ლევან ჯანგველაძემ მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ერთ-ერთ პირთან, რომელიც საქართველოდან იყო, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობდა, მას გავლენები ჰქონდა, ყველაფერზე იყო წამსვლელი და მისგან საფრთხეს გრძნობდა. ლევანის მკვლელობის შემდეგ, როცა გაჟღერდა ამ ადამიანის სახელი, მაშინ გავიხსენე მისი გვარი - ფარცხალაძე. ლევანი მისგან საფრთხეს გრძნობდა, რადგან ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა, კარგი ნაცნობობიდან მტრებად იქცნენ,- ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობრის, ილია მიკულსკის ჩვენებაში წერია, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში გამოიკვლია.
ილია მიკულსკი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან 2025 წლის 26-27 დეკემბერს დაიკითხა.
ის ჩვენებაში ლევან ჯანგველაძესთან შეხვედრაზე და მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე საუბრობს.
„ვარ ლევან ჯანგველაძის მეგობარი, მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა როგორც ქართველ მოსახლეობაში, ასევე რუსეთში და სხვა ეროვნების ადამიანებთან. ლევანი სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დამხმარებია, სწორედ აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა და რა ინფორმაციასაც ვფლობდი, გამოძიებისთვის მიწოდება... ლევან ჯანგველაძეს მოსკოვში, რესტორან „სევერიანეში" შევხვდი, მას ფულის სესხება ვთხოვე და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ჰქონდა პრობლემები ერთ-ერთ პირთან, რომელიც საქართველოდან იყო, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობდა, მას გავლენები ჰქონდა, ყველაფერზე იყო წამსვლელი და მისგან საფრთხეს გრძნობდა. მან ამ პიროვნების სახელი და გვარი მითხრა, მითხრა ქართული გვარიც, თუმცა, არ დამამახსოვრდა, დამამახსოვრდა მისი რუსული გვარი - რომანოვი, რადგან რუსეთში ეს ძალიან ცნობილი გვარია. ლევანის მკვლელობის შემდეგ, როცა გაჟღერდა ამ ადამიანის სახელი, მაშინ გავიხსენე მისი გვარი - ფარცხალაძე. რესტორანში დავინტერესდი და ლევანს ვკითხე, რა ხდებოდა. მან მითხრა, რომ სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვაზე ჰქონდა კონფლიქტი ოთარ რომანოვთან და მისგან საფრთხეს გრძნობდა, რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა, კარგი ნაცნობობიდან მტრად იქცნენ. მან მითხრა, რომ საფრთხეს გრძნობდა, როგორც საქართველოში ჩასვლისას, ასევე რუსეთში... ერთადერთი რაც მითხრა, ოთარ რომანოვს საქართველოში ნდობით აღჭურვილი პირები ჰყავდა, რომლებიც მის დავალებებს ასრულებდნენ - გვარად მიქაძეები",- აცხადებს ჩვენებაში მიკულსკი.
სწორედ მისი და როზა ნარცისოვას ჩვენების გამოქვეყნებას ითხოვდა ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე, რადგან პროკურორის თქმით, აღნიშნულ მოწმეებთან დაკავშირება და სასამართლოში მოყვანა ვერ მოხერხდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მათი განმარტებით, მოწმესთან კითხვების დასმის შესაძლებლობა მათაც უნდა ჰქონოდათ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.