მჯერა, რომ კუბაზე კონტროლის დამყარების პატივი მექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთელი ჩემი ცხოვრებაა მესმის აშშ-სა და კუბის შესახებ. როდის გააკეთებს ამას აშშ? ეს დიდი პატივი იქნება. გავათავისუფლებ მას თუ მასზე კონტროლს დავამყარებ - ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მსურს. ახლა ეს ქვეყანა ძალიან დასუსტებულია“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება იმის ფონზე გააკეთა, როდესაც კუბაზე ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
13 მარტს კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადის გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მოსაგვარებლად ჰავანასა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
ამასთან, New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიგელ დიას-კანელის კუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კუბის დელეგაციას ბოლოს გამართული მოლაპარაკებებისას განუცხადეს.