ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში არ არსებობს ნება, მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება, მაგრამ საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს.
„საბედნიეროდ, არის ერთი ევროპული ინსტიტუტი - ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის ღირსებას იცავს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის, ვინც უარს ამბობს იმაზე, რომ მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, აკადემიკოსებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეპრესიები ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ჩვენ ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ. მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არ არსებობს ნება, რომ მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ ძალიან ცუდ მესიჯს ვგზავნით. საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს, მაგრამ მოვახერხებთ ამას, როდესაც კომისია იქ დემოკრატიისთვის არაფერს აკეთებს?“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.