კახა კალაძე - სისულელეები მოვისმინეთ, რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის? ქართული სამზარეულო, ალბათ, შეისწავლეს, ღვინო - ჩვენც ვამაყობთ, რომ მდიდარი ქვეყანა ვართ

აბსურდია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“... გუშინ სისულელეები მოვისმინეთ - რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის? ქართული სამზარეულო, ალბათ, შეისწავლეს, ღვინო... ჩვენც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშისა და ანგარიშის ავტორის, პატრიცია გრჟებიკის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დასკვნა წინასწარი იყო დაწერილი.

„აბსურდია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ და ასე შემდეგ, გუშინ სისულელეები მოვისმინეთ. ის განმარტება, რაც მოვისმინეთ, მეტყველებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი მათი პატრონების მიერ და აქ ჩამოსვლა ფარსი იყო. ვითომ რაღაცები შეისწავლეს. რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის? ალბათ, ქართული სამზარეულო შეისწავლეს, ღვინო... ჩვენც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, ვამაყობთ ტრადიციებით, წარსულით, მაგრამ რაც დასკვნაში ეწერა, აბსურდი იყო“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ეუთო შანტაჟისთვის გამოიყენეს.

„ეს არის სრული ბოდვა. მოთხოვნები რაც არის, მთელი რიგი კამპანიები, შემოტევები ჰქონდათ, მუქარები დღესაც გრძელდება. ეუთო გამოიყენეს ამ შანტაჟისთვის, წინასწარ დაწერილი დასკვნა, აქ ჩამოსვლა, ყველაფერი ფარსი იყო, ვითომ რაღაცის შესწავლა, ყველაფერი ტყუილი იყო. ეს იმისთვის ხდება, რომ ქვეყანა აშანტაჟონ“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ კანონში“ უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში მისი მისია სრულიად დამოუკიდებელი იყო პირველივე წუთებიდან. რჩევები და რეკომენდაციები არ მიუღია არც ეუთოსგან, რადგან მათ წარმომადგენლობას „არ სურდა ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა.“

რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს, პატრიცია გრჟებიკი ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციასაც ეხმაურება, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო ხსენებას უკავშირდება.

„საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით „სამართლებრივი ბრძოლის“ დაწყება მინდოდა. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად“, - აღნიშნავს პატრიცია გრჟებიკი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს