სატარიფო გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ეს არ არის შემზღუდავი მექანიზმი, ეს არის ამკრძალავი მექანიზმი. მივიღებთ ძველი ავტოპარკის კიდევ უფრო აქტიურ დაბერებას. ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით არათუ გააუმჯობესებს ეს ვითარებას, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდება! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, სადაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებისთვის განბაჟების საფასურის ცვლილების შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
როგორც ხუნდაძემ განაცხადა, დასახვეწია ტექდათვალიერების ინსტრუმენტი.
ამასთან, მისივე თქმით, ეს კანონპროექტი შესაძლოა შეეხოს იმ პირებს, ვინც რეექსპორტში არიან ჩართულები.
„ის, რომ დადგენილების გაუქმება მოგვიწია, ეს კარგია. თუმცა ამას აქვს ორი დადებითი მომენტი: აკრძალვას, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ არჩევანი ისევ დარჩა, შემდეგი საკითხია რა სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული. მეორე: კარგია ის, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და პარლამენტარებს მოგვიწია მონაწილეობა. თუმცა უარყოფითი ამას აქვს. დეტალები როცა გახდა ცნობილი, ვნახე, რომ სატარიფო გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ეს არ არის შემზღუდავი მექანიზმი, ეს არის ამკრძალავი მექანიზმი. ანუ შეზღუდვა უნდა იყოს, წავახალისოთ, რომ ავტოპარკი გაუმჯობესდეს, მაგრამ ამკრძალავი ტარიფი როცა შემოდის, ეს იგივეა, რომ ავკრძალოთ. ეფექტი ამას რატომ ვერ ექნება? როცა ამკრძალავი გადასახადი შემოდის, ე.ი გამოდის, რომ 6-იდან-9 წლამდე ავტომობილები პრაქტიკულად, იგივე საფასურის იქნება, რაც 0-იდან-6 წლამდე დიაპაზონში ავტომობილის საფასური. ანუ ეს სეგმენტი ამოვარდება. ანუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავისი შემოსავლით ვერ ყიდულობს. შესაბამისად, გამოდის, რომ ძველი ავტოპარკი უფრო დიდხანს იქნება. ხელოვნურად მოხდება მისი სიცოცხლისუნარიანობის გაგრძელება და ჩვენ მივიღებთ ძალიან გრძელვადიანად არსებული ძველი ავტოპარკის კიდევ უფრო აქტიურ დაბერებას. ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით არათუ გააუმჯობესებს ეს ვითარებას, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდება. ამასთან, თუ ცვეთაზეა საუბარი, რატომ მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანები? - იმიტომ, რომ სატვირთო ავტომანქანები, რომელთაც ცვეთის მაღალი ხარისხი აქვთ, უფრო მეტად და ინტენსიურად აბინძურებს გარემოს, ვიდრე მსუბუქი ავტომობილები.
აქვე კითხვა მაქვს, 80 ათასი ავტომობილებიდან რაც მიმოქცევაშია და ქვეყანაში რჩება, იქიდან მხოლოდ 5-6 %-ია ახალი, ანუ 0-იდან-6 წლამდე. რა პერიოდი დასჭირდება განახლების ინტენსივობით, რომ განახლდეს ავტოპარკი საქართველოში?!
ამასთან, არგუმენტებში სულ ჟღერდება თბილისის მაგალითი, მაგრამ ეს არ გამოგვადგება. თბილისში, ასე თუ ისე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მოგვარებული, მაგრამ რეგიონებში, სადაც სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაბალია, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. გეტყვით იმასაც, რომ ეს შეიძლება რეექსპორტსაც შეეხოს. როდესაც შემომყვანს შემოჰყავს ავტომობილი და უცხოელი მსურველი შემოვიდა, მან იცის, რომ საშეღავათო პერიოდი არის 3 თვე, ის დაელოდება, რომ 3 თვე მიიყვანოს ზღვარზე და ავტომატურად იძულებულს გახდის გამყიდველს, რომ მან ფასი დაუწიოს მინიმუმზე. აუცილებლად შეეხება რეექსპორტსაც. რა მიზანიც გაჟღერდა, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდეს და ავტოპარკი გაუმჯობესდეს, ვერცერთი და ვერც მეორე ვერ მოემსახურება ამას.
გასაუმჯობესებელია ასევე ტექდათვალიერების აქტივობაც. მხოლოდ ასაკი ვერ იქნება განმსაზღვრელი. თუ მანქანა წესრიგშია, მაშინ რატომ ვკრძალავთ? იმიტომ, რომ ასაკს გაცდა?“- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება.
მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესის ცვლილება “საგადასახადო კოდექსში“ აისახება. მასთან ერთად ცვლილება “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.