ირაკლი მელაშვილი - „მოსკოვის მექანიზმი"  გააპროტესტა მხოლოდ თურქმენეთმა, რუსეთმა და ბელარუსმა, ჩვენ ვართ მეოთხე ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ არ ვენდობით, ცუდ წრეში მოვხვდით - თუ პაპუაშვილის რიტორიკით აპირებენ ბრძოლას, გააუარესებენ მდგომარეობას

ძალიან არასერიოზლია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. თუ ისინი შალვა პაპუაშვილის რიტორიკით აპირებენ ბრძოლას, მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებენ მდგომარეობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, როდესაც ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობა ითხოვს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და შესაბამისი ექსპერტული დასკვნის წარმოდგენას, რთულია პროცესი მხოლოდ რამდენიმე “მიკერძოებულ სახელმწიფოს” დააბრალო.

ანალიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რიტორიკა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირისთვის მსგავსი ტონი მიუღებელია.

„მოსკოვის მექანიზმი“ ჯამში 11-ჯერ არის ამოქმედებული. ეს არის ევროპული კონსენსუსი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. როდესაც ეუთო-ში შემავალი 38 ქვეყანა ითხოვს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და საექსპერტო დასკვნის წარმოჩენას, ძალიან რთულია დააბრალო ერთ-ორ მიკერძოებულ სახელმწიფოს. წავიკითხე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოსვლა, ჩვენ ვპასუხობთ, რომ არის მიკერძოებული, შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, პოლიტიკურად მოტივირებულია - 11 შემთხვევიდან მხოლოდ 3-მა ქვეყანამ გააპროტესტა და თქვეს, რომ ეს არის მიკერძოებული ანგარიში. ეს ქვეყნები იყვნენ თურქმენეთი, რუსეთი და ბელარუსი. ჩვენ ვართ მე-4 ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ არ ვენდობით ამ მექანიზმს. საკმაოდ ცუდ წრეში მოვხვდით, თუმცა ბუნებრივია.

ამ ფაქტების ერთობლიობა აჩვენებს იმას, რომ ვითარება საკმაოდ სერიოზულია. ვხედავთ უპასუხისმგებლო და არასერიოზულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით დღეს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა, როგორც ბირჟაზე ნასვამი ბიჭები „ბლატაობენ“ ისე დაიწყო საუბარი - სახეზე ავაფარებთ დოკუმენტსო... არ შეიძლება პოლიტიკოსი და სახელმწიფო თანამდებობის პირი ასე ლაპარაკობდეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი, რომლებიც სრულიად შემთხვევით, ერთი კაცის აჩემებით არიან მოხვედრილები ხელისუფლებაში, არ ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველოს ურთიერთობებზე ევროპულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ მისი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება.

„ნუ მოვიტყუებთ თავს, მთავრობის დასჯა ნიშნავს სახელმწიფოს დასჯას. სახელმწიფოსაც შეეხება და ჩვენ ყველას ის იდიოტობა, რასაც სჩადის საქართველოს ხელისუფლება. თუ შენ ევროპის სახელმწიფოებთან არ შეგიძლია დიპლომატიურ ენაზე საუბარი, იმ ევროკავშირის სახელმწიფოებთან, სადაც შესვლა, იძახი, რომ მიზნად გაქვს. ამ პარლამენტის პატრონი ევროპარლამენტზე ამბობ, რომ სსრკ-ს ყრილობას მაგონებსო“,- აცხადებს მელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა