა ვიჭიდაო იმაზე, რაც განმასხვავებს”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.