თავისთავად, დაპირისპირებული მხარეები რაღაც ტიპის დიალოგს რომ უნდა ეძებდნენ, ამის ალტერნატივას მე ვერ ვხედავ. ეს როგორ, რა ვითარებაში იქნება, ცალკე საკითხია. შარლ მიშელი რომ ანეკდოტად იქცა, ესეც არ არის სწორი. შარლ მიშელს არაფერი დაუშავებია, კეთილი სურვილების მეტი სხვა არ ჰქონია - კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია: „ვითარება არის მძიმე“! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიალოგი უნდა დაიწყონ. დარჩიაშვილის შეფასებით, „ლელოს“ ეთანხმება იმაში, რომ ურთიერთდამანგრეველი ლოგიკა უნდა გადაილახოს.
„ურთიერთდამანგრეველი ლოგიკა უნდა გადაილახოს, ამაში ვეთანხმები. თუ ამის მერე მოსდევს საუბარი იმას, რომ ახლა, მოდი, მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები - ვისზეა ლაპარაკი? ხელისუფლება ამის სურვილს არ ავლენს, ოპოზიციის დიდ ნაწილსაც უფრო ძლიერს, ვიდრე „ლელოა“, ეს არ უნდა. მაშინ, მხოლოდ „ლელო“ დაჯდება მაგიდასთან? და შეიძლება ვიღაცა სამადლოდ, ხელისუფლებიდან გამოგზავნონ? ეს კითხვები ლეგიტიმურია, მაგრამ თავისთავად, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები რომ რაღაც ტიპის დიალოგს უნდა ეძებდნენ, ამის ალტერნატივას მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ეს, როგორ, რა ვითარებაში იქნება, ცალკე საკითხია. შარლ მიშელი რომ ანეკდოტად იქცა, ესეც არ არის სწორი. შარლ მიშელს არაფერი დაუშავებია, კეთილი სურვილების მეტი სხვა არ ჰქონია, მაგრამ პროცესი საბოლოოდ მარცხით დამთავრდა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც, რომელიღაც ვიზიტის დროს, იგივე უცხოელების თანდასწრებით, ვთქვათ, რომელიმე - ნიკოლოზ სამხარაძე და მეორე მხრიდან ვიღაცა, ერთმანეთს არ შეხვდნენ, თვალი თვალში არ გაუყარონ და რაღაცებზე არ ისაუბრონ. საბოლოო ჯამში, შექმნილი ვითარება ყველას უქმნის რისკებს, პირველ რიგში ხელისუფლებას“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, მისი შეფასებით, კრიზისულ ვითარებაში პოლიტიკური სპექტრის გამსხვილება კარგია, სწორია და ლოგიკურად მიაჩნია, თუმცა შემდგომ, ამის უკან ქმედითი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შემუშავდეს, სადაც თავისი ადგილი ექნება ხისტ პოზიციონირებას და დიალოგის ელემენტებსაც.
ამასთან, დავით დარჩიაშვილმა ისაუბრა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“.
„ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისეთია, რომ მთავარი საკითხი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არის ის, თუ როგორ და რა აქვს გააზრებული ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. ეს გადამწყვეტი და ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი სისტემური დამღაა, რომელსაც ადვილად უკვე სხვა პოლიტიკური ძალის მმართველობის დროსაც ვერ მოვიცილებთ. ნუ ჩვენ ქვეყნის იმიჯი შევქმენით ისეთი, რომ როგორც ჩანს, ამ ქვეყნის დემოკრატიული პოტენციალის შესახებ ჩვენი წარმოდგენები მსოფლიოში, გადაჭარბებული იყო. მე მგონი, ასეთი განცდა აქვთ ევროპელებსაც, ამერიკელებსაც და სხვებსაც და ეს დიდი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ ასეთია მოცემულობა, რას ფიქრობს თვითონ ივანიშვილი, როგორ აცნობიერებს ის, რას ეუბნებიან მრჩევლები იმიტომ, რომ თვითონ არ არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ვიღაცამ რაღაც უნდა ურჩიოს და იმანაც მოუსმინოს. ვითარება მართლაც საგანგაშოა, მსოფლიო თანამეგობრობამ უკვე შექმნა ისეთი ტექსტი, რომელიც არ არის მხოლოდ პოლიტიკური და არ არის მხოლოდ სარეკომენდაციო, არამედ არის მექანიზმი იმისა, რომ საქმე მიდიოდეს დამატებით სანქციებამდე და სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს ვითარება ძალიან მძიმეა.
დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, ნიშანია იმისა, რომ ის ნერვიულობს. საქართველო ჭორების ქვეყანაა და არის ჭორები, რომ ძალიან შფოთავს და ჩხუბობს შექმნილი ვითარების გამო. ასეთი მოცემულობაა, მაგრამ ამ ჩხუბიდან საით წავა, ხომ არ ჩაიკეტება, როგორც პუტინის რეჟიმია ჩაკეტილი და არ ადარდებს საერთაშორისო დონეზე რა გადაწყვეტილებები მიიღება, თუ მაინც იფიქრებს, რომ საქართველოს არანაირად არ აქვს იმის ფუფუნების საშუალება და უფლება, იოცნებოს იმაზე, რომ აი, საერთოდ არ მაინტერესებს ევროპული სამართალი, ევროპა წყალსაც წაუღია, მე „შავ ფულს“ გავაკეთებ რუსეთთან ერთად ან დუბაიდან შემოვიტან ფულს - არ არის ასეთი ვითარება.
კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ ეს სათქმელია, ეს უნდა გააგონო მეორე მხარეს, რომ ჰო, გეთანხმები, რომ ვითარება არის მძიმე. ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას. ამის აღიარება შეცვლის იმას, რომ მეტი მზაობა იქნება, მეტი გაგება იქნება ოპონენტების: ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომ ხელისუფლება შფოთავს და ე.ი. გამოსავალს ეძებს და ხელისუფლების მხრიდან იქნება სწორედ მზაობის ჩვენება ირიბად მაინც, რომ რადგან მძიმეა [დასკვნა[, ე.ი. ჩემთვისაც მძიმეა და რაღაც უნდა დავთმო“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე, რომეო მიქაუტაძეზე, რომელიც სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის „ფულის გათეთრებაში“ და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ამ პროცესით „ქართულ ოცნებაში“ შიდა შურისძიება ხდება.
„რატომღაც, ვიღაცის შიდა შურისძიება ხდება და ისევ პოლიტიკური პატიმრები გამოდიან ეს ადამიანები. შესაძლოა, დიდი ალბათობით, მათ წარმოაჩინეს არალოიალურობა, საკუთარი პოლიტიკური თამაშის სურვილი და ამიტომ მიაყენეს კედელთან. მეორე ამბავია ის, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს, შეიქმნას იმიჯი, რამდენად უმწიკვლოა და აჩვენოს თავისიანებს, აი, მე არავის აპატიებს კაპიკის მოპარვასაც, კი. ამას ვინ იჯერებს?!“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.