ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, მედეა მიმინოშვილის განცხადებით, აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში ორივე ქვემო კიდურის არეში მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკაწრი ჭრილობით შეიყვანეს.
მისი განმარტებით, ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მისი ბინაზე გაწერა იგეგმება.
„ჩვენთან კლინიკაში 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 68 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა ორივე ქვემო კიდურის არეში მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკაწრი ჭრილობა. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, კონსულტაციები, მოხდა ჭრილობის პირველადი დამუშავება, ანტიტეტანური იმუნიზაცია. ამ დროისთვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგეგმება გაწერა ბინაზე. ამჯერად რის გამოც მოგვმართა, ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში“,- განაცხადა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა მედეა მიმინოშვილმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა დაშავებულს ჭრილობები გასროლის შედეგად ჰქონოდა მიყენებული, ექიმის თქმით, ამის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შეუძლია.
„ეს ყველაფერი უფრო სამართალდამცავების კომპეტენციაა, სჯობს მათ ჰკითხოთ. ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც გამოვრიცხავ, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. პაციენტი ჯერჯერობით რჩება კლინიკაში.“- განაცხადა ექიმმა.