„ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს - ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებას ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მზაობის თაობაზე.
პაპუაშვილის თქმით, პრობლემაა არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ.
მან დღეს განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებული, “როცა თავად ოფისებში თბილად სხედან და ადამიანები ციხისთვის გასწირეს“.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ “საქართველოს ხელისუფლება არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს“.
“რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებასთან არა აქვთ. მათ პრობლემა საქართველოს კონსტიტუციასთან აქვთ. ამიტომ თუკი მათ რაიმესთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკონ, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საკითხებზე უნდა ილაპარაკონ, რომელიც ასე უხვად დაარღვიეს. რაც შეეხება “ლელოს“, მათ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს - ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები არის.
ასე რომ, პრობლემაა არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ.
პარტიებმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანეს მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება არ აღიარეს და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იარაღად იქცნენ. მათთან სალაპარაკო არაფერია - მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი დღეს ადამიანებითა და დემოკრატიით ვაჭრობენ.
2012 წლიდან მოყოლებული მათ ერთი მეთოდი აქვთ - ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ადრე იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს და ციხისთვის გაწირეს, თორემ იყო თავისთვის მშვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასეა მზია ამაღლობელის და ყველა სხვა საქმე, სადაც თავად მათ წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე და შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის. მათ შორის უცხოელებმა, ელჩებმა გაწირეს, იმიტომ რომ აქეზებდნენ: - არ აღიაროთ დანაშაული, არ ითანამშრომლოთ მართლმსაჯულებასთან! ამით წააქეზეს, რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ადამიანებით ვაჭრობენ. ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, რითაც დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფი არის დაკავებული. ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, რაც არის მეთოდი, რომელსაც ისინი ყოველ ჯერზე იყენებენ. თუ გახსოვთ უგულავას ამბები და შემდეგ იმაზე მსჯელობა, შეიწყალებს თუ არა მას ვინმე, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ არ იქნება. ჯერ ადამიანები დანაშაულზე მიჰყავთ, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ამ ადამიანების ბედით ვაჭრობენ.
გარდა ამისა, 2012 წლიდან მოყოლებული გრძელდება დემოკრატიით ვაჭრობა, როდესაც ყოველ ჯერზე არის დემოკრატიაზე თავდასხმა და შემდეგ უცხოელების ჩარევით, რომ იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნება პატარა შეღავათი გაუწიოთ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ იქნებ სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის დემოკრატიით ვაჭრობა. არ ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზაციური ქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.