ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026

მინიშნება მესამე მსოფლიო ომზე - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები - პოლიტიკური შეფასებები და განსხვავებული აქცენტები

სავაჭრო ქსელები და დისტრიბუტორები ერთმანეთთან ჭიდაობით და ქიშპობით ცდილობენ, “ქეშბექის” თემა გადაჭრან

* * *

მინიშნება მესამე მსოფლიო ომზე - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს

“თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მესამე სოფლიო ომის საშიშროებაზე მიანიშნებს - მისი შეფასებით, თუ ირანში “უაზრო, წესების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება”, რეგიონს მთლიანად “ცეცხლის ალში გახვევს” და არა მხოლოდ ომში ჩართულ ქვეყნებს, არამედ მთელს მსოფლიოს მოუწევს ამ კონფლიქტის ფასის გადახდა. მისივე თქმით, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის ფასების ზრდით. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ყველა სცენარის დაშვება შეიძლება, გააჩნია ეს კონფლიქტი რამდენ ხანს გასტანს და ჩაერთვებიან თუ არა მასში სახმელეთო ძალები. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ერდოღანის განცხადება დამაფიქრებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მინიშნება მესამე მსოფლიო ომზე - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს / ერდოღანი: „ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს“.

“უკვე არა მხოლოდ ომში უშუალოდ ჩართული ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ემზადება ამ კონფლიქტის ფასის გადასახდელად. ყველა ვხედავთ, რომ თუ ეს უაზრო, წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დანაკარგი იქნება, გლობალური ეკონომიკისთვის კი ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება... თურქეთი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო და საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარებულიყო... კონფლიქტის დაწყების დღიდან კონტაქტი გვქონდა როგორც ირანთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და შესაბამის რეგიონულ ქვეყნებთან. 20-ზე მეტი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენი სხვა კოლეგებიც მუდმივ კონტაქტში იყვნენ თავიანთ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს ცეცხლის შეწყვეტის იმედი. ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს. თუ დიპლომატიას შანსი მიეცემა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია”, - თქვა ერდოღანმა, რომლის განმარტებით, “თურქეთი მოთმინებით აგრძელებს ძალისხმევას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და დიპლომატიის ხელახლა გააქტიურების მიზნით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გააჩნია ეს მოვლენები როგორ წარიმართება. ყველა სცენარის დაშვება შეიძლება - თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს კონფლიტი რამდენიმე თვე გაგრძელდება და მასში სახმელეთო ძალებიც იქნება ჩართული, მაშინ დაახლოებით უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ისეთივე შედეგებით დამთავრდეს, როგორიც მაგალითად ერაყში იყო თავის დროზე, რამაც გამოიწვია ერაყის სახელმწიფოს კოლაფსი მთელი თავისი ტერორისტული ელემენტებით. თუ მოკლევადიან კონფლიქტზეა საუბარი და ძირითადად ისრაელი და აშშ შემოიფარგლებიან მხოლოდ დაბომბებით, მაშინ შეიძლება უახლოეს მომავალში დამთავრდეს კიდეც. თუმცაღა, ყველაზე მთავარი სწორედ ისაა და მათ შორის ამერიკელი ექსპერტებიც ამაზე მიუთითებენ, რომ გაურკვეველია ამ ომში ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი რა არის, ეს ნათელი არაა. მე მგონი თვითონ აშშ-ს ადმინისტრაციაც ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა იყოს მისი მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები და კონკრეტულად რა უნდა, ეს ამ სიტუაციასაც ართულებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ერდოღანი უჭკუო კაცი არაა, ის რეალპოლიტიკოსია და მოვლენას ხედავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება დამაფიქრებელია და ის ასახავს იმ რეალობას, რომელიც ამ წუთებსა და წამებში მიმდინარეობს რეგიონში. ეს არის მსოფლიო ომის ცეცხლითან თამაში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა და აშშ-მა უნდა განსაზღვროს, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს და თავად აშშ-საც ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება. ამ ომის დაწყებაც შეცდომა იყო, რადგან ბევრ მათგანს მოეჩვენა, რომ ირანში იოლი გასეირნება იქნებოდა, ირანი არც ვენესუელაა და არც დანია", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები - პოლიტიკური შეფასებები და განსხვავებული აქცენტები

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს - განცხადებას უკვე მოჰყვა განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ (ესპანეთი) და მაღალი დონის დელეგაციამ დღეს დაასრულეს რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანიც დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო. ინფორმაციაში აღინიშნება, რომ ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, პარლამენტში და მის გარეთ არსებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები - პოლიტიკური შეფასებები და განსხვავებული აქცენტები.

“ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, მის გარეთ მყოფ პირებს, როგორც ჩანს, მუდმივი აქტიური ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ”, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს “ნაციონალური მოძრაობა” და „”ქართული ოცნება” აქრობს “თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია”. მისივე თქმით, დიალოგი, რომელზეც ეუთოს წარმომადგენლები საუბრობენ, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეუთოს მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. “რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან. რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი... ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომლის აზრით “ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა რომ ოპოზიცია დიალოგს თავად უარყოფს. “ვისაც დიალოგი და საპარლამენტო ტრიბუნა უნდა, ის შემოდის პარლამენტში, დებატობს და ა.შ. როდესაც შენ არ აღიარებ ქვეყანას, არ აღიარებ ინსტიტუტებს, არ აღიარებ მილიონ 200 ათასი ადამიანის გადაწყვეტილებას და გინდა ბომბები ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ჯარები ჩამოვიდეს და ინსტიტუტები დაემხოს, რა დიალოგზეა საუბარი? თვითონ უარყოფენ ამ დიალოგს, თორემ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეს და დიალოგი საერთოდ მათი ბუნება არ არის. ჩვენ კი გადავდგით ნაბიჯი დიალოგისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ არ არის? მაგალითად, როდესაც არჩევნები ჩატარდა და ხალხმა აირჩია “ქართული ოცნება”, სხვა პარტიები და ა.შ. ვუთხარით, რომ შემოდით პარლამენტში და აქ იყოს ეს დებატები”, თქვა მაჭარაშვილმა. ხოლო კითხვაზე, დღეს არსებობს თუ არა მოცემულობა, რომ დიალოგი შედგეს, მან უპასუხა, რომ დიალოგში უნდა შეხვიდე პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ “რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ”.

სავაჭრო ქსელები და დისტრიბუტორები ერთმანეთთან ჭიდაობით და ქიშპობით ცდილობენ, “ქეშბექის” თემა გადაჭრან

“იცოდით, რომ მსხვილმა მეწარმეებმა თურმე “იმდენი იბძრძოლეს”, რომ ბაზრიდან პატარა მეწარმეები გააძევეს? მეტიც, დისტრიბუტორებს ერთმანეთში ომი აქვთ გაჩაღებული “ქეშბექების” სახით და ასე ძირავენ კონკურენტებს. დიახ, არ ვაჭარბებთ, ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, საცალო ქსელების ოპერატორებმა ისაუბრეს. მართალია, არც “ზღაპარი”, არც “უნივერსამი” და არც “გუდვილი” მსხვილი სავაჭრო ქსელი არ არის და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით - მწარმოებლებიც, დისტრიბუტორებიც და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებიც ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვინაიდან უმთავრესი პრობლემა “ქეშბექის” თემაა, კარგი იქნება, თუკი მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის, ერთგვარი შუა რგოლი შეიქმნება, რომელიც ამ ყბადაღებული “ქეშბექის” პრობლემას მოაგვარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სავაჭრო ქსელები და დისტრიბუტორები ერთმანეთთან ჭიდაობით და ქიშპობით ცდილობენ, “ქეშბექის” თემა გადაჭრან / ისინი ყველაფერს იკადრებენ ოღონდ ხელისუფლებამ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაჭრას.

“კომპანია “ზღაპარს” ნებისმიერი პროდუქტის “ქეშბექი” გათვალისწინებული ჰქონია ფასწარმოქმნის შემთხვევაში, ნებისმიერ პროდუქტზე. როგორც კომპანიის დირექტორმა, თამარ უდესიანმა განაცხადა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებზეც “ქეშბექი” აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ. სწორედ ამიტომ, უდესიანი ამბობს, რომ ამ ნაწილში პროდუქტი ვერ გაიაფდება. “რაც შეეხება “ქეშბექის” ყოველწლიურად ზრდას, ვფიქრობ, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს, რის წარმოებას დაიწყებს ხოლო იმპორტიორმა - რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე, რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო“, - განაცხადა თამარ უდესიანმა. მისივე განმარტებით, “შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ “ქეშბექების” სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს “ქეშბექების” ზრდას“, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუდვილის” გენერალური დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის განცხადებით კი, საცალო ქსელების ოპერატორებს ურჩევნიათ, თავადვე მოიძიონ პროდუქციის მწარმოებლები საზღვარგარეთ და უშუალოდ მათგან შეიძინონ, რამდენადაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ ამ პროდუქციას მაღალი ფასნამატით აწვდიან. “უნივერსამის” დირექტორის, იოსებ ღუდუშაურის მტკიცებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შეთავაზებული ყველა “ქეშბექი”, თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას. შესაბამისად, დიდ ქსელებს ეძლევათ საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს გაძვირებას. კომპანიებს არ სურთ, რომ დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომ ისინი ამჯობინებენ “ქეშბექის” სქემას, ვინაიდან ეს იძლება საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე დაუფარავად აცხადებს, რომ მისთვის მწარმოებლების არგუმენტები უფრო მისაღებია, რომლებიც იმპორტიორებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან, ვიდრე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის ჩასაძირად. “არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად მსხვილი ქსელები თვითონვე არიან დისტრიბუტორებიც, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. კომისიის სხდომებზე, გამოიკვეთა, რომ როდესაც მაღალია ქსელური ფასნამატი, პროდუქტის შეტანის ღირებულება დაბალია. როდესაც დაბალია ფასნამატი, ქსელში შეტანის ღირებულებაა მაღალი და, ფაქტობრივად, ფასი ერთნარია. ეს არის არა მწარმოებლის ან დისტრიბუტორის პრობლემა, არამედ ქსელის პრობლემაა. მათ აქვთ თავისებური ზეგავლენაა ფასებზე, როდესაც ცალკეულ პროდუქციაზე, ხაზს ვუსვამ პირველადი მოხმარების სენსიტიურ პროდუქციაზე აისახება, საბოლოოდ კი, მომხმარებლების ჯიბეებზეც”, - თქვა ცუცქირიძემ, რომლის აზრით, პრობლემა მხოლოდ “ქეშბექი” არ არის და ლარის კურსის ცვლილებისას, ეს პროცესი მომენტალურად ისახება პროდუქციის ფასებზე და ძვირდება”, - დასძენს გამოცემა.

“ხომ ვიცით, რომ არსებობს გარკვეული მარაგი საწყობში? მაშინ, რატომ ძვირდება პროდუქტები მომენტალურად, კურსის ცვლილების კვალდაკვალ? მეორე მხრივ, როდესაც კურსი მყარდება და ბოლო პერიოდში ლარი სულ მყარდება, ეს პროცესი ფასზე აღარ ისახება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა სწორედ ამ თემებზე უნდა ისაუბრონ და არა ხელისშემშლელ ფაქტორებზე”, - განაცხადა ცუცქირიძემ. მისი მტკიცებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მოუწევს გარკვეული დადგენილებების შემუშავება. უნდა დაწესდეს შეზღუდვები, რათა “ქეშბექის” თემა დამთავრდეს. აუცილებელია, ადგილობრივ პროდუქციაზე იყოს მაღალი “დისქაუნთი”, რადგან იმპორტირებულიცა და ადგილობრივი პროდუქციაც თანაბარ პირობებში ჩადგნენ. პოლიტოლოგ თამარ ჩიბურდანიძეს თქმით უმჯობესი იქნება, თუკი მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის, ერთგვარი შუა რგოლი შეიქმნება, რომელიც „ქეშბექის“ ამ ყბადაღებულ საკითხს მოაგვარებს. რაც შეეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი კომისიის სხდომას, სადაც რამდენიმე სავაჭრო ქსელის წარმომადგენლების ურთიერთბრალდებებს მოუსმინეს, ჩიბურდანიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ქვეცნობიერი მიზანიც სწორედ ეს იყო, რათა ხალხს ღიად და აშკარად დაენახა ფაქტები და რეალობა”, - წერს სტატიის ავტორი.

“პროდუქტებზე მაღალი ფასის გამო, ხალხი ხელისუფლებას სთხოვს პასუხს და რა თქმა უნდა, განაწყენებულები არიან. საზოგადოებას ჰგონია, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ერთი გადაწყვეტილებით, ფასები დასწიოს. თუმცა, რა ხდება კულისებში, რამხელა დაპირისპირებაა, როგორი ურთიერთჩაძირვაა, ეს ხალხმა არ იცოდა. ამ თემის განსაჯაროვებით და ღია დისკუსიაში - მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ქსელების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამოიკვეთა სერიოზული პრობლემები. რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი ყლაპავს პატარა ბიზნესს, შიდა უბნებშიც კი, მცირე მაღაზიები თითზე ჩამოსათვლელია - ყველგან დიდი მარკეტებია გახსნილი. მსხვილმა ბიზნესმა შთანთქა წვრილი ბიზნესი, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს მირჩევნია, ბევრი საშუალო და მცირე მეწარმე იყოს ქვეყანაში. ვნახეთ, რომ მსხვილი ბიზნესი არ აძლევს მათ გასაქანს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ პრობლემა გადაწყდეს ისე, როგორც მათ სურთ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ჩიბურდანიძე.

“გამოიკვეთა, რომ “ქეშბექის” თემა ერთ-ერთი პიკანტური პრობლემაა პროდუქციის ფასწარმოქმნის ჯაჭვში. გამოიკვეთა აგრეთვე ერთმანეთის ჩაგვრა და არაჯანსაღი კონკურენცია. ახლა ერთმანეთში ჭიდაობით და ქიშპობით ცდილობენ, “ქეშბექის” თემა გადაჭრან, ხელისუფლება ჩაერიოს, ოღონდ მათ სასარგებლოდ... ხელისუფლება ამ მტკივნეულ თემას საჯაროდ არ გამოიტანდა, თუკი გარკვეული რისკებსაც არ დააზღვევდა -არ ვიცი, რა რისკებია, ან როგორ აქვს ხელისუფლებას ეს რისკები გადაზღვეული, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან მალე დავინახავთ. თვეების მანძილზე შეისწავლეს ეს თემა, ისინი ჩვენ პროცესს გვაყურებინებენ, ეს არის პროცესი, არ არის ფინალი და ამ პროცესში ყველაზე მთავარი გამოჩნდა - ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ პროდუქტების სიძვირე მათი ბრალი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესს სასურველი შედეგი ექნება”, - დასძენს ჩიბურდანიძე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება