ჩვენთვის მთავარია არა „მოსკოვის მექანიზმი“ და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე - ეს ადამიანი სულ 2 დღე იყო საქართველოში და დოკუმენტი უკვე უნდა გამოქვეყნდეს - ეჭვი გეპარებათ, რომ ეს არის წინასწარ დაწერილი ტექსტი და დანარჩენი იყო უბრალოდ შეფუთვა?! თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვის მცდელობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც იარაღი სხვა ხალხის წინააღმდეგ.
„ჩვენ ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და უპირველეს ყოვლისა, ამას ვუყურებთ. რაც შეეხება ამ „რუსულ მექანიზმს“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს - ეს მეტყველებს იმ 24 ქვეყანაზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ სწორად მახსოვს უკრაინამაც დაუჭირა მხარი. ვიღაცას მადლიერებასა და უმადურობაზე რომ გული ეტკინა, ეს არის უკრაინელი ხელისუფლების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს მოსკოვის ინსტრუმენტებით. უცნაური იყო საერთოდ პროცესი, რაც ვნახეთ. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტთან სიღრმისეული ცოდნა არ ჰქონდა. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა და 2 დღეში შეადგინა რაღაც დოკუმენტი. არასერიოზულია. თან იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც შეხვედრებზე დაისვა, საკითხი ეხებოდა არჩევნებსაც, უმაღლესი განათლების რეფორმასაც, პატიმრებსაც, ძალადობასაც, ყველაფერს. ე.ი. საქართველოს უახლესი ისტორიის პოლონურ ხედვას დავინახავთ ამ ანგარიშში. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. რა უნდა შეაფასოს საერთოდ?! ჩვენთვის მთავარი არის არა „მოსკოვის მექანიზმი“ და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე. იმდენი ტყუილი გვაქვს უკვე მოსმენილი ბრიუსელისგან და სხვა დედაქალაქებისგანაც, რა ნდობა უნდა გვქონდეს?!
ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც იარაღი სხვა ხალხის წინააღმდეგ. რამდენიმე კვირაა სულ გასული რაც გადაწყვეტილება მიიღეს და ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ახლა. თქვენ ხომ გინახავთ ანგარიშებიც და მუშაობაც?! ეჭვი გეპარებათ რომ ეს არის წინასწარ დაწერილი ტექსტი და დანარჩენი იყო უბრალოდ შეფუთვა?! სულ 2 დღე იყო ეს ადამიანი საქართველოში. 2 დღეში რა უნდა გაიგო საქართველოსთან დაკავშირებით, რომ მერე ამას მიუძღვნა მრავალი გვერდი დასკვნა? თავიდანვე ჩანდა. რომ ეს არის საქმის შეკერვის მცდელობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
„მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მაგალითიც გაიხსენა.
„ჩვენ ღირებულებითად აცდენილი ვართ ამ ადამიანებს. რა უნდა ავუხსნათ? ქალბატონ გოშევსკას, რომელიც გუშინ გამოდიოდა, რა უნდა ვუთხრათ? ეს ადამიანი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე. რა ვქნათ? ის ამ ადამიანს ხედავს თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდად. ეს დამოკიდებულებაა. რა ვქნათ, როგორ გადავარწმუნოთ, როგორ გამოვიყვანოთ იმ შეპყრობილობისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიმართ აქვს?! მერე ეს ხალხი გამოდის და ქართველ ხალხზე სერიოზული სახით გვესაუბრება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.