„ლელომ“ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დახია მანდატები და შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩეველს - პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი მათი მხრიდან - როდესაც ამას აღიარებენ, მერე ვიფიქრებთ ზოგადად საუბარზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ჟურნალისტებთან „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, „რადიკალურ ოპოზიციაში კრიზისია”.
„ლელომ" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დახია მანდატები და შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩეველს. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი მათი მხრიდან - როდესაც ამას აღიარებენ, მერე ვიფიქრებთ ზოგადად საუბარზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ არც „ლელოსთან" და არც ერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიასთან, პარლამენტის ფორმატის გარდა.
კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში, საქართველოში კრიზისი არ არის. ჩვეულებრივად მიმდინარეობს ქვეყნის მართვა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს. შესაბამისად, მე ვერანაირი კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.