ლიბანში ისრაელის მნიშვნელოვანი სახმელეთო შეტევის თავიდან აცილება უნდა მოხდეს, რადგან მას შეიძლება დამანგრეველი ჰუმანიტარული ზიანი მოჰყვეს, - ამის შესახებ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ ლიბანში ძალადობის ესკალაციით და ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად მნიშვნელოვანი ჩართულობისკენ მოვუწოდებთ. მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებების ხელშეწყობის ინიციატივებს და მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ „ჰეზბოლამ“ ისრაელზე თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება უნდა შეწყვიტოს.
„ვგმობთ „ჰეზბოლას“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ირანს საომარ მოქმედებებში, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ლოდერები გმობენ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის მუშაკებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე გაეროს დროებითი ძალების წინააღმდეგ ლიბანში, აცხადებენ, რომ ეს ქმედებები მიუღებელია და მხარეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
„ისრაელის მნიშვნელოვან სახმელეთო შეტევას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება და შესაძლოა გაჭიანურებულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული. ლიბანში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია, მათ შორის მასობრივი იძულებით გადაადგილების შემთხვევები, უკვე ძალიან საგანგაშოა. მხარს ვუჭერთ ლიბანის მთავრობის ძალისხმევას „ჰეზბოლას“ განიარაღების, „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვისა და მათი შეიარაღებული საომარი მოქმედებების შეზღუდვის მიმართულებით. სოლიდარობას ვუცხადებთ ლიბანის მთავრობას და ხალხს, რომლებიც კონფლიქტში უნებლიეთ ჩათრეულები აღმოჩნდნენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.