უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ქვეყნის შიგნით კი არ უნდა ვეძებდეთ მტერს ,- ამის შესხებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ვაშაძე შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი, ექსპერტი და ყოფილი სამხედრო პირი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მაგალითად, როდესაც ექსპერტი გია ხუხაშვილი დაკითხვაზე მივიდა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად სუს-მა გაასაჯაროვა, რაც, მისი შეფასებით, მიუთითებს, რომ საქმე უფრო პროპაგანდას უკავშირდება, ვიდრე რეალურ უსაფრთხოების საფრთხეს.
ვაშაძის თქმით, ექსპერტული საზოგადოება ვალდებულია გააკეთოს განცხადებები იმ შემთხვევაში, თუ ხედავს, რომ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ხდება.
„სუს-ი არის სამსახური, რომელიც საიდუმლოდ მუშაობს. მივიდა ადამიანი [გია ხუხაშვილი] დაკითხვაზე, რომელსაც არავისთვის უთქვამს, თვითონ სუს-მა გაუვრცელა ინფორმაცია, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ იმ სიცრუის მანქანისთვის - რომელიც მათ აქვთ აწყობილი - მხოლოდ და მხოლოდ, პროპაგანდისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. შენ თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, ამ ადამიანებს კი არ დაიბარებდი სუს-ში. ექსპერტული საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ როდესაც ხედავს არ ხდება შესაბამისი რეაგირებები, ხმა ამოიღოს და თქვას ამის შესახებ.
უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ქვეყნის შიგნით კი არ უნდა ვეძებდეთ მტერს“,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია წარსულშიც არაერთ კომპრომისზე წავიდა და გაიხსენა „8 მარტისა“ და „შარლ მიშელის“ შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, „ოპოზიციამ უკან დაიხია“ და პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებები არ შესრულდა.
„ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არაერთხელ წავედით დათმობაზე. მაგალითად, ეს იყო „8 მარტის“ შეთანხმება. იყო „შარლ მიშელის“ შეთანხმება, სადაც ჩვენ დავიხიეთ უკან და პარლამენტში შევედით. ეს ყველაფერი თავზე გადაგვახიეს“, - აცხადებს ვაშაძემ.
რაც შეეხება ახლა არსებულ რეალობას, ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ბოლო არჩევნებში პარლამენტში შესვლით „ბოროტების მანქანა გაძლიერდებოდა“.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ პარლამენტში შევსულიყავით, ეს ბოროტების მანქანა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ძალიან ნათელია, რომ იქით არის ბოროტების მანქანა, აქეთ სიკეთე. იქეთ არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი, აქეთ - ნამდვილი სახელმწიფოებრივი აზროვნება. ხშირად საუბრობენ ქრისტიანობაზე, ქრისტიანობაა ნულოვანი თანაგრძნობა? ქრისტიანულ სარწმუნოებაში მთავარი თანაგრძნობაა. ასე როგორ შეიძლება გაბოროტდე, რომ შენს თანამოქალაქეებზე და თანამემამულეებზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკო.
დღეს უთხრეს [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა] მზია ამაღლობელთან მაინც შეგვიშვითო - „არა არ შეგიშვებთ!“ რა გჭირს, არ ხარ ქართველი? ქართული ტრადიცია ვიცი ასეთი, რომ ქალებს განსაკუთრებული პატივისცემით ვეპყრობოდით. მზია ამაღლობელმა სინამდვილეში რა ქნა? საკუთარი თავის და ქვეყნის ღირსება დაიცვა. ეს არის ძლიერი შინაგანი მრწამსის მქონე ადამიანის ქმედება“,- განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა ოპოზიციურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის შექმნილი ალიანსი პირველი სტრატეგიული ნაბიჯია. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული შეცდომებისა, ამ თანამშრომლობამ უკვე აჩვენა, რომ დაწერილი შეთანხმება მუშაობს.
„მინდა, რომ მეტი თანამოაზრე გვყავდეს ამ ყველაფერში. „ოპოზიციის ალიანსი“ ეს არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი - თანამშრომლობის პლატფორმა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს ალიანსმა სერიოზული ტესტი ჩააბარა. იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული... პირველად ვაჩვენეთ, რომ დაწერილი შეთანხმება მუშაობს. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ შენ ან გამოსწორებისკენ ხარ და შეთანხმებას უბრუნდები,ზუსტად ასე მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“. მინდა, მადლობა ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა. მეც და საზოგადოებასაც მეტი რწმენა გაუჩინა, რომ იქნებ რაღაც გამოვიდეს ამ ალიანსიდან. ხალხი ამბობს, რომ ბევრჯერ დამსხდარხართ ერთმანეთთანო, მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება არის დაწერილ დოკუმენტში, რომელმაც დღეს იმუშავა“,- განაცხადა ვაშაძემ.