„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადება, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგის დაწყების თაობაზე, არის ჩვენი პარტიის ხედვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ხშირად გამოიყენება სიტყვა „შეთავაზება“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არ შეგვითავაზებია მითუმეტეს „ქართული ოცნებისთვის“ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა და სამწუხაროდ, ასე გავრცელდა, - ასე განმარტავს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე მათი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების მნიშვნელობას.
როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ფიქრობს, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს თავისი ელექტორალური წონა, თავისი წვლილი აქვს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში და ხვალინდელი დღის ფორმირებაში, ამგვარ ფუნდამენტურ საკითხზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია, თუ როგორ ხედავს ის გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში არსებობს. მისი თქმით, პარტია დიალოგის აუცილებლობას მათ შორის ხედავს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თუ ვინმეს დიალოგი სურს, ჯერ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობა უნდა აღიაროს, გიორგი სიორიძის თქმით, „ლელოს“ ამასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
„არალეგიტიმურ პარლამენტად ვაღიარეთ, არ შევედით ამ პარლამენტში, მანდატები დავტოვეთ და მას მერე ჩვენი პოზიცია არის უცვლელი- „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი! ამას ჩვენ განცხადებაში ვამბობთ. სამწუხაროდ, შეიმჩნეოდა ისეთი ტენდენცია, რომ კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან რაღაც იერიშებს ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც ან კარგად უნდა წაეკითხათ ტექსტი ან ვინც წაიკითხა, ასეთი დასკვნა ნამდვილად არ უნდა გამოეტანა. განცხადებაში პირდაპირ არის საუბარი 2024 წლის არჩევნების გაყალბებაზე, რეჟიმზე და ა.შ. მეორე- ჩვენ რაიმე ახალი მოვითხოვეთ იმისგან განსხვავებული, რასაც წელიწად ნახევარზე მეტია საზოგადოება ითხოვს?ეს არის ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კრიზის გადაჭრის გზა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სადაც მკაფიოდ გვიწერია, რომ ეს უნდა მოხდეს პარალელურად. ოღონდ, ბრალად გვდებდნენ, რომ ჩვენ თითქოს ვვაჭრობდით პოლიტპატიმრების ბედით. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვმარტავ, პოლიტპატიმრების ბედით არავინ ვაჭრობს, არც ივაჭრებს და ვერავინ გაბედავს ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის შეგნებული პოზიცია თვითონ ამ ადამიანების“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გარდა ამისა, სიორიძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომელთა თქმითაც, მმართველ პარტიას „ლელოსთან“ სასაუბრო არაფერი აქვს და „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ესაუბროს.
„ჩვენ არცერთ სასამართლოს არ გავურბივართ, მათ შორის ივანიშვილის, მურუსიძის სასამართლოს და არც საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენს აკრძალვას. პაპუაშვილი და მისი ამხანაგები „ქართული ოცნებიდან“ მოემზადონ და ესაუბრონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. „მოსკოვის მექანიზმმა“ ამის საშუალება ნამდვილად გააჩინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი განცხადებიდან გამომდინარე - „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბრო აქვს თუ არა „ლელოს“, ეს არ არის ის, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. აქ არის საუბარი იმაზე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას იმისთვის, რათა დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი, თორემ არანაირი დიალოგი სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულების გამო ვერავის იხსნის მსჯავრისგან და ტრიბუნალისგან ვერავის აარიდებს ამ ხვედრს. „ქართული ოცნება“ რასაც სჩადის განსაკუთრებით ბოლო წლების და თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის იმ სასწორზე დადებული თითო გირი, რომელიც მათ აახლოებს ჰააგის მართლმსაჯულებასთან და ჰააგის თემიდას სასწორს. შესაბამისად, ის ცინიზმი, რომელიც გუშინ ვიხილეთ განსაკუთრებით კობახიძის ბრიფინგიდან, ერთი მხრივ, ავლენს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ, ანტიეროვნულ და ანტიქართულ ბუნებას, მაგრამ ამავდროულად, ჩემთვის სიმპტომი იყო იმ სავალალო მდგომარეობის, რომელშიც მათ თავი ჩაიგდეს იმიტომ, რომ ეს საფრთხე არის მათთვის ძალიან რეალური. „მოსკოვის მექანიზმის“ არ არის უბრალოდ დასკვნა და ქვეყანაში არსებული კრიზისის რაღაც საექსპერტო შეფასება“, -განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძემ შეაფასა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადებაც: „ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს - არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას“.
„ქართული ოცნება“ მათი ბაქი-ბუქით უფრო შევა ჩიხში და უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს ჰააგის ტრიბუნალისკენ, სანქციებისკენ, იზოლაციისკენ და ა.შ. უფრო ნაკლები სივრცე დარჩებათ მათ სამოქმედოდ“, - აღნიშნა მან.