ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება.

„ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით. შარშან უნდა განხორციელებულიყო ეს ვიზიტი და მაშინ ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ვიზიტი ჩაშლილიყო. განცხადებები, რომელიც ეუთომ გააკეთა ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამხელს ამ ყველაფერს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ის განცხადება, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან.

ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს.

ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება