„ქართული ოცნების“ ცრუ ოპტიმიზმი, ავტორიტარებისთვის დამახასიათებელ ბოლო ფაზას მაგონებს - პრაქტიკულად, ყველა ასეთი ავტორიტარი ბოლო წუთამდე უმტკიცებს შემორჩენილ ერთი ციდა მომხრეებს, თითქოს ყველაფერი კარგად არის. დაახლოებით ამ რეჟიმშია დღეს ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი“.
მისივე შეფასებით, პრემიერის განცხადება ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ „ბრძოლის ის გზა, რომელიც აირჩიეს, ბოლომდეა მისაყვანი“. მისივე თქმით, ამ „წინააღმდეგობის შედეგია საერთაშორისო სანქციები, მათ შორის, „მოსკოვის მექანიზმიც“.
„ქართული ოცნების“ მხრიდან მოგვისმენია, რომ არ იქნება სანქციები. აღმოჩნდა, რომ სანქციები იყო.სულ ცოტა ხნის წინ, მათთვის ძალიან მძიმე სანქციები იყო პროპაგანდისტულ მედიაზე. მოგვისმენია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგებდნენ ურთიერთობებს. ეს რაღაცნაირი ცრუ ოპტიმიზმი მაგონებს ავტორიტარებისთვის დამახასიათებელ ბოლო ფაზას. პრაქტიკულად, ყველა ასეთი ავტორიტარი ბოლო წუთამდე ამტკიცებს და უმტკიცებს შემორჩენილ ერთი ციდა მომხრეებს, თითქოს ყველაფერი კარგად არის. დაახლოებით ამ რეჟიმშია დღეს ხელისუფლება.
რაც შეეხება იმას, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. ჩვენთვის ნიშნავს, რომ ბრძოლის ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, მისაყვანია ბოლომდე. ფაქტია, რომ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით. უპირველესად ვგულისხმობ წინააღმდეგობას, რომელიც ერთი წუთით არ შეწყვეტილა ამ ქვეყანაში. ამ წინააღმდეგობის შედეგია საერთაშორისო სანქციები, მათ შორის, „მოსკოვის მექანიზმი“. ეს დასკვნაც ამიტომ არის კრიტიკული, რომ ქვეყანაში თავისუფალმა ადამიანებმა საკუთარი პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოლონ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
მან ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ეუთოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტამდე იყო დაწერილი. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ანგარიშთან დაკავშირებით „ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება აქვს“.
„ჯერ კიდევ 1991 წელს შექმნილ მექანიზმში წერია, რომ ასეთი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში დასკვნა უნდა მომზადდეს არაუგვიანეს 3 კვირისა. ეს მიუთითებს ვითარების საგანგებოობასა და ექსტრემალურობაზე, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა შემჭიდროებულ ვადებში მომზადდეს. საქართველო ეუთოს რომ უერთდებოდა, ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა.
მეორე მნიშვნელოვანი ამბავი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ დასკვნაზე მუშაობისას ჰქონდა საშუალება, რომ ეთანამშრომლა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელთან. ეს ორი ტიპის თანამშრომლობას გულისხმობდა - შეეძლოთ ალტერნატიული ექსპერტი დაენიშნათ ამ საკითხზე და ეს არ გაუკეთებიათ და მეორე, რითაც ისარგებლეს - ისინი შეხვდნენ ამ ადამიანებს. პლუს, უკვე მომზადებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარების დართვის საშუალება ჰქონდათ, რაც ასახულია ანგარიშში. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი სუფთა მეთოდოლოგიური და აკადემიურია, თავი რომ დავანებოთ ამ ადამიანის აკადემიურ ხარისხს. ეს მართლაც პირუთვნელი და დამოუკიდებელი ექსპერტია. ეს ყველაფერი იყო დაცული და ამ ყველაფერში ხელისუფლება მონაწილეობდა.
მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, როგორ მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში, ფორმას არ ვგულისხმობ, შინაარსს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებას. თვითონ ამ ანგარიშშიც ჩანს ეს. ერთ-ერთ კომენტარად მათ მოყვანილი აქვთ ასეთი არგუმენტი, თითქოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელიღაცა ფილოლოგთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ სიტყვა „აგენტს“ საქართველოში არ აქვს უარყოფითი კონოტაცია. ამ არგუმენტს, თავის დროზე, როდესაც „რუსული კანონი“ პირველად შემოიტანეს, ჩვენც გვასმენინებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არსებობს დაზღვევის აგენტი და ა.შ. ამას გვიმეორებდნენ საბჭოთა კავშირ გამოვლილ ქვეყანაში, სადაც ყველამ ვიცით, რომ სიტყვა „აგენტის“ ხსენებისას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და ამ შემთხვევაში, საბჭოთა „კაგებეს“ აგენტი იგულისხმებოდა. ეს ძალიან დამამცირებელი ზედსართავია, რომლითაც შეიძლება ადამიანი მოიხსენიო. ამ დონეზე ცინიკური და პლუს, აგდებული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას დასკვნასთან, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ახლაც იმავეს აგრძელებენ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა დააჩქაროს სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. შაიშმელაშვილის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ არცერთ პარტნიორსა და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უტოვებს სხვა ინსტრუმენტს მათზე ზემოქმედებისთვის, გარდა მძიმე ფორმით ზემოქმედებისა, რაც ამ შემთხვევაში, სანქციებია“.
„თუ „ქართული ოცნება“ არ ცვლის საკუთარი ქმედებების ლოგიკას, კობახიძის ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ისინი ამ ეტაპზე არაფერს ცვლიან, მაშინ ერთადერთი შემდგომი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ უნდა ველოდოთ, აუცილებლად გამწვავებული რეაქციები იქნება დასავლეთიდან. ეს გამოხატული იქნება სანქციებში“, - აღნიშნა შაიშმელაშვილმა.