როდესაც არსებობს რეჟიმი, რომელიც ყველა სხვა ადამიანს, როგორც მტერს ისე უყურებს, შეუძლებელია თანამშრომლობისკენ ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას - სანამ არ არსებობს სივრცე, ოპოზიციას რა შეუძლია, რომ გააკეთოს? ოპოზიციამ რაღა უნდა დათმოს? მაშინ უნდა გავიუქმოთ ჩვენი თავი, უარი ვთქვათ პოლიტიკურ ფუნქციონირებაზე, ოპოზიციაში ყოფნაზე, რადგან სხვა გზა ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის „დიალოგის ნაკლებობაზე“ საუბრობს.
როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციის შეგუება „მარცხს და ქვეყანაში დიქტატურის ჩაბეტონებას ნიშნავს“.
„ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს. როდესაც ქვეყანაში არჩევნებს აყალბებ, როდესაც ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერს ციხეში ამწყვდევ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას აანონსებ და იწყებ, როდესაც ტროტუარზე დგომის გამო, ქუჩაში აქციის ჩატარების გამო ადამიანებს ანგარიშებს უყადაღებ და პატიმრობისთვის იმეტებ, ძალიან რთულია საუბარი თითქოს რაიმეს აკეთებ, რომ ამ ქვეყანაში პატარა მინიმალური სივრცე დარჩეს დემოკრატიული პროცესისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას ხედავს. რაც შეეხება ზოგადად დემოკრატიულ პერსპექტივას ამ ქვეყანაში, როდესაც არსებობს რეჟიმი, რომელიც ყველა სხვა ადამიანს უყურებს როგორც მტერს, შეუძლებელია თანამშრომლობისკენ იქნას გადადგმული ეფექტური ნაბიჯები. ივანიშვილი პირდაპირ ყველას მტრად აღიქვამს, გარდა „ქოცებისა“. ეს არის მათი რიტორიკაც და საქმეც. სანამ არ არსებობს სივრცე, ოპოზიციას რა შეუძლია, რომ გააკეთოს? ოპოზიციამ რაღა უნდა დათმოს? მაშინ უნდა გავიუქმოთ ჩვენი თავი, უარი ვთქვათ პოლიტიკურ ფუნქციონირებაზე, ოპოზიციაში ყოფნაზე, რადგან სხვა გზა ამ ეტაპზე არ არსებობს. ამ ხალხის გაცხადებული მიზანი და მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური სამართლებრივი ნაბიჯები, რასაც დგამენ, იმისკენაა მიმართული, რომ „მოგუდონ“ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. წინააღმდეგობის გარდა სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია, მაშინ უნდა შევეგუოთ. შეგუება მარცხს და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩაბეტონებას ნიშნავს. ეფექტური წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ.
ბუნებრივია, ეუთო, ზოგადად, მომართულია იქით, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს, მათ შორის, დემოკრატიის სრული ლიკვიდაცია გამოსწორდეს, დემოკრატიული პროცესი ხელახლა დაიწყოს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს კარგად ესმით მათ. კარგად ესმით ორი მარტივი რამ: თუ პოლიტიკური პარტიებს და სუბიექტებს კრძალავ, მათ ლიდერებს იჭერ, შეუძლებელია ქვეყანაში რაიმენაირად გაჩნდეს სივრცე თანამშრომლობისთვის. მათი მესიჯი ძალიან მარტივია - საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა მათაც, ყველა აქტორს, მსოფლიოში ყველა ინსტიტუციაში და ცივილიზებულ სამყაროში ძალიან კარგად ესმის, რომ შეუძლებელია ეს მოხერხდეს, თუ პოლიტიკურ პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა გაგრძელდება და ამასთან, რეპრესიული კანონმდებლობა დამძიმდება, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. არავინ არის გულუბრყვილო და მიამიტი, მათ შორის ასეთ მნიშვნელოვან, ავტორიტარულ ორგანიზაციაში. ყველას კარგად ესმის, რა არის მთავარი საფრთხე და წინაღობა ამ გზაზე“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა შეაფასა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პატიმრების მონახულების სურვილი გამოთქვეს, თუმცა საპასუხოდ უარი მიიღეს. ფავლენიშვილის შეფასებით, მსგავსი რამ „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც გაუკეთებია, როდესაც ევროპარლამენტარები მის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ფავლენიშვილის თქმითვე, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, დაფიქსირდეს ფაქტი, რომ საერთაშორისო დელეგაციის წევრებმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები მოინახულეს“.
„ქართული ოცნების“ რეჟიმი ამას მხოლოდ ახლა არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილზე, როცა ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურობდა, ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ეს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის პრობლემა არ გახლავთ. თუ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის, ცნობადობის, გავლენის და მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ფიგურას ყველა უფლებას უზღუდავ - პატიმრის, დარეკვის, ნებისმიერი გზავნილის მიღების უფლებას... ამავდროულად, თუ მასთან ევროპარლამენტარებს არ უშვებ, ეს შეზღუდვა, აკრძალვა და დევნის ნაირსახეობები გავრცელდება აბსოლუტურად სხვა ყველა პოლიტიკურ ოპონენტზე. ამაზე ვსაუბრობდით და მოხდა კიდეც. სადაც, სამწუხაროდ, სააკაშვილზე გაუვიდათ თავის დროზე, მერე ჩათვალეს, რომ გაუვათ ყველაზე და დღემდე ასე არიან. ძალიან ურცხვად, უტიფრად, ყველანაირი საერთაშორისო პრინციპების დარღვევით, ყველა პარტნიორს და მათ შორის, ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრებს [პატიმრების მონახულებას] უკრძალავენ. ტექნიკურად მიზეზი რა მოიმიზეზეს არ ვიცი, მაგრამ მიზანი მარტივია - პოლიტიკური პატიმრები არიან აბსოლუტურად იზოლირებულები და ისინი ყველა უფლებაშელახულები არიან. არ სურთ, დაფიქსირდეს ფაქტი, რომ საერთაშორისო დელეგაციის წევრებმა მოინახულეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნული თემისა, ფავლენიშვილმა შეაფასა ოპოზიციური ერთობის ცალკეულ წარმომადგენელს, პეტრე ცისკარიშვილსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებაც. მისი თქმით, ალიანსში „დაპირისპირების პატარ-პატარა კერები შეიძლება მუდმივად არსებობდეს“.
„როდესაც დაპირისპირების პატარ-პატარა კერებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება მუდმივად არსებობდეს. ივანიშვილის რეჟიმისგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ საჯაროდ არასოდეს გამოვა ეს, სანამ კლანური დაპირისპირება იქამდე არ მივა, რომ ვიღაცები დაიჭირონ, მოაშორონ და წმენდა დაიწყონ. მომავალშიც შეიძლება მოხდეს კონკრეტული ამბები, მაგრამ იმიტომ არსებობს ეს წესები და პრინციპები, რომ მინიმიზაცია მოხდეს იმ საფრთხეების, რომლებიც ამ დაპირისპირების შედეგად შეიძლება გაჩნდეს. მათ შორის, მინიმიზაცია საფრთხეების იმ მიმართულებით, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ აქტორებმა, რაც უფრო დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს სხვა ძალებს შორის, რაც ადრე ხდებოდა.
ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს. დარწმუნებული ვარ, პეტრე ცისკარიშვილს ბოდიში მოსახდელი ნამდვილად არ აქვს.არა მარტო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ ყველა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს შეთანხმების პრინციპები და წესები. ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთან თანამშრომლობა არის საამაყო და არა დასაძრახი ან თავის სამართლებელი. დარწმუნებული ვარ, ამ ალიანსის შიგნით ყველამ ძალიან კარგად გაიაზრა ბევრი რამ“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.