ესპანეთი ჰორმუზის სრუტეში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.
„ესპანეთი რაიმე სახის დროებით ზომას არასდროს დათანხმდება, რადგან მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს და ის ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მარგარიტა რობლესმა.
დონალდ ტრამპის განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე ალბარესიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირის პოზიცია ის უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს“.
„ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ალბარესმა.