საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განმარტა რა საკითხებს განიხილავენ მიმდინარე სასესიო კვირაში

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე იმსჯელებს, მათ შორის, ეს შეეხება ავტომობილების ბაჟის გადასახადის გაზრდას, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების იქნება და ასევე, პირველკლასელთა რეგისტრაციას, რომელიც მიმდინარე წელს გამონაკლისის სახით იქნება დაშვებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, 17 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

“დაიგეგმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების განრიგი. მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ ხვალ, 17 მარტს, პარლამენტი და ჩვენი საზოგადოება მოუსმენს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს, ამით გაიხსნება სასესიო კვირა. ასევე იქნება კენჭისყრები.

ოთხშაბათს განვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტს და იმ პაკეტებს, რომლებიც დაინიცირდა. ასევე, გავიარეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა კანონპროექტის ირგვლივ, სხვადასხვა ინიციატივის ირგვლივ. მინდა, რამდენიმეს გამოვეხმაურო.

მათ შორის, პირველი - რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა აკრძალვა ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს და უბრალოდ გაიზრდება ბაჟის გადასახადი, ასე რომ, არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვსი წლის ზემოთ ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კი ბაჟის გადასახადი რჩება, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს.

მინდა, შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე, ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, შეიცვლება წლები. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში. რაც შეეხება რეტრო მანქანებს, აქაც 40-იდან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით, მათ ბაჟთან მიმართებაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, კონკრეტული ჯგუფისთვის. ეს ჯგუფი მოიცავს 15 ათას არასრულწლოვანს, მოსწავლეს, რომელიც უნდა შევიდეს პირველ კლასში. ყველას კარგად მოგეხსენებათ ის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც მუშავდება ჩვენს ქვეყანაში. მხედველობაში მაქვს განათლების რეფორმა. ყველას კარგად გვახსოვს ის 6-წლიანი ზღვარი - 15 სექტემბრამდე ექვსი წლის უნდა გახდეს მოზარდი, რომ შევიდეს პირველ კლასში.

როდესაც ეს რეფორმა დაინიცირდა, იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც არ იყო მზად ამ გადაწყვეტილებისთვის და ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სრულად გავითვალისწინოთ იმ ოჯახების, იმ არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც ე.წ. პრე-სქულში დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ, რომ შესულიყვნენ პირველ კლასში წელს და მათ მოუწიათ ეს რეფორმა. აქ დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, ვინც არის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული.

2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც არის განსაზღვრული სასკოლო კუთხით.

ასევე განვიხილეთ მთელი რიგი სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც საჯაროა. ძირითადად, ხვალ და ოთხშაბათს იქნება მათი საკომიტეტო მოსმენა, ასევე სასესიო პლენარულზე იქნება მოსმენები და კენჭისყრები”, - განაცხადა კირცხალიამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა